
კონფლიქტების გამო თბილისისა და მოსკოვის რეალური თუ მოჩვენებითი დაპირისპირება
თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში განლაგებულ სამშვიდობოებს გაფრთხილებას აძლევს, რაც დაკისრებული ვალდებულებების კონკრეტულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი საქართველოდან გასვლით დასრულდება. ქართული მხარის ამ განაცხადმა განსაკუთრებით დაძაბა საქართველო–რუსეთის ურთიერთობები, რაც ძირითადად სიტყვიერი ომის სახით ვლინდება. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კონფლიქტების მოგვარების საკითხი პრიორიტეტული ხდება და ოფიციალური რუსეთი პოსტ–საბჭოთა სივრცეში ამერიკის ინტერესს ღიად აღიარებს.
სამშვიდობოებზე და კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში რუსეთის ნეგატიურ როლზე ვრცლად არის საუბარი პარლამენტის დადგენილების პროექტში, რომლის მიღებასაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანო უახლოეს სხდომაზე გეგმავს.
თბილისის ამ განზრახვაზე მოსკოვის გაღიზიანებულმა რეაქციამ არ დააყოვნა. უარყოფითი პოზიციები დააფიქსირეს ასევე სოხუმმა და ცხინვალმა. დამკვირვებელთა აზრით, დადგენილების პროექტის [29 სექტემბერს] პრეზენტაციასა და მის მიღებას შორის საქართველოს ხელისუფლებამ შეგნებული პოლიტიკური პაუზა გააკეთა, რათა ის დამოკიდებულება მოესინჯა, რომელიც სამშვიდობოებზე დადგენილების მიმართ უშუალო ადრესატებმა უკვე გამოავლინეს.
3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარე 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვაში დაადანაშაულა და საქართველოს პარლამენტის გეგმას რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე “პროვოკაცია“ უწოდა.
რუსი კოლეგების ეს განცხადება 4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა, როგორც “რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ გაცხადებული პოზიციის“ საწინააღმდეგო და ეჭვქვეშ დააყენა “რუსეთის ფედერაციის მიერ კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლის ფუნქციის შემდგომი შესრულების მიზანშეწონილობა“.
“რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს ახასიათებს პიკური გამწვავება. რუსეთს საქართველოში სტატუს–კვოს შენარჩუნება აწყობს და საქართველოს მხრიდან ამ ვითარების დარღვევის ნებისმიერი მცდელობა განსაკუთრებით აღიზიანებს. მაგრამ საქართველო ვერ დახუჭავს თვალებს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პირდაპირ ანექსიაზე, სადაც რუსეთმა ფაქტიურად პირდაპირი მმართველობის ფორმები შემოიღო ინიშნებიან რა იქ მაღალ პოსტებზე რუსეთის არა აფხაზი და ოსი მოქალაქეები“, – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ვიცე– პრეზიდენტი თემურ იაკობაშვილი.
20 სექტემბერს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის დღეს გამართული აღლუმის მიმართ თავიანთი უმოქმედობით რუსმა სამშვიდობოებმა, როგორც ქართული მხარე აცხადებს, სამშვიდობო პროცესზე 1992 წლიდან დადებული ხელშეკრულებათა უმეტესობა დაარღვიეს, რომელთა შესრულების გარანტი თავად რუსეთია. ამან თბილისს სამშვიდობოების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებისაკენ უბიძგა.
ცხინვალის ინციდენტის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობები რუსეთთან, რაც საგარეო უწყებებს შორის სიტყვიერ ომში გადაიზრდა. მოსკოვისა და თბილისის ოფიციალური პირების შეხვედრებს სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად შედეგად მისი უფრო დაძაბვა მოჰყვა.
“რუსეთი ამჟამად გამოსავლის ძიებაშია. მათ [რუსებმა], როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დათმონ დანარჩენი საქართველო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ თმობენ ცხინვალსა და სოხუმს. მაგრამ ძნელი სათქმელია რამდენად წავა რუსეთი სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაზე და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საქართველოს კონფლიქტების თაობაზე“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ პოლიტიკურმა მიმოხილველმა გიორგი ხელაშვილმა.
კონფლიქტების ირგვლივ საქართველო–რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობებთან დამკვირვებლები პარალელს ავლებენ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის გადაწყვეტილებამდე არსებულ ვითარებასთან. იგივე ანალოგიას მიმართავს საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც აცხადებს, რომ სამშვიდობოებზე დადგენილება ისევე შესრულებადია, როგორც შესრულდა ბაზებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება.
