
სოხუმი აფხაზებისთვის რუსული პასპორტების გაცემის პროცესს აჩქარებს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს სისტემური ხასიათი მისცეს აფხაზეთის მოსახლეობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებისა და შესაბამისად რუსული პასპორტების გაცემის პროცესს, რომელმაც მასიური ხასიათი 2003 წლის ზაფხულიდან მიიღო.
ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს გამართოს კონსულტაციები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, რათა პასპორტების გაფორმებასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრას, იუწყება “აფსნიპრესი“ 6 ოქტომბერს.
რუსული პასპორტების გაცემის თაობაზე სპეციალური შეხვედრა გამართა დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე–პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ, რომლის თქმითაც, აფხაზეთში “სისტემატიზირებული ბაზა მათზე, ვინც [რუსული]პასპორტის მიღებაზე განაცხადი შეიტანა ან უკვე აიღო იგი, არ არსებობს“.
ლაკერბაიას თქმით, სერიოზული პრობლემა შეიქმნება დეკემბრისთვის, როცა რუსეთის საპენსიო ფონდი პენსიებს აღარ გასცემს იმ პენსიონერებზე, რომელთაც საბჭოთა პასპორტები აქვთ. “დრო ცოტაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავეხმაროთ ხალხს პასპორტების წრაფად აღებაში“, – აცხადებს ლაკერბაია.
საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად, გამარტივებული წესით მინიჭებას.