skip to content
ევროპამათი თვალით

ღვთის რისხვა თუ სამეცნიერო თავსატეხი: კაცობრიობა კატასტროფების წინაშე

ადამიანი და ეპიდემია: ხედვის ევოლუცია

ბიბლიური დროიდან მოყოლებული ვიდრე შუა საუკუნეებამდე, ეპიდემიები ღვთის სასჯელად ითვლებოდა. კორონავირუსის დრო დადგა და ვითარების მეცნიერული ხედვა თითქოს იმარჯვებს. თუმცაღა ჩვენს რაციონალურ ეპოქაშიც კი, ბევრი საუბრობს იმ ციურ ნიშანზე, რომელსაც თითქოს ბუნება ამ ეპიდემიის სახით გვიგზავნის.

ეპიდემია ვერაგი მტერია – უხილავი, ზოგჯერ ომზე უფრო სახიფათო მკვლელი. „ესპანური გრიპის“ ეპიდემიამ 1918-1919 წლებში უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა. კორონავირუსიც ასე გვესახება. ფილოსოფოს ემანუელე კოჩიას (Emanuele Coccia) თქმით, „დედამიწის ყველაზე პატარა არსებამ” უკვე სახლებში გამოკეტა კაცობრიობის დიდი ნაწილი და მათგან ყველაზე დაუცველნი უკვე იმსხვერპლა კიდეც. ვირუსი იმიტომ გვაშინებსო ასე, ამბობს პატრიკ ზილბერმანი (Patrick Zylberman), სახალხო ჯანმრთელობის ისტორიის სკოლის საპატიო პროფესორი, რომ ის სრულიად მოუხელთებელია, თავად კი ყველა შეუძლია მოიგდოს ხელში, ნებისმიერ დროს, და ნებისმიერ ადგილას.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კარანტინი სულიერ სიმშვიდეს არღვევს

როგორ გავიაზრებთ ადამიანები ასეთ ტრაგედიებს? როგორ ვცდილობთ მათ გაგებას? ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერები ვირუსის გენეტიკური კოდის გაშიფვრით არიან დაკავებული და კლინიკურ გამოცდებს ატარებენ. თუმცა წარსული საუკუნეების მანძილზე, თავსმოწეულ უბედურებას სწორედ ზეციურ სასჯელად აღიქვამდნენ. „მასობრივი ეპიდემიების აღწერას ჩვეულებრივ თან ახლავს სულთმობრძავი თუ დაღუპული ადამიანების ხატება, რომელსაც რელიგიური ძრწოლის ატმოსფერო მოსავს. ამას ემატება – ამა თუ იმ ხარისხით – კოლექტიური დანაშაულის განცდაც, წერდა 1964 წელს ალის ჟერვე (Alice Gervais) ანტიკურ ეპოქაში მომხდარ ეპიდემიებზე საუბრისას.

უდიდეს ეპიდემიებს ათობით ათასი ადამიანების სიცოცხლე მიჰქონდა, მათი მიზეზები და გადაცემის მექანიზმი კი უცნობი იყო. შედეგად, როგორც ანტიკურ ეპოქაში, ისე შუა საუკუნეებში, ადამიანთა მზერა ზეცისაკენ იყო მიპყრობილი – ეპიდემია ზეციური სხეულებისა თუ ღვთიური არსებების რისხვას მიეწერებოდა. ცნობილი ისტორიკოსი ბართლომე ბენასარი (Bartolomé Bennassar – 1929-2018) წერდა, „ეპიდემიები ისტორიის გამოჩენილი პერსონაჟები არიანო“ – საუკუნეების განმავლობაში სწორედ მათ ეძღვნებოდა ისტორიული ნაშრომები, რელიგიური რწმენის განვითარება, მითები და ლეგენდები.

