გრიპის მრვალი ელფერი – ინტერვიუ ზურაბ ალხანიშვილთან
მოგეხსენებათ, რომ გრიპი მუდმივად აქტუალური პრობლემაა, ვინაიდან გრიპის ვირუსი ყოველწლიურად დაახლოებით ერთ მილიარდამდე ადამიანს აინფიცირებს და ზოგჯერ დაავადება საკმაოდ მძიმედაც მიმდინარეობს.
წლის ამ მონაკვეთში გრიპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეგრეთ წოდებული “გრიპის სეზონი” მოვიდა, რომელიც საქართველოში ოქტომბრიდან იწყება და, როგორც წესი, ადრეულ გაზაფხულამდე გრძელდება.
გრიპი მრავალშრიანი პრობლემაა, დღეს შევეცდებით, ეს დაავადება განვიხილოთ იმ პრიზმებიდან, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად არის ცნობილი ან განხილული. თუმცა, უყურადღებოდ არც ის საკითხები დარჩება, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ – ვგულისხმობთ ვირუსის გადაცემის გზებს, სიმპტომებს, პრევენციისა და მკურნალობის მეთოდებს, და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.
ამ თემებზე ვესაუბრებით ზურაბ ალხანიშვილს – საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის პროგრამების კოორდინატორს.
ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია
ჩემი პირველი შეკითხვა ტერმინს ‘გრიპი’ ეხება. ეს ტერმინი ადამიანებამდე სხვადასხვა სახელწოდებებით აღწევს, მაგალითად: ქათმის გრიპი, ღორის გრიპი, სეზონური გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები. რასთან გვაქვს რეალურად საქმე? ჩვენ ერთ დაავადებას რამდენიმე სახელწოდებით აღვწერთ, თუ გრიპი განსხვავებულ დაავადებებს იწვევს? და თუ ეს ასეა, რატომ ერთიანდებიან ისინი ერთ სახელწოდებაში?
ამაზე უფრო სიღრმისეულად უნდა ვისაუბროთ, რადგან იმისთვის, რომ გრიპის ვირუსი კარგად გავიცნოთ, საჭიროა იმის გაგება, თუ როგორ ხდება ვირუსის მუტაცია.
თუ ჩვენს წარსულს დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ გრიპის ვირუსი ფაქტობრივად ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა და ევოლუციონირებდა. პერიოდულად ის იწვევდა დიდ ეპიდემიებსა და პანდემიებს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადრე ადამიანებმა არაფერი იცოდნენ მიკრობების სამყაროს შესახებ. როცა დიდი პანდემიები დაიწყო, მათი წარმოდგენები გრიპის შესახებ ძირითადად დაკავშირებული იყო მისტიკურ და ზებუნებრივ სამყაროსთან. ითვლებოდა, რომ ეს დაავადებები რაღაც განსაცდელს წარმოადგენდა, რომელიც ბუნების ან ციური სამყაროს გავლენით იყო გამოწვეული.
გრიპის ვირუსის შესახებ ცნობები დაახლოებით მე-14 საუკუნიდან გვხვდება. მაშინ იტალიური სიტყვა ‘ინფლუენცა’ გამოჩნდა, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ‘ზეგავლენას’. ეს ტერმინი სწორედ ვარსკვლავების, ზეციური ძალების ზეგავლენის შედეგად დაავადებების წარმოშობის აღსანიშნად გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში, ტერმინი შემოკლდა და თანამედროვე საერთაშორისო ტერმინად ჩამოყალიბდა ‘ფლუ’, რომელიც დღესაც გამოიყენება. ჩვენ კი, საქართველოში, მას გრიპს ვუწოდებთ.
სხვადასხვა დაავადება, რომელიც რესპირატორულ სიმპტომებს იწვევს, ხშირად გრიპის მსგავსი იყო და არის და ამ მიზეზით ადრე ყველა მსგავსი დაავადება გრიპს მიეწერებოდა. ასე გაჩნდა ტერმინი ‘გრიპის მაგვარი დაავადებები’, რომელსაც დღემდე ვხვდებით სამედიცინო ტერმინოლოგიაში. გრიპი ამ მხრივ სიმბოლური დაავადებაა, რადგან მისი სახელი მყარად დამკვიდრდა.
როგორც უკვე ვახსენე, ხშირად გვესმის სახელები, როგორიცაა ქათმის გრიპი და ღორის გრიპი, მაგრამ ასევე გვესმის ტერმინები, როგორიცაა H1N1, H5N2 და ასე შემდეგ. რას გულისხმობს ეს და რა ტიპის კლასიფიკაციაა?
როდესაც ვსაუბრობთ H და N სახელდებებით, მაგალითად H1N1 ან H5N2, ამით გრიპის ვირუსის ზედაპირზე არსებული ორი მთავარი ცილის – ჰემაგლუტინინის (H) და ნეირამინიდაზას (N) – ტიპებს, მათ კონფიგურაციებს ვგულისხმობთ.
