
PACE-ს თანამომხსენებლები: „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის დევნა „დიქტატურას“ გამოიწვევს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, გააუქმოს სადავო კანონმდებლობა და შეწყვიტოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა, ვინაიდან ასეთი ქმედებები „ფაქტობრივად დიქტატურას დაამყარებს საქართველოში“.
PACE-ს 19 ნოემბრის განცხადებას წინ უძღოდა თანამომხსენებლების 10-12 ნოემბრის ვიზიტი საქართველოში.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე განაცხადა თავის ბოლო რეზოლუციაში საქართველოს შესახებ“, – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, საქართველოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, გრანტების შესახებ კანონი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მოქმედი კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან და, როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი უნდა გაუქმდეს“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანამომხსენებლებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვეს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ვინაიდან მათ „შესაძლოა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის შეთხზული ბრალდებებით ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ“.
„ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რაც ფაქტობრივად დიქტატურას დაამყარებს საქართველოში“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
This post is also available in: English