
მეცნიერი თეა გოდოლაძე საქართველოს ტოვებს და მიზეზად პოლიტიკურ დევნას ასახელებს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ 26 იანვარს საქართველო დატოვა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. გოდოლაძე დიდი ხანია ღიად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების საკითხებში. ქვეყნიდან წასვლის მიზეზად მან დაპატიმრების შიში და პოლიტიკური დევნა დაასახელა.
გოდოლაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნამახვანჰესის პროექტს და ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ დიდი კაშხლის მშენებლობა მნიშვნელოვან საფრხეს შეუქმნიდა არა მხოლოდ რიონის ხეობისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, არამედ ქალაქ ქუთაისსაც. იგი მწვავედ აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვაშლიჯვრის მეწყერის, ასევე ითხვისის სტიქიისა და რიკოთის საავტომობილო გზაზე მეწყრის არასათანადო მართვის გამო.
გოდოლაძეს პროკურატურამ ბრალი 2023 წლის ივლისში სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით წაუყენა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. პროკურატურას საჩივრით მისმა ყოფილმა პარტნიორმა და გერმა მიმართეს, ეს უკანასკნელი არასრულწლოვანია. საჩივარი 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი მეწყერის ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე შეიტანეს.
საგულისხმოა, რომ ინსტიტუტმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, გამოაქვეყნა კრიტიკული დასკვნა შოვის მეწყერთან დაკავშირებით. სეისმურ პირობებსა და მყინვარზე არსებულ ვითარებაზე დაკვირვების შედეგად, ცენტრმა დაადგინა, რომ წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა, შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება და ტერიტორიაზე ევაკუაციის განხორციელება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გოდალაძე მისი პოზიციების გამო გააკრიტიკეს. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა თეა გოდოლაძე შოვის მეწყრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, ის საბოტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა: „გვყავს ერთი, ორი, გეოლოგია ან ვინ არის პროფესიით, არ ვიცი, ვინც ამ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა, განსაკუთრებით ერთი ქალბატონი [თეა გოდოლაძე]. გვყავს ერთი ორი ასეთი ადამიანი, რომელიც კრიზისის დროს პანიკას ტეხს, აბსოლუტური ტყუილით… აბსოლუტური ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა თან რა დროს, კრიზისის დროს და ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი და ზურგში დანის ჩარტყმა ქვეყნისთვის“.
ინტერვიუ „მთის ამბებთან“
„მთის ამბებთან“ ინტერვიუში, რომელიც მის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიწერა, გოდოლაძემ დეტალურად ისაუბრა მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე. მისი თქმით, მის საქმეზე არსებითი განხილვა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გოდოლაძის ყოფილი პარტნიორის მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ საქმის შემობრუნება, რადგან მას ბრალად ედებოდა არასრულწლოვან გერზე ძალადობა.
გოდოლაძემ გაიხსენა, რომ მისი პარტნიორი პოლიციამ ფაქტზე დაიჭირა და ბრალი წაუყენა, ხოლო სასამართლოს როგორც პირველმა, ისე მეორე ინსტანციებმა დაადგინეს, რომ მართალია მასზე ფიზიკური ძალადობის აქტი აშკარა იყო, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.
გოდოლაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი მისი დისკრედიტაციის მიზნით გაკეთდა და ეს უკავშირდება მის კავშირებს სამეცნიერო გუნდთან შეერთებულ შტატებში, ასევე პროექტებს, რომლებსაც ის ამერიკული დახმარებით ახორციელებდა.
გოდოლაძემ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ მას ბრალი პროკურატურამ მაშინ წაუყენა, როდესაც იგი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის რანგში უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს მასპინძლობდა 2023 წლის ივლისში, უკრაინაში აფეთქებების იდენტიფიცირების სეისმური მეთოდების შემუშავების მიზნით.
გოდოლაძის ცენტრიდან ჩამოშორების მცდელობები
გოდოლაძემ მისი თანამდებობიდან ჩამოშორების რამდენიმე მცდელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მიმართა სეისმური მონიტორინგის ცენტრის უნივერსიტეტის დაქვემდებარებიდან სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადაყვანის თხოვნით. გოდოლაძემ ამ ნაბიჯს მის წინააღმდეგ „აგრესიული“ თავდასხმა უწოდა, თუმცა ივარაუდა, რომ ხელისუფლების ქმედებები „ამერიკულმა მოტივმა“ შეაკავა.მისი თქმით, იგი ხელმძღვანელობდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის სეისმური მონიტორინგის განვითარების პროექტს, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
2008 წლის აგვისტოს ომი
გოდოლაძემ ასევე ხაზი გაუსვა სეისმური მონიტორინგის ცენტრის მნიშვნელობას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში. მან გაიხსენა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს რუსეთთან სამართლებრივი დავის დროს, იუსტიციის სამინისტრომ ძირითად მტკიცებულებად წარმოადგინა სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი აფეთქებების დრო და ადგილი. მისი თქმით, საქმეს არა მხოლოდ ძლიერი მტკიცებულებები ჰქონდა, არამედ საქართველოს სასარგებლოდაც დასრულდა.
ცენტრის ფინანსური პრობლემები
გოდოლაძემ ხაზი გაუსვა ცენტრის ფინანსურ პრობლემებს 2019 წლის შემდეგ. მან განმარტა, რომ განათლების სამინისტრომ ცენტრში გაგზავნა წარმომადგენელი, რომელმაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მასალებში შესწორებები შეიტანა და მიუთითა მას, რა დაეწერა და რა არა. მართალია გოდოლაძემ თავი შეიკავა ამ პიროვნების დასახელებისგან, მან პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში მის ვინაობას გაამხელს.
მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიუხედავად, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებას მხარი უნდა დაეჭირა აშშ-ის მიერ თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებისთვის, ცენტრის ბიუჯეტი სახელმწიფომ 2019 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირა. გოდოლაძის თქმით, რომ არა ამერიკელები, ცენტრი ვერ იმუშავებდა.
„უკვე რეალური საფრთხეა იმისა, რომ ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანაში ვეღარ დავბრუნდე. მიფიქრია იმაზე, რომ დავრჩე და ბოლომდე თავი შევაკლა, ჩავჯდე ციხეში, მაგრამ ჩემი ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს ვერ შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ“, – დასძინა გოდოლაძემ ინტერვიუში.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/08/2024 – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი: ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილებას დაეხმარებოდა
- 02/02/2024 – ნატა ფერაძეს სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმის გამო ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა
- 23/08/2023 – თეა გოდოლაძე ხელისუფლებას მისი დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)