ჰემაგლუტინინი (H) ეხმარება ვირუსს მასპინძლის უჯრედებზე მიბმაში, ხოლო ნეირამინიდაზა (N) უზრუნველყოფს ვირუსის გამოთავისუფლებას მასპინძლის უჯრედიდან და ორგანიზმში გავრცელებას. სწორედ ამ ცილების მუტაციებით განსხვავდება გრიპის ვირუსის შტამები ერთმანეთისგან.
გრიპი ზოონოზური ინფექციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე და შემდგომ კვლავ ცხოველებში შეიძლება დაბრუნდეს. ეს მიგრაცია აძლევს ვირუსს შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა ორგანიზმებში მოხვდეს და იქ ფორმა იცვალოს და ახალი უნარები შეიძინოს, რაც შეიძლება ვირუსის ახალ ვარიანტებს, შტამებს ბადებდეს. ვირუსისთვის სასარგებლო მუტაციები შეიძლება გახდეს დომინანტური და ვირუსი უფრო მდგრადი და რთულად დასამარცხებელი იყოს. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის ამ ორი მახასიათებლის ცვლილება, სხვა სტრუქტურულ მუტაციებთან ერთად აყალიბებს გრიპის ახალ შტამებს და მათ განსხვავებული ხასიათის დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ, თუმცა თითოეული მათგანი მაინც გრიპია.
მაგალითად, H1N1, H3N2 და H5N2 გრიპის ვირუსები სწორედ ამ კატეგორიების მიხედვითაა კლასიფიცირებული და თითოეულს თავისი უნიკალური კონფიგურაცია აქვს. ზოგიერთი ვარიანტის სახელი შეიძლება გეოგრაფიულ ადგილს ან ცხოველთა სახეობებს უკავშირდებოდეს, საიდანაც დაიწყო მათი გავრცელება, ასეთები გვაქვს მაგალითად ჰონგ-კონგის გრიპი, რუსული გრიპი, ღორის გრიპი და სხვ. ამ ყველა ვარიანტის მიღმა დგას H-ების და N-ების კონფიგურაციები.
ასევე არსებობს ვირუსის სხვადასხვა ტიპები — A, B, C და D, რომლებიც გრიპის ვირუსის სხვადასხვა სახეობებს გამოხატავენ.
დაახლოებით რომ შევადაროთ და უხეში პარალელი გავავლოთ, ვთქვათ, ვიცით, რომ ლომი, ვეფხვი და ფანტერა განსხვავებული ცხოველები არიან, თუმცა ყველანი კატისებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან. ზოგი მათგანი საშიშია, ზოგი კი, მაგალითად, კატა, სახლში გვყავს მოშინაურებული. უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით ამასთან გვაქვს საქმე გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით.
კი, გრიპი და მისი სხვადასხვა სახეობა ერთი საერთო კლასიფიკაციის ნაწილია, მაგრამ მათ შორის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი განსხვავებები, როგორც ეს არის სხვადასხვა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების შემთხვევაში. გრიპის ვირუსის შტამები შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო ნიშან-თვისებები მათ მაინც აკავშირებს.
ჩემი შემდეგი შეკითხვა გამომდინარეობს ლოგიკურად შენი წინა პასუხიდან: გრიპმა გრძელი გზა გაიარა, გამოიწვია მრავალი პანდემია და ეპიდემია, სეზონურადაც ცირკულირებს. რატომ რჩება დღემდე გრიპის ვირუსი განმეორებად პრობლემად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის? ყოველწლიურად ადამიანები იცრებიან გრიპის წინააღმდეგ, ბევრი გრიპით ინფიცირდება კიდეც. თითქოს ზაფხულში პრობლემა ქრება, შემოდგომაზე კი ვირუსი კვლავ იწყებს გავრცელებას და ხდება ყოველდღიური პრობლემის ნაწილად გვიბრუნდება.
გრიპის ვირუსი მუდმივად მუტირებს, რის გამოც ის წლიდან წლამდე იცვლის ფორმას. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ყოველწლიურად ტარდება, ვაქცინები ზოგჯერ მხოლოდ იმ შტამების წინააღმდეგაა ეფექტური, რომლებიც მოსალოდნელია მიმდინარე სეზონის განმავლობაში. სწორედ მოსალოდნელ შტამებზე დაყრდნობით იქმნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები კონკრეტული რეგიონებისთვის. თუმცა, ვირუსის სწრაფი მუტაციები ხანდახან ახალ ვარიანტებს წარმოქმნის, რაც ვაქცინას ნაკლებად ეფექტურს ხდის. სწორედ ეს მუდმივი ცვლილებები არის მიზეზი, რის გამოც გრიპი კვლავ რჩება ყოველწლიურ გამოწვევად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.
ხოლო მისი მორეციდივე ხასიათი განპირობებულია ვირუსის მოლეკულური აღნაგობით და იმ ევოლუციით, რომელიც გრიპმა გაიარა. მოდი, გავყვეთ ამ ევოლუციას და ეს დაგვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ მისი ხასიათი.
