ახალი ამბები

ოპოზიცია “ეგზით პოლის” შედეგებში ლიდერობს

“ეგზით პოლის” შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტიები ხმების უმრავლესობას მოიპოვებენ ახალ 235-ადგილიან პარლამენტში.

აშშ-ის სოციოლოგიური კვლევების კომპანიის “გლობალური სტრატეგიის ჯგუფის” მიერ ჩატარებული “ეგზით პოლების” შეგედების თანახმად, პრეზიდენტ შევარდნაძის რადიკალურმა ოპოზიციამ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების 20,8% მოიპოვა, 7%-ით მეტი ვიდრე სახელისუფლებო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის”.

“ეგზით პოლების” შედეგების თანახმად, ნაციონალურ მოძრაობასა და სახელისუფლებო ბლოკთან ერთად, ლეიბორისტულმა პარტიამ (12,8%) და ბურჯანაძე-დემოკრატებმა (7,6%) გადალახეს 7%-იანი ბარიერი, რაც საჭიროა პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადება ჯერ კიდევ წინ არის. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 3 ნოემბერს დილის 4 საათზე დაიწყო.

სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ “ეგზით პოლის” შედეგებს და იმედოვნებენ, რომ ოფიციალური შედეგები მათთვის უფრო წარმატებული იქნება. “ჯერ კიდევ ადრეა არჩევნების შედეგების კომენტირება. მოდით დაველოდოთ, რა მოხდება ხვალ”, – განაცხადა სახელისუფლებო ბლოკის წევრმა თამაზ გიორგაძემ 2 ნოემბერს.

დამკვირვებელთა თქმით, ოფიციალური შედეგები, შესაძლოა, სავსებით განსხვავდებოდეს “ეგზით პოლის” შედეგებისგან. “სახელისუფლებო ბლოკის მუქარა “მოდით ვნახოთ რა მოხდება ხვალ” მაფიქრებინებს, რომ ოფიციალური შედეგები სავსებით განსხავებული იქნება”, – განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა გია ნოდიამ.

პრეზიდენტმა შევერდნაძემ 2 ნოემბერს ხმის მიცემის დროს განაცხადა, რომ “სახელისუფლებო ბლოკს გამარჯების კარგი შანსები აქვს”.

პარლამენტის თავჯდომარემ და “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ “აშკარაა, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განსხვავებულ საქართველოში ვიცხოვრებთ”.

“მე მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ ჩვენი ხმების დასაცავად. მოვუწოდებ ოპოზიციას შექმნას კოალიცია პარლამენტში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.

“ეგზით პოლების” შედეგების კომენტირებისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ბლოკის შედეგების მიმართ არჩევნებში”.

ქაოსური საპარლამენტო არჩევნები

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები გასულ წლებში ჩატარებული არჩევნებისგან მოსახლეობის განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა. სხვა მხრივ, ისეთივე დარღვევები ფიქსირდებოდა, რომლებიც საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების ახალი ფორმებიც მრავლად წარმოჩინდა.

ძირითადი დარღვევა ამომრჩეველთა არაზუსტი სიები იყო. თბილისში ისევე, როგორც საქართველოს მთელი რიგი რაიონებისა და სოფლების საარჩევნო უბნებში, მოსახლეობას რიგში დგომა უწევდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. თუმცა, უმრავლესობამ ამის გაკეთება არჩევნების წინა დღეს გადამოწმებულ საარჩევნო სიებში საკუთარი სახელისა და გვარის არარსებობის გამო ვერ შეძლო. 

“ძალიან გვინდოდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ იმის გამო, რომ სიაში არ ვარ, ვერ შევძელი ჩემი პოზიციის დაფიქსირება. რაც შეეხება თავის აღდგენას, ამის დრო ნამდვილად არ მაქვს, ვიცი რომ ცუდად ვიქცევი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიას” საუბრისას თბილისელმა ამომრჩეველმა ციური თოფურიძემ.

