skip to content
ახალი ამბები

ბექაურის ბიზნეს ინტერესებს საპარლამენტო კომისია გამოიძიებს

მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დეპუტატ კობა ბექაურს, თუმცა შეთანხმდნენ სპეციალური საპარლამანეტო კომისიის შექმნაზე, რომელიც ბექაურის წინააღმდეგ გამოთქმულ იმ ბრალდებებს გამოიძიებს, რომლებიც ტელეკომპანია “202“-ის მიერ 13 სექტემბერს გაშვებულ საგამოძიებო ფილმშია გაჟღერებული. გადაწყვეტილება კომისიის შექმნის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.


სტუდია “რეპორტიორის“ მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟი ბექაურს საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ აქციების უკანონო შესყიდვაში ამხელს.


“ბექაურს უკანონო არაფერი გაუკეთებია“, განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ ჟურნალისტებს. დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ასევე დაუჭირა მხარი ბექაურს.


14 სექტემბერს დეპუტატმა ბექაურმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ იგი გადადგება “ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, რათა არ გამოიწვიოს ეჭვები მის მიერ კომისიის გამოძიებაზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე.


ბექაურმა ასევე განაცხადა პრეს-კონფერენციაზე, რომ იგი ტელეკომპანია “202“-ის  ადლიერია იმის გამო, რომ ეს ფილმი გაუშვა, “რადგანაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩემს წინააღმდეგ კომპრომატები არ არსებობს“. მან ჟურნალისტურ გამოძიებას “ყალბი“ უწოდა.


“მზად ვარ ვითანამშრომლო საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც ტერმინალ “ოპიზასთან“ დაკავშირებულ ყველა საკითხს გამოიძიებს“, – განაცხადა ბექაურმა.


სიუჟეტის თანახმად, დეპუტატი კობა ბექაურის კაპიტალი 294,000 ლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც იგი ერთი წლის წინ პარლამენტარი გახდა. ინტერვიუში, რომელიც ამ ფილმის ნაწილია, კობა ბექაური აღიარებს, რომ მან ისრაელში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან 150 000 აშშ დოლარის ოდენობის უპროცენტო სესხი აიღო. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი, უპროცენტო სესხი საჩუქართანაა გათანაბრებული. კანონში წერია, რომ თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვს მიიღოს საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრის საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას – 150,000 აშშ დოლარი კი ბევრად აღემატება ამ თანხას.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 14 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპარლამენტო კომისია, რომელიც “ოპიზას“ საქმეს გამოიძიებს, დაკომპლექტდება როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისგან. მან დასძინა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომისიაში უმრავლესობა უნდა შეადგინონ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button