როგორც უკვე ვთქვით, გრიპი არის ზოონოზური ინფექცია, რაც ნიშნავს, რომ ის ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე. გრიპის შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ის გარეული ფრინველებიდან მოდის, ძირითადად იხვების და სხვა წყლის ფრინველებისგან. ეს ფრინველები არიან გრიპის ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარები, ანუ ის ორგანიზმები, რომლებშიც ცხოვრობს გრიპის ვირუსი, თუმცა მათ ზიანს პრაქტიკულად არ აყენებს. ვირუსმა ევოლუციონირება, სავარაუდოდ, ნეოლითის ხანაში დაიწყო, როცა ადამიანებმა დაიწყეს მუდმივი საცხოვრებლების აშენება და ფრინველების მოშენება. ეს იყო პერიოდი, როცა ინფექციური დაავადებები რევოლუციურად განვითარდა, რადგან ადამიანების მიერ ფერმების შექმნა და ცხოველებთან თანაცხოვრება ვირუსებს ახალ გარემოში ადაპტაციის საშუალებას აძლევდა.
თავდაპირველად, გრიპის ვირუსი მხოლოდ გარეულ ფრინველებში ბინადრობდა, მაგრამ მოგვიანებით მან იპოვა ახალი რეზერვუარები, მაგალითად ღორები, რომელთა უჯრედების ნაწილი ადამიანების მსგავსია. სწორედ ამან მისცა გრიპს დამატებითი უპირატესობა, რომ ადვილად მუტირებულიყო და სწრაფად გავრცელებულიყო. ღორი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი “შუალედური მასპინძელი,” რაც ვირუსს საშუალებას აძლევდა, უფრო ადვილად “გადამხტარიყო” ფრინველებიდან ადამიანებზე.
გრიპის ისტორიული მონაცემების თვალსაზრისით, პირველი დოკუმენტირებული ეპიდემია დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 412 წელს მოხდა, როდესაც ჰიპოკრატემ საბერძნეთში აღწერა დაავადება, რომლის სიმპტომები ემთხვეოდა გრიპისას: ხველა, ყელის ტკივილი და ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობა. სწორედ ამ ჩანაწერში გამოიყენა ჰიპოკრატემ ტერმინი “ეპიდემია,” რომელიც მოგვიანებით ფუნდამენტურად განვითარდა პროფესიულ დისციპლინებში დაფუძნდა.
გრიპის ვირუსის ფართო გავრცელება სავარაუდოდ დაკავშირებულია კაცობრიობის მიგრაციასთან და კოლონიზაციებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დიდი მიგრაციული ტალღები, რომელთაც შემდგომი პანდემიები მოჰყვა. მაგალითად, არსებობს ვარაუდი, რომ გრიპის ვირუსი ერთ-ერთი იყო იმ დაავადებათაგან, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ამერიკის აბორიგენებს ევროპული კოლონიზაციის პერიოდში.
შედარებით დოკუმენტირებული რაც გვაქვს, გრიპის პანდემიებია მე-16 საუკუნიდან, როცა 1510 წელს პირველი გრიპის აფეთქება დაფიქსირდა ევროპაში. ამას მოჰყვა სხვა აფეთქებები 1557 და 1580 წლებში, თუმცა იმ დროს ადამიანებმა მიკრობებისა და ვირუსების შესახებ ისევ არაფერი იცოდნენ. პირველი მიკროსკოპების გამოგონებამ და განვითარებამ მე-17 საუკუნეში ხელი შეუწყო მიკროორგანიზმების, მათ შორის ბაქტერიების, აღმოჩენას, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ იყო აღქმული იმ საფრთხედ, რომელიც მომაკვდინებელი ეპიდემიების გავრცელებასთან იყო დაკავშირებული. მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეებში არაერთმა პანდემიამ მოიცვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი. მაგალითად, ჩინეთსა და რუსეთის ტერიტორიებზე მრავალი პანდემია მოჰყვა გრიპის აფეთქებებს, რაც ზოგჯერ მოსახლეობის 20-25%-ის ინფიცირებას იწვევდა.
მხოლოდ მე-19 საუკუნეში გახდა ცნობილი მიკროორგანიზმების როლი დაავადებების გავრცელებაში. მე-19 საუკუნე გარდამტეხი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, რადგან ამ პერიოდში ადამიანების ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დაიწყო ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია; გახსნეს ქარხნები და ფაბრიკები, რამაც ხალხი სოფლებიდან ქალაქებში მიგრაციისკენ უბიძგა. შედეგად, ქალაქები მჭიდროდ დასახლებული გახდა, ხოლო სანიტარული პირობები ხშირად არადამაკმაყოფილებელი იყო. ეს ცვლილებები ხელსაყრელი გარემო აღმოჩნდა ინფექციური დაავადებების, მათ შორის გრიპის ვირუსის სწრაფი გავრცელებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ პერიოდში გამოავლინეს ინფექციურმა დაავადებებმა თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმი. მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო რუსული გრიპის პანდემია, რომელმაც ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სერიოზულმა და სისხლიანმა პანდემიამ. ის თითქმის მთელს მსოფლიოს მოედო და, სავარაუდოდ, მსოფლიო მოსახლეობის 40%-მდე დააინფიცირა. ვირუსი სავარაუდოდ წარმოიშვა ცენტრალურ აზიაში ან დასავლეთ ციმბირში და შემდეგ სწრაფად გავრცელდა ევროპაში, განსაკუთრებით სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, სადაც დღიურად ათასობით ადამიანი ინფიცირდებოდა. რუსული გრიპის შედეგად მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს შედეგი განპირობებული იყო იმ დროის საერთაშორისო მიმოსვლითა და სავაჭრო კავშირების გაფართოებით.