ვითარების გამოსწორების მიზნით დღის პირველ ნახევარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს მოუწოდებდა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც პირველ სიაში იქნებოდა დაფიქსირებული, მისი მონაცემები ხელით მიეწერათ ხელნაწერ საბოლოო სიაში, რათა ამომრჩეველს შეეძლებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. “ეს არ იქნება დარღვევა, ეს იქნება შეცდომის გამოსწორება”, – აცხადებდა ნანა დევდარიანი.

მოგვიანებით, ცსკო-ში სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელთა მოთხოვნის შემდეგ ნანა დევდარიანმა საკუთარი პოზიცია შეცვალა და საარჩევნო სიებში იმ ამომრჩეველთა შეყვანაზე უარი განაცხადა, ვინც ხელით ნაწერ სიებში არ იყვნენ მოთავსებული.

სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლების განცხადებით, თავიდანვე სიებში გამოტოვებული ამომრჩევლების ჩამატება გაუმართლებელი იყო და მათ მიერ ეს შეფასებული იქნა როგორც დამატებითი სიების შექმნის მცდელობა, რაც ახალი საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული არ არის.

ამას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი განკარგულება მოჰყვა, რომლის მიხედვით, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ, შეეძლოთ საოლქო კომისიაში მისვლა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადმოგზავნილი საპასპორტო მონაცემების მიხედვით, თავიანთი მონაცემების გადამოწმება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საიდანაც ცნობას წარადგენდნენ საუბნო კომისიაში სიაში აღდგენის მიზნით.

ამ განკარგულებას ცსკო-ს თავმჯდომარემ 2 ნოემბერს 16 საათისთვის მოაწერა ხელი. ნანა დევდარიანის ეს გადაწყვეტილება ცსკო-ს იმ წევრებმა გააპროტესტეს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. მათი განცხადებით, მართალია, საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა არ არის შეყვანილი, მაგრამ მათი საერთო რაოდენობა მიზერულია და ამ მიზნით განკარგულების გამოცემა უსაფუძვლო იყო.  

ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ოპოზიციური პარტიების: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერები მოსახლეობას აქტიურობისკენ და საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდებდნენ, ცსკო-ს კი ხმის მიცემის ვადის გადაწევისკენ.

“ათასობით ადამიანი ახლაც დგას საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად. ცსკო ვალდებულია ამომრჩეველს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და დაიცვას მათი ხმები. ასევე მოვითხოვთ გამარტივდეს სიებში არმოხვედრილი ამომრჩევლისთვის თავის აღდგენის პროცედურა, რათა მათ არ მოუწიოთ უბნიდან ოლქებში სიარული”, – განაცხადა საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე – დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

“ყველას მოგიწოდებთ, ვინც ვერ მისცა ხმა, რათა კიდევ არ გაგვიხდეს შემდეგი ოთხი წელი სანანებლად, მიდით ხელახლა საარჩევნო უბანზე და გამოხატეთ თქვენი ნება. კანცელარიიდან მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება უბნების დარბევა ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან მათ ამ არჩევნებში ძალიან დაბალი პროცენტი მიიღეს. ჩვენ გვაქვს შანსი ამ მთავრობის შეცვლის და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები”, – განაცხადა ასევე დღის მეორე ნახევარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც საარჩევნო უბანზე თვითონაც სამჯერ მოუწია მისვლა იმის გამო, რომ სიაში არ იყო შეყვანილი.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი ოპოზიციური პარტიები გამონახავენ საერთო ენას, რათა შემდგომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება და ზედმეტი ბიულეტენების გამოყენება.

შეიძლება ითქვას, რომ ცსკო-მ გაითვალისწინა ზურაბ ჟვანიას მოთხოვნა და 19:30 საათზე ხმის მიცემის ვადა თბილისში ერთი საათით, ქუთაისში კი 24 საათამდე გადადო. ამ გადაწყვეტილების მიღება საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნამ და ამომრჩეველთა სიების უზუსტობამ გამოიწვია, რის გამოც მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ვერ მოასწრო სიებში თავის აღდგენა და ხმის მიცემა.

დღის მეორე ნახევარში შესაძლო სამოქალაქო დესტაბილიზაციისა და სამართალდამცავების მიერ მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ საგანგებო ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, დღეს გამთენიისას, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამართალდამცავებმა მცხეთასთან ტყვია-წამლისა და ასაფეთქებელი მასალების საცავი აღმოაჩინეს.