შავი ჭირი – „ილიადიდან“ ბიბლიამდე

ბიბლიაში, სამუელის მეორე წიგნში, ისრაელის მეფე დავითის ქედმაღლობას ღვთის რისხვა მოჰყვება. წინასწარმეტყველის პირით დავითს ღმერთი გამოუცხადებს, რომ სამი სასჯელიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს: შვიდწლიანი მოუსავლიანობა და შიმშილი, მტერთაგან სამთვიანი რბევა, ანდა შავი ჭირის სამი დღე. დავითი, რომელსაც ღვთის სასჯელი ერჩივნა მტრის ხელით სიკვდილს, შავ ჭირს აირჩევს. სამუელის წიგნი გვეუბნება, რომ დანიდან ბეერ-შევამდე 70 ათასმა კაცმა დალიაო სული.

„ილიადაში“ აგამემნონის მიერ აპოლონის ქურუმის ქალიშვილის გატაცებას ეპიდემია მოჰყვება – აქაველთა მოქმედებით აღშფოთებული აპოლონი მათ ბანაკს შავ ჭირს მოუვლენს. „მთელი დღე მრავალ კოცონზე იწვოდა გვამები“, წერს ჰომეროსი. სოფოკლე „ოიდიპოს მეფეში“ აღწერს, თუ როგორ მოევლინა ღვთის რისხვად შავი ჭირი თებეს, ოიდიპსის მიერ მამამისის, მეფე ლაიოსის მოკვლის შემდეგ. „ღმერთმა რისხვისა ხალხს შეჰყარა ჭირი საზარი, ცარიელდება ძველი სახლი კადმოსიანთა, როს მკვდართა სულებს ვეღარ იტევს ჰადესი ბნელი“, შეჰღაღადებს ოიდიპოსს ქურუმი.

ბევრ განათლებულ ადამიანს მშვენივრად ახსოვდა ეს სიტყვები შუა საუკუნეებში, როცა ევროპას 1347 წელს შავი ჭირი ეწვია. „მეთოთხმეტიდან მეთვრამეტე საუკუნემდე საფრანგეთში შავი ჭირი თითქმის შესვენების გარეშე, ოთხი საუკუნე ბატონობდა“, წერს ისტორიკოსი პატრის ბურდელე (Patrice Bourdelais). ეპიდემია ყოველი ათ ან ოც წელიწადში ბრუნდებოდა. მსხვერპლი იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგი სოფელი და ქალაქიც რუკიდანაც კი გაქრა. კონტინენტის მოსახლეობის მეოთხედი, ზოგი გათვლით კი მისი ნახევარიც კი, ამ უზარმაზარმა პანდემიამ იმსხვერპლა, რომელიც ევროპაში მონღოლებმა შემოიტანეს.

ჭირი არავის ინდობდა – ქალებსა თუ მამაკაცებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს, ავადმყოფებს თუ ჯანმრთელად მყოფებს, მდიდრებსა თუ ღარიბებს. ისტორიკოს ჟან-ნოელ ბირაბენის თქმით, რომელმაც ამ საკითხზე ცნობილი წიგნი დაწერა, საფრანგეთის რევოლუციამდე, 25 წელს მიღწეულ ყოველ ფრანგს გამოეცადა შავი ჭირის შემოტევა. გი დე შოლიაკი (Guy de Chauliac (1298-1368), პაპების კლიმენტი VI, ინოკენტი VI და ურბან V პირადი ექიმი წერდა, „ხალხი შემწეობის გარეშე იღუპებოდა და მღვდლის გარეშე იმარხებოდა… მამა შვილს ვერ სტუმრობდა, შვილი კი – მამას. სათნოება მკვდარი იყო, ხოლო ყოველი იმედი – გადაწურული”.

სასჯელი ცოდვებისათვის

როგორც კი შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო, საფრანგეთის მეფე ფილიპე მეოთხე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილ ექიმებს დაეკითხა აზრს. პარიზის უნივერსიტეტის სწავლულება უპასუხეს, რომ ეპიდემია ჰაერის შერყვნის ბრალი იყო – შავი ჭირის ბაქტერიული ბუნება ხომ მხოლოდ 1894 წელს აღმოაჩინა ალექსანდრე იერსინმა (Alexandre Yersin). წიგნში „შავი ჭირი ქრისტიანულ დასავლეთსა და მუსლიმურ აღმოსავლეთში” სტეფან ბარრი და ნორბერ გალდი (Stéphane Barry, Norbert Gualde) წერენ: „შავი ჭირის წინაშე ექიმების მიერ გამოყენებული ყოველი ზომა უსარგებლო აღმოჩნდა. მაშინდელი მეცნიერები უძლურნი იყვნენ [ეპიდემიის წინაშე].”

„შესაბამისად მხოლოდ ეკლესიამ შესძლო და ამოუხსნელ ფენომენს ზეციური მნიშვნელობა შესძინა“ 

რელიგიური გრძნობით ღრმად განმსჭვალულ საზოგადოებებში – შუა საუკუნეებსა თუ საფრანგეთის სამეფოს დროს – შავი ჭირის მსხვერპლთ სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა ღმერთისთვის მიემართათ ამ საიდუმლოებით მოცული დაავადებისაგან განსაკურნებლად. მღვდელმთავართა მსახურებასა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, სოფლებსა თუ ქალაქებში, შავი ჭირი ღვთის რისხვად აღიქმებოდა, სასჯელად, ღვთიური სწავლებისაგან გადახვევისათვის. ჯოვანი ბოკაჩო, თავის 1349 წელს დაწერილ „დეკამერონში“ წერს, რომ „ღმერთმა, თავისი სამართლიანი რისხვა მოუვლინა კაცობრიობას, როგორც სასჯელი მათი დანაშაულისათვის“. 

სამი საუკუნის შემდეგ, ლაფონტენი ჯერ კიდევ საღვთო სასჯელზე საუბრობს თავის ნაშრომში „ავადმყოფი ცხოველები და ჭირი“: ეს ავადმყოფობა, რომელიც „ძრწოლას იწვევს დედამიწაზეო“, წერს ლაფონტენი, „ცით მოვლენილი სასჯელია დედამიწაზე მომხდარ დანაშაულთა გამოსასყიდად“. ისტორიკოსი ფრანსუაზ ჰილდესჰეიმერი (Françoise Hildesheimer) ამბობს, რომ „მხოლოდ ეკლესიამ მოახერხა ამ ამოუხსნელი ფენომენისთვის ზეციური მნიშვნელობა მიენიჭებინა. ბიოლოგიური მიზეზებით მოვლენილი დაავადება ამგვარად, ცნობიერად შეერწყა ზეციურ სასჭელს, რომელიც ცოდვებისათვის სასჯელად მოევლინა კაცობრიობას“. 

თეოლოგი და მოძღვარი ნიკოლა პავილიონი (1597-1677), თვლიდა, რომ შავი ჭირის სასჯელი „საჯარო და სკანდალური“ ცოდვების – ღვთის გმობის, მრუშობის, ზღვარგადასული ქეიფის, ავხორცობის, კაბარეებში სიარულისა და რელიგიური დღესასწაულების ღრეობად გადაქცევის გამო მოევლინა კაცობრიობას. ხალხისათვის შავი ჭირის „ერთადერთი შესაძლო და ჭკუასთან ახლოს მყოფი ახსნის შეთავაზებით ეკლესიამ არარაციონალური და კოლექტიური შიში, თეოლოგიური და პიროვნული შიშით ჩაანაცვლა“, ამბობს ფრანსუაზ ჰილდესჰეიმერი და დასძენს, „თუმცა ამითვე ნუგეში მოუტანა ადამიანებს, რადგანაც საეკლესიო ჩარევითა და მონანიებით შესაძლებლად წარმოჩნდა ცოდვების გამოსყიდვა და, შესაბამისად, გამოჩნდა გამოჯანსაღების იმედიც“. 