ამგვარად, მე-20 საუკუნემდე გრიპის ვირუსმა მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხასიათი და წარმოაჩინა ის გამოწვევები, რომლებიც დღემდე აქტუალურია.
განვიხილოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი, რომელმაც მთლიანად შეცვალა დამოკიდებულება გრიპის ვირუსის მიმართ და მისი მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სხვა საფეხურზე აიყვანა. იგულისხმება ესპანური გრიპის, ეგრეთ წოდებული “ისპანკას” პანდემია. არსებული მონაცემებით, სხვადასხვა დათვლით, ესპანურმა გრიპმა დაახლოებით 50-დან 200 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაინტერესებს, რა კონტექსტში განვითარდა ეს პანდემია, რა იყო მისი გამომწვევი ვირუსი, რატომ მიაყენა ამხელა ზიანი კაცობრიობას და ცირკულირებს თუ არა იგივე შტამი დღესაც საზოგადოებაში?
ესპანური გრიპის პანდემია, რომელმაც მსოფლიო 1918-1919 წლებში მოიცვა, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში. 1918 წლის 4 მარტს, შეერთებული შტატების ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში, კანზასში, პირველი პაციენტი იყო მზარეული, რომელიც გრიპის სიმპტომებით ჰოსპიტალში მოხვდა. თუმცა, მისი შემთხვევა შესაძლოა უბრალოდ პირველი იყო, რომელსაც ფართო ყურადღება მიექცა და არა თავად პირველადი წყარო. სულ რამდენიმე თვეში ვირუსმა შეუსაბამოდ სწრაფი გავრცელება დაიწყო მთელს მსოფლიოში, რასაც შეუწყო ხელი პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ძალებისა და ხალხის მასობრივმა გადაადგილებამ.
1918-1919 წლებში ვირუსმა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი დაინფიცირა, რაც იმ დროისათვის დაახლოებით 1.5 მილიარდამდე იყო. დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 50-დან 80 ან 100 მილიონამდე მერყეობს, რაც მას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პანდემიად აქცევს.
სახელწოდება “ესპანური გრიპი” პანდემიამ მიიღო ესპანეთიდან გავრცელებული ცნობების გამო. ესპანეთი პირველი მსოფლიო ომში ნეიტრალური იყო და მისი პრესა თავისუფლად აშუქებდა პანდემიის შესახებ ინფორმაციას, მაშინ როცა ომში ჩართული ქვეყნები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მედიას ცენზურას უწესებდნენ. ამის გამო, საზოგადოებამ ვირუსი ესპანეთს დაუკავშირა და მას “ესპანური გრიპი” ეწოდა, თუმცა ის ესპანეთში არ დაწყებულა.
ეს პანდემია არის პირველი შემთხვევა, როცა ვიცით, როგორ წარმოიქმნა ვირუსის ახალი ვარიანტი. გრიპის ვირუსმა გაიარა სამი რეზერვუარი ორგანიზმი (ადამიანი, ღორი და ფრინველი), ფორმა იცვალა, შეიძინა ახალი გენები და შეიქმნა ახალი, ლეტალური ვირუსული კონფიგურაცია – H1N1.
ესპანური გრიპის პანდემიის პირველი ტალღა 1918 წლის გაზაფხულში დაიწყო და შედარებით მსუბუქი იყო, თუმცა მოიცვა თითქმის მთელი მსოფლიო. პანდემიის ყველაზე მძიმე ეტაპი დაიწყო 1918 წლის აგვისტო-სექტემბერში, როდესაც მეორე ტალღამ გავრცელება დაიწყო. ამ ტალღის დროს ვირუსი განსაკუთრებით აგრესიული გახდა: პაციენტები უჩიოდნენ ფილტვების ანთებას, ჟანგბადის ნაკლებობას, რაც კანზე ლურჯ-წითელ შეფერილობებს იწვევდა. ექიმები ხშირად კანის ფერის მიხედვით წინასწარ პროგნოზირებდნენ პაციენტების გადარჩენის შანსებს – რაც უფრო წითელი იყო ფერი, მით მეტი შანსი ჰქონდა გადარჩენის; ხოლო მოშავო შეფერილობა პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობას გულისხმობდა.
გარდა ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკისა (ტემპერატურის მომატება, ცემინება და ხველა), ესპანურმა გრიპმა გამოავლინა მძიმე ნევროლოგიური სიმპტომები და ფსიქიკური პრობლემები, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა პანდემიით გამოწვეულ პანიკას. ბევრი პაციენტი თვითმკვლელობამდე მიდიოდა, ბავშვები და მოზრდილები ცდილობდნენ ფანჯრებიდან გადმოხტომას, ქუჩებში ხშირად ხდებოდა სასიკვდილო შემთხვევები. ორსულები იღუპებოდნენ, ნაყოფი ხშირად ნაადრევად წყდებოდათ, რამაც ტრაგედიის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდა.
