ახალი ამბები

პანკისში უსაფრთხოება სოციალურ პრობლემებს ჩრდილავს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პანკისის პრობლემის გადასაწყვეტად სერიოზული ღონისძიებების გატარებას ცდილობენ. ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციასთან ერთად, ხელისუფალნი იქ მცხოვრებთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვასაც აპირებენ.

2 სექტემბერს პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის მესამე ეტაპი დაიწყო. შინაგან საქმეთა მინიტრის კობა ნარჩემაშვილის თქმით, 23 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს სხვადასხვა დანაშაულებებში ეჭვმიტანილი 5 პიროვნება, მათ შორის ერთი არაბი, რომელსაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი.

პანკისის ოპერაცია გარდაუვალი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ზეწონა საქართველოზე დღითიდღე იზრდებოდა და ამის მიზეზი ხეობაში არსებული ვითარება იყო. მიუხედავად პანკისში დაწყებული ღონისძიებებისა, რუსეთის სახელისუფლებო წრეები მაინც უკაყოფილონი არიან და ამბობენ, რომ ქართველი სამართალდამცველები სულაც არ აპირებენ ჩეჩენი “ტერორისტების” დაკავებას.

“იმედი მაქვს, რომ ოპერაცია არ არის მხოლოდ ნიღაბი და ის რეალურად გამოხატავს საქართველოს სურვილს მის ტერიტორიაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა”, განაცხადა 28 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის მხრიდან ქართული ოპერაციის კრიტიკას და ქილიკს პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2 სექტემბერს გამართულ ტრადიციულ რადიოინტერვიუში შემდეგნაირად უპასუხა. “რუსეთის ზოგიერთ რეაქციულ ძალას სურდა, საქართველოში კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩენილიყო, მაგრამ მათ ჩანაფიქრს ჩვენ აღსრულების ნება არ მივეცით”. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ მიიღო სრულიად მართებული გადაწყვეტილება, როდესაც პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარები განალაგა, რითაც რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა. პრეზიდენტის რწმენით, ოპერაცია წარმატებულია.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქართველი ექსპერტებიც იწონებენ. “პირველ რიგში, (პანკისში არსებულმა ვითარებამ) ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები შეუქმნა. ამასთან ერთად მოსახლეობის უკმაყოფილებაც იზრდებოდა”, ამბობს საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. “გარდა ამისა, საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლამაც იმატა. არც რუსეთის ზეწოლას დავაყენებდი უკანა პლანზე. ამავე დროს დაიწყო ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაც”, დასძინა რონდელმა.

“საქართველოს ხელისუფლების წინაშე ორი ამოცანა იდგა: სისხლი არ დაღვრილიყო, არ მომხდარიყო ეთნოსების ერთმანეთზე გადაკიდება და ხეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეკონტროლებინა. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების მოქმედება ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ იარაღით შევარდნა და სროლის ატეხვა”, მიიჩნევს მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებას მოწონებით შეხვდა საქართველოში ჩეჩნების დიასპორის პრეზიდენტი ხიზრი ალდამოვი. “ის, რომ რუსები არ მონაწილეობენ ამ ოპერაციაში, სავსებით მისაღები და მოსაწონია ჩეჩნური მხარისათვის”.

შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მიერ უშუალოდ გატარებული ღონისძიების პარალელურად პანკისის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე – ფიჩხოვანში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნები ტარდება. რამდენიმე დღეში თავდაცვის სამინისტრომ ანალოგიური წვრთნების ჩატარება ხევსურეთშიც დაიწყო, რითაც, ფაქტობრივად, რუსეთ-საქრთველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე კონტროლი გაზარდა.

თუმცა, პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება და რეგიონში ქართველი სამართალდამცველების შესვლა იქ არსებული პრობლემების მხოლოდ ნაწილს გადაჭრის. ხეობის მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს. ექსპერტთა თქმით, სწორედ ეს უბიძგეს იქაურ ახალგაზრდებს ნარკობისზნესში ჩაერთონ.

მამუკა არეშიძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან სპეციალური თათბირი გაიმართა რეგიონის სოციალური ფონის გაუმჯობესების თაობაზე, დაგეგმილია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში  სპეციალური ლიმიტების გამოყოფაც. მუშავდება რამდენიმე ეკონომიკური პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ლტოლვილების დასაქმებას ისახავს მიზნად.
 
ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, ამჟამად, ხეობაში რამდენიმე სკოლა მოქმედებს, სადაც ქართულ და რუსულენოვან სექტორებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩეჩენი ლტოვლილებიც სწავლობენ.

სანამ პანკისის ხეობაში კრიმინალური ვითარება არ გამოსწორდება, ნაკლებად საარაუდოა, რომ მანამადე ხელისუფლებამ სერიოზული ნაბიჯები გადადგას სოციალური პრობლემების დასაძლევად. მართალია, ხელისუფლება გამოხატავს სოციალური პრობლემებით დაინტერესებას, თუმცა მამუკა არეშიძე შიშობს, რომ ხელისუფლება, ამ მხრივ, შესაძლოა, არათანმიმდევრული იყოს.

Back to top button