“ბაზებთან დაკავშირებით ასევე იყო შთაბეჭდილება, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში დაძაბულობამ პიკს მიაღწია და მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული, მაგრამ ეს პრობლემა უცებ უმტკივნეულოდ გადაწყდა. როგორც ჩანს ამაზე უმაღლეს დონეზე მოხდა გარიგება. შესაძლოა იგივე პროცესებს აქვს ადგილი კონფლიქტებთან დაკავშირებითაც“,– აცხადებს თემურ იაკობაშვილი.
მისი ვარაუდით, “ამჯერად დღის წესრიგში კონფლიქტების მოგვარება დგას, ჯერ ალბათ სამხრეთ ოსეთში და ამაში ყველაზე დიდი როლის თამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია. მითუმეტეს, აშშ–მ ღიად განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებაში კონფლიქტების მოგვარება მისთვის პრიორიტეტულია“.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებში თანმიმდევრულობა შეიმჩნევა. “გადაწყვეტილებების მიღება რომ გააზრებულად და ზედმეტი ეიფორიის გარეშე ხდება, ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ თბილისმა სამშვიდობოების გაყვანა ეხლავე არ მოითხოვა და მათ საკმაო ვადა [ცხინვალის რეგიონში თებერვლამდე და აფხაზეთში ივლისამდე] მისცა სიტუაციის გამოსასწორებლად“, – აღნიშნავს გიორგი ხელაშვილი.
მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკა შესაძლოა ორი მიმართულებით განვითარდეს. “ერთი ის, რომ რუსეთმა თავისი “მტკიცე“ პოზიცია შეიძლება ისევე დათმოს, როგორც ეს ბაზების შემთხვევაში მოხდა; მეორე სცენარი კი შეიძლება უფრო საშიში და მსგავსი აღმოჩნდეს იმისა, რაც 2004 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მოხდა – შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის დროსაც რუსეთმა კინაღამ ჯარი შემოიყვანა“, – განაცხადა ხელაშვილმა.
“კულმინაციები და გაღიზიანებები სიმპტომატურია კონფლიქტების დარეგულირების პროცესისთვის. ალბათ სიტყვიერი ომები რაღაც ეტაპამდე გაგრძელდება და მერე რაღაც კონსტრუქციული წინადადებები წამოვა. მაგრამ ამ ვითარებაში მთავარია, რომ შეცდომები არ დაუშვას ქართულმა მხარემ, რადგან პროვოკაციების ალბათობა განსაკუთრებულად იზრდება“, – აცხადებს თემურ იაკობაშვილი.
ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებები ამჟამად არსებული ფორმატის – შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში შეწყვეტილია. ქართული მხარე აზრს ვეღარ ხედავს შსკ–ს ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელებაში, სადაც მას ოპონირებას დანარჩენი სამი – სამხრეთ ოსური, ჩრდილოეთ ოსური და რუსული მხარეები უწევენ, თუმცა უარი შსკ–ში მოლაპარაკებებზე თავდაპირველად ცხინვალმა განაცხადა. ამას გარდა კონფლიქტის ზონაში გახშირდა ინციდენტების ინტენსივობა, რომელიც დაძაბულობის კიდევ უფრო ზრდას უწყობს ხელს.
ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური მიმოხილველების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ საჭიროა, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს გონიერება და სამხედრო დაპირისპირების ანკესზე არ წამოეგოს.
“სამხედრო დაპირისპირება არცერთ მხარეს არ აწყობს, მითუმეტეს ქართულ მხარეს, რადგან გამოცდილებამ გვიჩვენა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს გაუაზრებელ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს“,– განუცხადა გიორგი ხელაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო სამხედრო თვალსაზრისით ანგარიშგასაწევი ძალა ხდება, თუმცა სამხედრო სიძლიერის დემონსტრირება და მისი გამოყენება ერთმანეთისაგან განსხვავებული კატეგორიებია.
“საქართველო ომისთვის მუდამ მზად არის და ამას არც მალავს, თუმცა კონფლიქტებთან მიმართებაში ეს არ არის პრიორიტეტული მიმართულება. პრიორიტეტია მშვიდობიანი დარეგულირება და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იდგმება“, – აცხადებს იაკობაშვილი.