
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, თავისუფლებების პატივისცემისა და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ის მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეამციროს პოლიტიკური დაძაბულობა, აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიის მიმართ დიალოგის გზით, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან და დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას.
3 ივლისს მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ. მან ასევე დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შეწყვიტოს სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე მათი საქართველოდან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები.
რეზოლუცია მკაცრად გმობს „ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“ და აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დევნით.
ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის ზრდასთან და რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გამყარებასთან დაკავშირებით და ამ მოვლენებს „სრულიად მიუღებელი“ და ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზანთან შეუსაბამო უწოდა.
This post is also available in: English