ამ პერიოდში გაჩნდა ბევრი მითი და მცდარი მოსაზრება, მაგალითად, რომ ალკოჰოლი ან თამბაქოს კვამლი ვირუსს კლავდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ადამიანები ხშირად არ ემორჩილებოდნენ რეკომენდაციებს, რამაც პანდემიის მასშტაბის ზრდა განაპირობა. მაგალითად, ჩარლი ჩაპლინის ფილმის პრემიერამ ნიუ-იორკის ერთ-ერთ კინოთეატრში კრიტიკის დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა კინოთეატრის მენეჯერი, რომელიც კრიტიკის შემდეგ ფილმზე დადებითად საუბრობდა, პრესაში მისი შეფასებების გამოქვეყნებამდე შეეწირა ესპანურ გრიპს.
შემდგომში H1N1 ტიპის ვირუსმა მუტაციებით განაგრძო განვითარება და დღემდე რჩება გრიპის სხვადასხვა შტამების წყაროდ. ეს ვირუსი გვხვდება სეზონურ გრიპებში და პერიოდულად ხდება მისი მოდიფიკაციები.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი არა 1939 წლით უნდა თარიღდებოდეს, არამედ პირველ მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ეს ომი იყო გრიპის ვირუსთან
კი, ესპანური გრიპის პანდემია პირველ მსოფლიო ომის დასასრულს დაიწყო და ომისგან განადგურებული ქვეყნები კიდევ უფრო გაანადგურა. ესპანური გრიპის პანდემიამ ომის მასშტაბებს ბევრად გადააჭარბა.
ესპანური გრიპის ვირუსი არა მხოლოდ ევროპაში და ამერიკაში, არამედ ყველა კონტინენტზე გავრცელდა. მანამდე პანდემიები იყო უფრო ლოკალიზებული და ზოგიერთ კუნძულს თუ კონტინენტს, მაგ, ავსტრალიას, საერთოდ არ სწვდებოდა. ავსტრალიამ ამჯერადაც მკაცრი საკარანტინო ზონებით თავდაპირველად შეძლო ვირუსის შეჩერება, თუმცა მოგვიანებით მათ პანდემიის ყველა ფაზა მაინც გაიარეს. ვირუსის გავრცელება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმდინარეობდა – ასე რომ, ევროპასა და ამერიკაში პანდემია შედარებით ადრე დასრულდა, ხოლო აღმოსავლეთში, მაგალითად იაპონიაში, იგი მოგვიანებით მოვიდა და და მას “დაგვიანებულ პანდემიასაც” უწოდებნენ.
ამ პანდემიამ, დაახლოებით 50-დან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ზოგი შეფასებით, ეს რიცხვი შესაძლოა 100 მილიონს აჭარბებდეს კიდეც. ეს მონაცემები თუ სწორია, გამოდის, რომ მისი მსხვერპლი იმდენად დიდი იყო, რომ ის პირველ და მეორე მსოფლიო ომების ჯამურ დანაკარგებსაც კი აჭარბებს.
აქვე, კონტექსტისთის უნდა განვმარტოთ, რომ ამ პერიოდისთვის ვირუსების შესახებ ფართო ცოდნა ჯერ კიდევ არ არსებობს; გრიპი ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციად მიიჩნეობდა, რაც ნიშნავს, რომ რეალუარად არ იცოდნენ რა იყო მთავარი მტერი, შესაბამისად, გრიპის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების გამოგონება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
მაგრამ 1930-იან წლებში მეცნიერებამ შეძლო ვირუსების იზოლირება და მათი შემსწავლელი ინსტრუმენტების შექმნა. რა გავლენა მოახდინა ამ აღმოჩენამ გრიპის კვლევაზე და როგორ განვითარდა შემდგომში ვაქცინაციის მეთოდები?
„გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“, იტყვიან ჩვენში და „ისპანკის“ პანდემიამ, რომელიც ისტორიაში უპრეცედენტო იყო დაავადების გავრცელების და მსხვერპლთა რაოდენობის თვალსაზრისით, ცხადია სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოების მობილიზება და გააქტიურება გამოიწვია. 1930-იან წლებში მეცნიერებამ ნამდვილად მიაღწია უდიდეს გარღვევას – მოხდა ვირუსებისგან ბაქტერიების გამორჩევა. რა თქმა უნდა, ამ მიღწევის შესაძლებლობას დიდწილად არსებული ეპოქაც იძლეოდა. სხვადასხვა დაავადებებმა, მათ შორის შავმა ჭირმა, საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა, შუა საუკუნეებშიც კი, არათუ მიკრობების გარჩევა იყო შესაძლებელი, არამედ მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ წერა-კითხვაც კი არ იცოდა. ასეთ პირობებში, დამეთანხმებით გაჭირდებოდა სამეცნიერო საზოგადოების საერთაშორისო მობილიზება სამეცნიერო პროექტებზე სამუშაოდ. ძველ ეპოქებში ამგვარი მიღწევები ცალკეული ადამიანების ძალისხმევას უფრო შეგვიძლია მივაწეროთ. ვირუსების აღმოჩენის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ორგანიზმები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე იყო და საჭირო იყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს იყო რევოლუციური ეტაპი, რომელიც ვირუსების კვლევის განვითარებისკენ პირველ ნაბიჯად იქცა.
