
მინძაევი: ოსური მხრიდან საგამოძიებო ჯგუფი შექმნილია
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის განცხადებით, ბოლო დროს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტების გამოძიების მიზნით ოსურმა მხარემ უკვე შექმნა საგამოძიებო ჯგუფი ხუთი კაცის შემადგენლობით.
“ჯგუფს (დე ფაქტო) შს მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს და ჯგუფი მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს მუშაობა, თუმცა მზად არ არის ქართული საგამოძიებო ჯგუფი“, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი 30 ივნისს მინძაევის სიტყვებზე დაყრდნობით.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უწყების შიდა პოლიტიკის საკითხების განყოფილების უფროსის კონსტანტინე ახობაძის ინფორმაციით, ქართული საგამოძიებო ჯგუფი არსებობს, თუმცა მისი შემადგენლობა არ კონკრეტდება.
“ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ კონსტანტინე ახობაძემ.
საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.
ერთობლივ ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის შექმნას 22-23 ივნისს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე ქართული, ოსური, რუსული, ჩრდილოეთ ოსური მხარეების შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმოამდგენელების მიერ ხელმოწერილი ოქმი ითვალისწინებს, რომლის მიზანია 29 მაისს თამარაშენთან შეიარაღებული დაპირისპირებისა და 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველის გაუჩინარების ინციდენტების ერთობლივი გამოძიება. ოქმის მიხედვით ჯგუფი 25 ივნისამდე უნდა შექმნილიყო.