ახალი ამბები

საქართველო უარს აცხადებს შსკ-ს ფორმატზე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ მოსკოვში განაცხადა, რომ ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში არსებული სამშვიდობო ფორმატი არაეფექტურია და საქართველო ახალ ფორმატს მოძებნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ისე როგორც ახალ მანდატს სამშვიდობო ოპერაციისთვის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში. 


ხაინდრავამ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ოფისში 29 სექტემბერს პრეს-კონფერენცია გამართა. ხაინდრავა, რომელიც მოსკოვში ვიზიტად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გელა ბეჟუაშვილთან ერთად იმყოფება, უკვე შეხვდა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს 28 სექტემბერს.


“ვფიქრობ, ჩვენ აღარ დავუბრუნდებით შსკ-ს ფორმატს… შესაძლოა ეს დღეს არ მოხდეს, მაგრამ [ეს მოხდეს] შესაძლოა ხვალ“, – განაცხადა ხაინდრავამ.


მან შსკ-ს ფორმატს “აბსოლუტურად უსამართლო“ უწოდა. “ჩვენს წინააღმდეგ გამოდის სამი მხარე – რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური“, – დასძინა მან.


შერეული საკონტროლო კომისია ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილეოთ ოსურ მხარეებს აერთიანებს. იგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წლის შეთანხმების შესრულების მიზნით შეიქმნა.


მოსკოვი და შესაბამისად სამხრეთ ოსეთის მხარე, აცხადებს, რომ შსკ ერთადერთი ფორმატი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის. თუმცა, ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის მხარემ დააყენა საკითხი შსკ-ს სტატუსის გაზრდის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია უფრო მეტი უფლებამოსილების ოფიციალური პირებით უნდა დაკომპლექტდეს. 


მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში ეუთოც ჩართულია, თუმცა მისი “როლი მინიმალურია“. ცხინვალის ოფისის და თავისი დამკვირვებლების საშუალებით ეუთო აგროვებს ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის თაობაზე, ასევე აკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ეუთომ, ისევე როგორც ევროკავშირმა უფრო გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ სამშვიდობო პროცესში.


მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად დღის წესრიგში დგას სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესში აშშ-ს მონაწილეობის საკითხი და “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება“.


ხაინდრავამ ასევე გააკრიტიკა კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო ფორმატი. კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალები სამი ბატალიონისგან შედგება: თითო-თითო ბატალიონი ქართველი და რუსი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. მესამე ასევე რუსეთის მოქალაქეებითაა დაკომპექტებული, ოღონდ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან.


ხაინდრავას თქმით, ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონი არ უნდა იყოს წარმოდგენილი სამშვიდობო ოპერაციებში.


მისი თქმით, თბილისში ასევე განიხილება სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის საკითხი, თუმცა რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან შესაძლო გაყვანაზე საუბარი “ჯერ ძალიან ადრეა“. 

Back to top button