
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელს სტუმრობს
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 17-18 ნოემბერს ისრაელს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში იგი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს შეხვდა, სადაც „მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს.
„მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების პრესრელიზში. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხებზე“.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე გამართა შეხვედრები სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრთან ავი დიხტერთან და იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილე III-სთან.
This post is also available in: English