
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა შსს-ს სანქცირებული თანამდებობის პირები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 30 იანვარს „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ პოლიციის მაღალჩინოსნები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულთაგან ბევრი ამჟამად დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება, მათ შორისაა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაესწრნენ. დაჯილდოვებულ თანამდებობის პირებს შორის არიან:
• შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი შალვა ბედოიძე;
• შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი იოსებ ჭელიძე;
• შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, პოლიციის პოლკოვნიკები გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე;
• შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ზვიად ხარაზიშვილი;
• შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი;
• შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ვაჟა სირაძე;
• შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე;
• შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, პოლიციის პოლკოვნიკები მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცერემონიას X-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „დღეს მარიონეტმა პრეზიდენტმა დააჯილდოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სანქცირებული ფიგურები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებელნი“.
დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ჩეხეთმა სანქციები დაუწესა შსს-ს სამ მაღალჩინოსანს – კეზევაძეს, სირაძესა და ხარაზიშვილს.
ჩეხეთამდე, შსს-ს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ. აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციები ასევე დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ხარაზიშვილსა და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები 2024 წლის სექტემბერში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა. OFAC-მა 2024 წლის დეკემბერში სანქციების სია გააფართოვა და მასში ვახანგ გომელუარი და მირზა კეზევაძე შეიყვანა, ამის მიზეზად კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ მომიტინგეების მიმართ მკაცრი ტაქტიკის გამოყენება, მათ შორის „მასობრივი ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და სექსუალური ძალადობის მუქარა“ დაასახელა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)