“არსებობდა ინფორმაცია, რომ მსუბუქი აღჭურვილობით იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დანაღმვა. ასევე ხელყუმბარის შეგდება ხალხმრავალ ადგილზე საარჩევნო უბანში, რაც სამოქალაქო დესტაბილიზაციას გამოიწვევდა”, – განაცხადა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ვალერი ხაბურძანიამ.

მისი ინფორმაციით, ამ ქმედებაში ეჭვმიტანილია ყოფილი მებრძოლების ერთ-ერთი დანაყოფი, რაც უშიშროების სამინისტროსთვის უკვე ცნობილია, თუმცა მათი ვინაობის შესახებ მინისტრი ინფორმაციას არ ავრცელებს.

ამას დაემატა შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის მიერ დღესვე გაკეთებული განცხადება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების მხარდამჭერების მხრიდან თბილისსა და ზოგიერთ რაიონში საარჩევნო უბნებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ.

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ ყველანაირ ძალას ვფლობთ იმისათვის, რომ სიტუაცია ვაკონტროლოთ. მოუწოდებთ მათ, რომ არ გადადგა ეს ნაბიჯი. ისეთ შემთხვევაში, როცა არსებობს საშიშროება საარჩევნო უბანზე თავდასხმის, ჩვენ ვიტოვებთ კანონით მინიჭებულ წესრიგის დაცვის უფლებას და არ დავუშვებთ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას”, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე კობა ნარჩემაშვილმა, რომელმაც ასევე არ დააკონკრეტა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მას ჰყავდა მხედველობაში.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ მიერ უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის ის, რომ საარჩევნო უბნები დაგვიანებით გაიხსნა, ზოგან არ იყო საარჩევნო სიები, ზოგან კი ბიულეტენები არ იყო თავის დროზე მიტანილი. დაფიქსირდა საარჩევნო ყუთების გატაცების, დამსხვრევის ფაქტები, პოლიციელების აქტიურობა საარჩევნო უბნებზე, ე.წ. “კარუსელები”, როდესაც ერთი და იგივე ამომრჩეველი სხვადასხვა უბანზე რამდენჯერმე აძლევს ხმას. 

არჩევნების პერიოდში სიტუაცია დაძაბული იყო რუსთავში, ქუთაისში, მცხეთაში და სხვა რამოდენიმე რაიონში. რუსთავსა და მცხეთაში მოხდა სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზება.

არჩევნების დასრულების შემდეგ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნებს არაორგანიზებულად ჩატარებულად მიიჩნევენ და მთავარ დარღვევად ამომრჩეველთა არასწორ სიებს ასახელებდნენ.

“ამომრჩეველს არ მიეცა ხმის მიცემის უფლება, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა. ეს იყო ბრძოლა ამომრჩევლის მხრიდან ხმის მიცემისთვის და ბრძოლა ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლების წინააღმდეგ ხმის უფლების წართმევისათვის”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა კობა დავითაშვილმა.

“ასეთი მძიმე და მოუწესრიგებელი არჩევნები მე არ მინახავს, არაორგანიზებულობას ემატება თავხედური ქმედება ხელისუფლების მხრიდან”, – აცხადებდა “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე.

თავად სახელისუფლებო ბლოკი კი საარჩევნო უბნების დახურვამდე გამარჯვებაში უკვე დარწმუნებული იყო და უბნებზე მომხდარ დარღვევებში ოპოზიციას ადანაშაულებდა.

“ჩემი მონაცემებით, სახელისუფლებო ბლოკმა წარმატებას მიაღწია და პირველ ადგილზე გავიდა. მეორეზე ნაციონალები, ასევე 7%-იანი ბარიერი “ბურჯანაძე-დემოკრატებმაც” გადალახეს”, – აცხადებდა ჯერ კიდევ 20 საათზე სახელისუფლებო ბლოკის წევრი ვახტანგ რჩეულიშვილი, როცა არჩევნების შედეგების შესახებ წინასწარი მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც არ არსებობდა.

თეა გულარიძე, გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button