მალევე, 1940-იან წლებში, მეცნიერებმა შექმნეს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა ინფექციური დაავადებების გავრცელების კონტროლისკენ. ეს ვაქცინა იყო ერთ-ერთი პირველი, რაც ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. თუმცა, მიუხედავად ვაქცინაციის არსებობისა, გრიპის ვირუსმა განაგრძო მუტაციები და პერიოდული აფეთქებები, რაც გრიპის ახალი შტამების პანდემიებს იწვევდა
ამჟამად შევდივართ სეზონური გრიპის აქტიურ ფაზაში და მოსალოდნელია შემთხვევების მკვეთრი მატება. ზოგადად, რა არის სეზონური გრიპი და რა მახასიათებლებით გამოირჩევა ის?
სეზონური გრიპი ყოველწლიურად იწვევს ინფექციების ზრდას, განსაკუთრებით ცივ სეზონთან ერთად, როდესაც გავრცელების პირობები უფრო ხელსაყრელია. გრიპის ვირუსს ახასიათებს სასუნთქი სისტემის ანთებითი პროცესები, ტემპერატურის მომატება და ზოგადი სისუსტე. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ფილტვების ანთება, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
გრიპის ვირუსები სხვადასხვა ტიპად იყოფა, მაგალითად, A და B ტიპებად. დღეს, როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანს აქვს გრიპი, უმეტესად ვგულისხმობთ A ტიპის გრიპის ვირუსს, რომელიც მოიცავს ისეთ შტამებს, როგორიცაა H1N1 (ღორის გრიპი, ესპანური გრიპი) და H3N2 (ჰონკონგის გრიპი), რომლებიც სხვადასხვა დროს პანდემიის გამომწვევებად იქცნენ. ეს შტამები საზოგადოებაში დღემდე ცირკულირებენ, თუმცა მათი გავლენა ნაკლებად საზიანოა, რაც ნაწილობრივ ვაქცინაციით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებით მიღწეულია. ამავდროულად, B ტიპის ვირუსები პანდემიურ დონეს ვერ აღწევს, თუმცა მაინც იწვევს სეზონურ ეპიდემიებს.
გრიპის ვირუსის სეზონურობას განსაზღვრავს როგორც კლიმატური, ასევე ადამიანის ქცევითი ფაქტორები. ცივი ამინდების დროს ადამიანები უფრო ხშირად იმყოფებიან დახურულ სივრცეებში, რაც ვირუსების გავრცელებას უწყობს ხელს. გრიპის ვირუსი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება, რადგან ის მუდმივად მუტირებს, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოავლინოს ახალი გენეტიკური კონფიგურაციები და ადვილად დააღწიოს თავი იმუნიტეტს, რომელიც წინა ინფექციის ან ვაქცინაციის შედეგად ჩამოყალიბდა.
ყოველწლიურად სეზონური გრიპი ინფიცირებს მილიონობით ადამიანს და იწვევს ასეულობით ათას სიკვდილს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა რისკ-ჯგუფებისთვის. თუმცა, ვაქცინაცია და ანტივირუსული წამლები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მოსახლეობას, რაც გრიპს ნაკლებად საშიშად აქცევს. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს ვაქცინაციის მნიშვნელობა და გრიპის სეზონურობის ციკლი, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ვირუსისგან.
რადგან უკვე დავახასიათეთ გრიპის ვირუსი, მოდი ვისაუბროთ მასთან გამკლავების მეთოდებზე – მკურნალობაზე და პრევენციაზე. ესპანური გრიპის პანდემიაც და 2009 წლის ღორის გრიპიც H1N1 ვირუსმა გამოიწვია, მაგრამ ამ შემთხვევაში კაცობრიობამ შედარებით მსუბუქად გადაიტანა ინფექცია. რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი გრიპის მართვის გაიოლებას ბოლო 100 წლის განმავლობაში?
ბევრს გვახსოვს 2009 წლის გრიპის პანდემია, რომელიც “ღორის გრიპის” სახელით გახდა ცნობილი. ეს იყო H1N1 შტამის მუტაცია – იგივე შტამი, რომელმაც 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემია გამოიწვია, მაგრამ უკვე შეცვლილი ფორმით დაბრუნდა. 2009 წლის პანდემია გლობალური იყო და მთელ მსოფლიოს მოედო, თუმცა მისი გავლენა ნაკლებად საზიანო აღმოჩნდა, ვიდრე 1918 წელს. ის ძირითადად ახალგაზრდა პოპულაციაში ვრცელდებოდა და ასაკოვან ადამიანებს თითქოს იმუნიტეტი ჰქონდათ ვირუსის ამ მუტაციის მიმართ.
