skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ელჩი: თარგამაძე არანაირ შავ სიაში შეყვანილი არ არის

საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომარე გივი თარგამაძე არანაირ შავ სიაში არ არის შეყვანილი.


“ბატონი თარგამაძე არანაირ აკრძალულ თუ შავ სიაში არ ირიცხება, უბრალოდ დადგა მოთხოვნა კიდევ ერთხელ გადასინჯულიყო [თარგამაძისთვის ვიზის გაცემის] საკითხი. საბოლოოდ  ჩვენ ვაცნობეთ [პარლამენტის თავმჯდომარე ნინო] ბურჯანაძეს, რომ ვიზა გაცემულია. მართალია დელეგაციის გამგზავრება დაგვიანდა, მაგრამ ორი საათის შემდეგ იყო სხვა თვითმფრინავი და ჩვენ ვაცნობეთ ქალბატონ ბურჯანაძეს, რომ თუ ბატონი თარგამაძე ვერ მოასწრებდა ვიზის საელჩოში [თბილისში] აღებას, მაშინ ჩვენ მზად ვიყავით ეს მოსკოვში გაგვეკეთებინა. იყო სხვა თვითმფრინავიც, რომელიც დღეს დილით ადრე მიფრინავდა. ასე რომ, მე ვერ ვხედავ პრობლემას, თუ რატომ არ შედგა ეს ვიზიტი. თუმცა მე ვწუხვარ, რომ იგი არ შედგა, რადგან ეს იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.   


16 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით სანკტ-პეტერბურგში დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად გამგზავრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის საელჩომ პარლამენტის თავდაცვისა და  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს, რომელიც მოსკოვის ე.წ შავ სიაში ირიცხება, ვიზის გაცემაზე უარი უთხრა.  ქართული მხარის ამ გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ რუსეთის საელჩომ 16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში თანხმობა განაცხადა ვიზის გაცემაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button