skip to content
ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის ელჩი სანქციების, დემოკრატიისა და საქართველოს ეკონომიკური მომავლის შესახებ

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა 23 იანვარს Vodafone Group-ის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია გაახმოვანა.  მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა წინასწარ ესაუბრა სამომავლო სანქციებზე, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიმდინარე ზომები საქართველოში ძირითადი თავისუფლებების დაცვის მხარდაჭერისკენაა მიმართული.

„მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში დაცული იყოს პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის სანქციების მიზანი“, – განაცხადა მან. უორდმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას „შეაჩეროს პროგრამების დაფინანსება და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და შეზღუდოს თავდაცვისა და პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან“, სანამ დემოკრატიული უკუსვლა არ მოგვარდება. „ეს არის ის, რაც ჩვენ დეკემბერში განვაცხადეთ და ეს რჩება ჩვენ პოზიციად”, – აღნიშნა ელჩმა.

მიუხედავად ამ ზომებისა, ელჩმა უირდმა განაცხადა, რომ British Airways და EasyJet მარტიდან დაიწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონსა და თბილისს შორის და დასძინა, რომ დიდ ბრიტანეთს სურს საქართველოს ეკონომიკის წარმატება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს.

ელჩმა დადებითად შეაფასა სამოქალაქო საზოგადოების როლი საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ხელშეწყობის საქმეში და დაადასტურა, რომ მართალია გაერთიანებული სამეფო შეზღუდავს კონტაქტებს „ქართული ოცნების“ მთავრობასთან, ის გააგრძელებს ეკონომიკურ დახმარებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებით, ვინაიდან „მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია“.

ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა ჯეიმს მაკლირიმ პარლამენტს შუამდგომლობით მიმართა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე მისი პასუხისმგებლობის გამო, სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. შუამდგომლობას 13 დეპუტატმა მოაწერა ხელი. იმავდროულად, დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაუწესა სანქციები, მათ შორის აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა, ხუთ მაღალჩინოსანს მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატურ დარბევაში მონაწილეობისთვის. სანქცირებულ ოფიციალურ პირებს შორის სხვებთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიცაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button