2009 წლის ღორის გრიპის პანდემია ნამდვილად არ ყოფილა ისეთი დამაზიანებელი, როგორც ესპანური გრიპი, და ამის მიზეზი მხოლოდ ვირუსის მუტაცია არ იყო. ბოლო 100 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა: მეცნიერებამ უფრო ღრმად შეისწავლა მიკრობიოლოგიური სამყარო, რამაც ინფექციური დაავადებების კონტროლის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
მაგალითად, ესპანური გრიპის დროს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელება და პრევენციის ღონისძიებების გატარება რთული იყო, თუმცა გარკვეული საინფორმაციო კაპანიები მაინც მიმდინარეობდა, მაგალითად, პრესაში ქვეყნდებოდა ინფორმაცია – “გრიპი თავისით არ ჩნდება”, დღეს ამდენად მარტივი ჭეშმარიტებები უკვე ცხადია, თუმცა იმ პერიოდში ეს ცნობა შოკისმომგვრელად ჟღერდა. მე-20 საუკუნის განმავლობაში, მიკრობიოლოგიის სფეროს განვითარებამ დააგროვა ცოდნა, რაც საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებს, მაგალითად, ნიღბების ტარებას და დისტანციის დაცვას.
ესპანური გრიპის დროს, იაპონიამ და აშშ-მა ნიღბების გამოყენება სავალდებულო გახადეს, შემდგომში ვირუსის სესწავლით დადგინდა, რომ მას 2 მეტრზე შეუძლია გავრცელება და გაჩნდა დისტანციის ცნება. ეს პრინციპები დღემდე ფუნდამენტური საკითხებია განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებებში.
გარდა ამისა, გრიპის ვაქცინაციამ დიდი როლი ითამაშა. ასევე, შეიქმნა ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში გამოიყენება, რაც ასევე ამცირებს გართულებების რისკს. დღეს ასევე გვაქვს გრიპის ერთ-ერთი მძიმე გართულების, ფილტვების ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის არაერთი მეთოდი.
ამგვარად, ვაქცინაცია, ანტივირუსული მედიკამენტები და პრევენციული ღონისძიებები ერთობლიობაში იძლევა იმ შედეგს, რომ სეზონური გრიპი და ახალი პანდემიები ახლა გაცილებით მართვადი გახდა, რაც 2009 წლის ღორის გრიპის შედარებით მსუბუქი გავლენითაც დადასტურდა.
ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით გრიპის სეზონის წინ. როგორც ვიცით, საქართველოში პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, სახელმწიფოს ყოველწლიურად შემოაქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები, რა ეტაპზეა ვაქცინაციის პროცესი ახლა და ვინ უნდა ჩაიტაროს აცრა პირველ რიგში? ვისთვის არის ეს ვაქცინები განკუთვნილი?
საქართველოში გრიპის სეზონი, როგორც წესი, ოქტომბერში იწყება და ნოემბერში პირველი შემთხვევებიც იჩენს თავს. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი ოქტომბრის დასაწყისიდანვე იწყება, რათა გრიპის გავრცელების დასაწყისში უკვე დაცული იყოს მაღალი რისკის მქონე ჯგუფები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები დამზადებულია იმ ვირუსული შტამების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ სეზონურად გავრცელდეს. ამის პროგნოზს საფუძვლად უდევს მონაცემები სხვა ქვეყნებიდან, სადაც გრიპის სეზონი უფრო ადრე იწყება და ვირუსის ცირკულაციის ტიპები იკვეთება.
ვაქცინაცია პირველ რიგში რეკომენდებულია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის: ბავშვებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ხანდაზმული ადამიანებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რადგან მათთვის გრიპი განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია. საქართველოში გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვიდან ზემოთ ასაკის ბავშვებისთვისაც, რაც მძიმე შედეგების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი – ეს არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თითოეული ადამიანის ვაქცინაცია ამცირებს ვირუსის გავრცელებას, რაც დანარჩენი მოსახლეობის დაცვასაც უზრუნველყოფს. ასე რომ, თუ მეტი ადამიანი ჩაიტარებს ვაქცინაციას, მით უფრო დაცული იქნება მთლიანად საზოგადოება.
საინტერესოა გრიპის მძიმე გართულებებისა და სიკვდილობის მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყანაში და მათი კავშირი ვაქცინაციის მასშტაბებთან. რამდენად მოქმედებს ვაქცინაციის დონე ამ მაჩვენებლებზე?
მართლაც, გრიპის ვაქცინაციის მაღალი დაფარვა მოსახლეობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაავადების გართულებებისა და სიკვდილობის მაჩვენებლებზე. ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ფართოდ არის გავრცელებული, გრიპის გართულებები და სიკვდილობის მაჩვენებლები შედარებით დაბალია, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული ზომაა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ მიდგომებს მიმართავს პრევენციული ღონისძიებების მიმართ. ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში რესურსები ხშირად მიმართულია არა მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაზეც, რაც ვაქცინაციის მეშვეობით ინფექციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. თუმცა, ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემები ნაკლებად განვითარებულია, პრევენციის ნაცვლად, ძირითადი ყურადღება მიმართულია დაავადებების მკურნალობასა და ჰოსპიტალურ ზრუნვაზე.
გრიპი სეზონურად იწვევს ავადობას და დასაქმებულთა სამუშაო საათების შემცირებას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბავშვების ავადობა იწვევს სასკოლო საათების გაცდენებს, ხოლო მშობლები, რომლებიც შვილებს უვლიან, დროებით ვერ მუშაობენ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი ამგვარად შესაძლოა გადაიზარდოს ეკონომიკურ ან პოლიტიკურ კრიზისშიც, რაც ნათლად გამოჩნდა COVID-19 პანდემიის პერიოდში.
