ახალი ამბები

ყვარელში ძალადობის საქმეზე სამი პირი დააკავეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ორი ადგილობრივი თანამდებობის პირი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ყვარელში სამი პირი დააკავა, მათ შორის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი, მისი ძმა ნიკა ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებების შესახებ ინფორმაცია 11 ნოემბერს გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ  მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში,  ყოფით საკითხზე დაწყებული  კონფლიქტისას,  ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა  – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს  ჯერ სიტყვიერად,   შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ,  და „ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა“. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია „პირველმა“ ინციდენტის შესახებ 10 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია. ტელეკომპანიის თქმით, ინციდენტი 8 ნოემბერს, „ილიაობის“ შემდეგ მოხდა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

გივი ზაუტაშვილი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარედ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად აირჩიეს. იმავდროულად, მერის არჩევნებში ილია მზექალაშვილმა გაიმარჯვა. მას კონკურენტი არ ყოლია, რადგან არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ყვარელში კანდიდატი ვერ წარადგინეს.

This post is also available in: English

Back to top button