ახალი ამბები

სუსი: სატვირთო მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის შემდეგ ორი უკრაინელია დაკავებული

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანაში 2.4 კილოგრამი ჰექსოგენი – ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება – აღმოაჩინეს. მანქანა ქვეყანაში თურქეთიდან სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ Mercedes-Benz-ის მარკის სატვირთო მანქანა უკრაინული სანომრე ნიშნებით 10 სექტემბერს შემოვიდა საქართველოში, უკრაინიდან რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით. მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებები მანქანის სამალავებში იყო მოთავსებული. გამოძიებით დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას. ასევე დაკავებულია უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მიაკითხა მძღოლს და გამოართვა, სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია 8 ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ მან ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტი“ აღკვეთა და განაცხადა, რომ თავდასხმა უკრაინამ დაგეგმა, რისთვისაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შევიდა.

This post is also available in: English

Back to top button