ამგვარად, ვაქცინაციის მაღალი მასშტაბი არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ეკონომიკურადაც ხელსაყრელია, რადგან ამცირებს ავადობას, გართულებებს და ჯანდაცვის ხარჯებს.
ვაქცინის შესახებ ხშირად მცდარი მოლოდინები არსებობს – ბევრს ჰგონია, რომ გრიპის ვაქცინა ინფიცირებისგან სრულიად იცავს. სინამდვილეში, რამდენად რეალურია ეს მოლოდინი და რა როლი აქვს ვაქცინაციას გრიპის მძიმე გართულებების შემცირებაში?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს არასწორი მოლოდინები გრიპის ვაქცინის მიმართ. გრიპის ვაქცინა ძირითადად გვიცავს არა ინფიცირებისგან, არამედ დაავადების მძიმე გართულებებისგან და სიკვდილის რისკისგან. ვაქცინირებული ადამიანის იმუნური სისტემა, მიუხედავად ვაქცინაციისა, მაინც შეიძლება ინფიცირდეს ვირუსით, მაგრამ მას გაცილებით მაღალი შანსი აქვს, რომ არ განუვითარდეს მძიმე გართულებები, როგორიცაა პნევმონია, სუნთქვის პრობლემები და ჰოსპიტალიზაცია.
ალბათ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გრიპის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება დაუშვებელია, თუ დაავადება ბაქტერიული ინფექციით, მაგალითად ფილტვების ანთებით, არ გართულდა. რატომ არის ეს პრინციპი მნიშვნელოვანი და რა შემთხვევაში ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება გრიპის დროს?
მნიშნელოვანია ხშირად შევახსენოთ ჩვენს გარშემომყოფებს, რომ გრიპის ვირუსის მკურნალობა ანტიბიოტიკებით არ არის ეფექტური, რადგან ანტიბიოტიკები მუშაობს მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ და არა ვირუსების. ეს ნიშნავს, რომ რაკი გრიპი ვირუსული ინფექციაა, ანტიბიოტიკების გამოყენება არაფერს მოიტანს და პირიქით, შეიძლება უარყოფითი შედეგები ჰქონდეს.
ხოლო გრიპის გართულების შემთხვევაში, როდესაც ვირუსული ინფექცია ბაქტერიული თანდართული ინფექციით რთულდება, მაგალითად ფილტვების ანთებით, ექიმი განსაზღვრავს ანტიბიოტიკების საჭიროებას. ასეთი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული და რადიოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე უნდა დაინიშნოს და თვითმკურნალობის დროს ანტიბიოტიკების მიღება დაუშვებელია.
როგორია გრიპის მართვის სამომავლო პერსპექტივები? ახლახან გავიგეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაზალური სპრეის გამოყენება სახლის პირობებში. ასევე ვიცით, რომ შემუშავების პროცესშია mRNA (მესენჯერული რნმ) ვაქცინები, რომლებიც კვლევის სხვადასხვა ფაზაშია. რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს ამ ვაქცინებს და ზოგადად რა უნდა ველოდოთ გრიპის მართვის კონტექსტში სამომავლოდ?
პირველ რიგში, გავითვალისწინოთ ნეგატიური მხარე. ხშირად ადამიანებს არ სურთ მძიმე და ტრაგიკული ეპიზოდების გახსენება, თუმცა ეს მნიშვნელოვანიცაა – ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს გამოცდილება და სიფრთხილე. ესპანური გრიპის მაგალითი სწორედ ამაზე მიგვანიშნებს: მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ტრაგედია იყო, საზოგადოების მეხსიერებიდან მალევე გაქრა. „დავიწყებულ პანდემიასაც“ კი ეძახიან, რადგან მისმა შოკმა საზოგადოება იმდენად დააზარალა, რომ გაკვეთილები სათანადოდ ვერ შევისწავლეთ.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესი უკვე მიმდინარეობს. მაგალითად, mRNA (მესენჯერულ რნმ-ზე დაფუძნებული) ვაქცინები გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც უფრო ეფექტურ, ხანგრძლივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს. მათი მეშვეობით შეიძლება აღარ დაგვჭირდეს სეზონური ვაქცინაცია ყოველწლიურად. ამის გარდა, ალბათ ნხსენებული ნაზალური სპრეის ვაქცინები დაახლოებით ის მომავალია, რისკენაც მივდივართ – ასეთი ტექნოლოგიები პრევენციულ ზომებს მეტად ხელმისაწვდომს და მოსახერხებელს გახდის მოსახლეობისთვის.
mRNA ვაქცინების ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ მათი განახლება და ადაპტაცია უფრო ადვილად ხდება, რაც საშუალებას მოგვცემს, გავუმკლავდეთ ახალ შტამებს და მომავალში გრიპის ეპიდემიებს უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ.
სრულად – მოუსმინეთ “ჯანმრთელობის დღიურების” Youtube არხზე: