
საქართველოს შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს შიდა და საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ 20 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში არის მყარი საფუძველი საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირი თავად ხაზს უსვამს, რომ მისი მანდატი არ ითვალისწინებს არჩევნების აღიარებას, არამედ მხოლოდ საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველი და მიუკერძოებელი შეფასებით შემოიფარგლება, მმართველმა პარტიამ ანგარიში თავისი ლეგიტიმურობის დასადასტურებლად გამოიყენა და განაცხადა, რომ მასში არჩევნები შეფასებულია როგორც „თავისუფალი და სამართლიანი“.
„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ შიდა და საერთაშორისო გამოხმაურებებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე:
შიდა გამოხმაურებები
„ქართული ოცნება“ მიესალმა ეუთო/ოდირის ანგარიშს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მას გამოქვეყნებისთანავე ბრიფინგი მიუძღვნა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს საქართველოში არჩევნების „სათანადოდ შეფასებისთვის“ ოპონენტების „თავდასხმების მიუხედავად“ და განაცხადა, რომ ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები იყო „თავისუფალი და კონკურენტული“.
„გარკვეული ხარვეზები იქნა იდენტიფიცირებული საჭიროების განხილვის პროცესში, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქნა განხილული პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მედიაში. ეს არის ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენც გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია. მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ასევე მიუძღვნა ბრიფინგი ანგარიშს და ის 2024 წლის აშშ-ში ჩატარებული არჩევნების თაობაზე ეუთოს/ოდირის შეფასებას შეადარა, რათა ეჩვენებინა „რამდენად მძიმეა აშშ-თან დაკავშირებით მათი ცალკეული შეფასებები“.
რაც შეეხება ქართულ არჩევნებს პაპუაშვილმა განაცხადა: „ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ. ასევე, დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან ქართული დემოკრატიის მისამართით და აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის ნება, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური გზით – არჩევნების საშუალებით – გამოიხატა“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ასევე მიესალმა ეუთო/ოდირის ანგარიშს და განაცხადა: „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კითხვები და სპეკულაციები, რაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან იყო გახმოვანებული, არცერთი მათგანი, პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო/ოდირის დასკვნაში“.
იმავდროულად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაშინვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში უარყოფითად აფასებდა არჩევნებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მოწოდება კონკრეტული ქმედებისკენ ნიშნავს ახალ არჩევნებს. „ეს არის დემოკრატიული გამოსავალი იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც ამ არჩევნებმა საქართველო ჩააგდო“, – აღნიშნა მან.
მმართველი პარტიის სპეკულაციებზე საუბრისას, პრეზიდენტმა „ფეისბუქზე“ დაწერა: „სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი… ტოტალური ტყუილი სუფევს სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!“
ამავდროულად, სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ (ძლიერი საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა) და ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ – განაცხადა, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიში „ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“. ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ ანგარიშის მიხედვით, არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების რეალიზება. მათ ასევე განაცხადეს, რომ „დასკვნის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვისაა აუცილებელი“.
ოპოზიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში, მიუხედავად იმისა, რომ ის უშუალოდ არ აყენებს ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობას, „ლეგიტიმაციის დეფიციტზე“ მიუთითებს და ხაზს უსვამს უნდობლობას საარჩევნო პროცესის მიმართ. ოპოზიციის თქმით, ეს ანგარიში „კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის“ ახალი არჩევნების ჩასატარებლად.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ – ასევე უსვამენ ხაზს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის „უკიდურესად კრიტიკულ“ ბუნებას. მათთვის ეს დოკუმენტი „კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“.
საერთაშორისო გამოხმაურებები
პია კაუმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: „როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოვუწოდებ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულებისკენ“.
მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში: „ეუთოს/ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი – რომელმაც ასიათასობით ქართველი ქუჩაში გამოიყვანა“.
ჯო უილსონი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არალეგიტიმურია. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა ჩამოყალიბდეს“.
ანჯეი დუდა, პოლონეთის პრეზიდენტი: „მე ველაპარაკე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი, რომ ურყევად ვუჭერ მხარს მის ხელმძღვანელობასა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მათ აქვთ განუყოფელი უფლება იმოძრაონ ერთიანი ევროპისკენ. არსებული კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად“.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნებულია და ადასტურებს მის წინასწარ დასკვნებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით“.
მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ეუთოს/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს არჩევნებში. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს გაცემული რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ასევე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია“.
ესპენ ბარტ ეიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენი სერიოზული შეშფოთება საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების თაობაზე დასტურდება ეუთო/ოდირის მიერ თავის საბოლოო ანგარიშში. როდესაც არჩევნები ყალბდება, დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“.
ელინა ვალტონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „არჩევნებში ხმის მიცემა შურისძიების შიშის გარეშე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს ბოლო არჩევნებში ამ დემოკრატიულ უფლებას საფრთხე შეექმნა. ოდირის დასკვნები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული და რეკომენდაციები შესრულდეს. მადლობას ვუხდი ეუთო/ოდირს ფასდაუდებელი შრომისთვის“.
ლარს ლოკე რასმუსენი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ეუთოს/ოდირის ანგარიში საქართველოს არჩევნებზე ადასტურებს დანიის შეშფოთებას არჩევნების წინ და მის დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინებასა და ხმების მოსყიდვაზე“.
მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი: „ნდობის აღდგენის ერთადერთი გზა საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნაა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)