თუკი შავი ჭირი ღვთის რისხვა იყო, მაშ მისი განშორება რელიგიური რიტუალით იყო შესაძლებელი. ისტორიკოსი პატრის ბურდელე (Patrice Bourdelais) გვიყვება: „წყევლის განსაშორებლად და ღვთის მადლის მოსაბრუნებლად კათოლიკური ეკლესია სინანულის პროცესიებს აწყობს. ამავე ქრისტიანული ხედვის შედეგია, ზოგიერთი ინგლისელი ისტორიკოსის მოსაზრებით, მაშინ დამკვიდრებული ჰიგიენური ზომები, რომელთაც საერო ხელისუფლება მიმართავდა – საჯარო სივრცეების მორეცხვა ისე ხდებოდა, თითქოს წმინდა ადგილის განწმენდის რიტუალი ტარდებოდა. საერო ხელისუფლებამ სანიტარული ზომებიც მიიღო და ადამიანებისა და ცხოველების საცხოვრისი უფრო მკაცრად გამიჯნა ერთმანეთისაგან“. 

სინანული და თვითგამათრახება

ევროპაში აპოკალიფსის, ქვეყნიერების დასასრულის სულისკვეთება ბატონობს, მორწმუნეები წმინდა სებასტიანსა და წმინდა როკს ევედრებიან. ეს უკანასკნელი, მე-14 საუკუნის მომლოცველი, შავ ჭირს გადაურჩა და ციხეში დაასრულა ცხოვრება. ღვთის რისხვის დასაშოშმინებლად, ქალაქ რუენში, მაგალითად აზარტული თამაშები, ალკოჰოლი და გინება აიკრძალა. არაგონის სამეფოში კვირას მუშაობა და გამომწვევად მდიდრული ტანსაცმლის ტარება. ეკლესია მომლოცველთა მოგზაურობებს გეგმავს, საჯარო ლოცვა და პროცესიები კი მალე იკრძალება, დაავადების გავრცელების შიშით.

შავი ჭირის (1347-1353) დროს ცოდვათა მონანიების ყველაზე ექსტრემალური ფორმა თვითგამათრახების სახით გამოიხატა. ფლაგელანტების სექტა სამყაროს ცოდვების გამოსყიდვას ჯვრის ფორმის მეტალის სამსჭვალებიანი მათრახებით თავის გაროზგვის საშუალებით ცდილობს. მათი პროცესიები მთელს იტალიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში ვრცელდება. მათი მისტიური აღტკინება აშინებს ეკლესიას, პაპი კლიმენტი VI გმობს მათ „თავგასულობასა და უსირცხვილობას“. 1350 წელს საფრანგეთის მეფე ფილიპე მეოთხე ეკლესიის მიერ დაგმობილი სექტის დაშლას ბრძანებს. ღვთაებრივი სასჯელისა და ცოდვათა მონანიების თემამ ფლაგელანტების სახით საკუთარ აპოთეოზს მიაღწია.

ფლაგელანტების ზღვარგადასული საქციელი მეთოთხმეტე საუკუნიდან აღარ გვხვდება, თუმცა ღვთის რისხვის თემა ჯერაც ცოცხალია მეთვრამეტე საუკუნეში, როცა ევროპაში, კერძოდ მარსელში – 1720-1722 წლებში – შავი ჭირის ბოლო შემოტევა აღირიცხება. აქაური ეპისკოპოსი მონსენიორ დე ბელსუნსი ჭირის გავრცელებას „ღვთის წმინდა წერილის შეუსრულებლობას“ აბრალებს: „ნურც ვიეჭვებთ, ძმანო ჩემნო, რომ ჩვენს დანაშაულთა წრეგადასულობით მოვიწიეთ თავს ღვთის რისხვა… ღვთის გმობა, არარელიგიურობა, ურწმონოება, მევახშეობა, სიწმინდის ნაკლებობა და ზღვარგადასული ფუფუნებაა გავრცელებული თქვენს შორის. კვირა დღისა და დღესასწაულების სიწმინდე კი შეურაცხყოფილია“. 

განმანათლებლობის გზაზე

მაშინ, როცა მარსელის ეპისკოპოსი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, საფრანგეთისა და ევროპის მზერა განმანათლებლობის მოძრაობისკენ იხრება. „მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, რელიგიურ სამყაროში ახალი ქარი უბერავს“, გვეუბნება ფრანსუაზ ჰილდესჰეიმერი. „სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საერო აზროვნების გაბატონება რელიგიურზე, გარკვეულწილად „დექრისტიანიზაციაც“ კი. საზოგადოება სხვაგვარად აღიქვამს საკუთარ თავს, მენტალობა იცვლება – კოლექტიური პასუხისმგებლობის იდეა და ცოდვასთან დაკავშირებული ფატალიზმის შეგრძნება საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში პიროვნების ავტონომიის იდეას უთმობს ადგილს,“ ამბობს იგი. 

ცნობიერების ეს რევოლუცია თავს ყველაზე უკეთ 1755 წელს, ლისაბონის დამანგრეველი მიწისძვრისას იჩენს.

ცნობიერების ეს რევოლუცია თავს ყველაზე უკეთ 1755 წელს, ლისაბონის დამანგრეველი მიწისძვრისას იჩენს, როცა ვოლტერი (Voltaire) და რუსსო (Rousseau) უპირისპირდებიან ამ მოვლენის რელიგიურ ახსნას. ვოლტერს არ სჯერა ღვთის რისხვისა და არც კაცობრიობის პასუხისმგებლობის: „ნუთუ თქვენ იტყვით, მსხვერპლთა ნახვისას „ღმერთმა იძია შური და საკუთარი ცოდვებისათვის დაისაჯნენ ისინი?” რა დანაშაული, რა ცოდვა მიუძღვით იმ ბავშვებს, რომლებიც დედის ძუძუზედ გაისრისნენ და სისხლიანთ ვხედავთ?” ჟან-ჟაკ რუსოც ეჭვით უცქერის ზეციური სასჯელის თეზას, თუმცა ის ყურადღებას მოქალაქეთა დაუდევრობას აქცევს, რომელთაც ექვს-შვიდ სართულიანი 20 ათასი სახლი აუშენებიათო სეისმურად აქტიურ რეგიონში.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ევროპა კორონავირუსის ღუბელქვეშ

გაელ კლავენდიე (Gaëlle Clavandier) მაქს ვებერის ცენტრის სოციოლოგია. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომი „კოლექტიური სიკვდილი – კატასტროფების სოციოლოგიის შესახებ“. მისთვის ვოლტერისა და რუსსოს რეაქცია ლისაბონის მიწისძვრაზე გარდამტეხი მოვლენაა, როცა კოლექტიური დანაშაულის შეგრძნებას რაციონალობა ანაცვლებს. „მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან ფილოსოფოსები კატასტროფებს ღვთის რისხვად კი აღარ აღიქვამენ, არამედ ბუნების ძალების მოუწესრიგებლობად. თუკი ისინი ამგვარი კატასტროფების შედეგებზე ადამიანების პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობენ, მხედველობაში მათი დაუდევრობა, მათგან მომავლის განჭვრეტის უუნარობა აქვთ [რაც განათლების ნაკლებობიდან მომდინარეობს]. განმანათლებლობის დამფუძნებლების ეს ხედვა განაპირობებს როგორც ბუნებრივი კატასტროფების, ასევე ეპიდემიების ახლებურ აღქმასაც – საფუძველში მას უდევს რწმენა, რომ მეცნიერების ძალით შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ტანჯვასა და ბოროტებას“. 

სწორედ ამ ხედვამ მოიტანა გადატრიალება სახალხო ჯანმრთელობის მხრივაც. „მე-18-ე საუკუნიდან მედიცინა რეციონალიზაციისა და რაოდენობრივი მონაცემების დამუშავების გზას ადგება“, ამბობს ისტორიკოსი ჟან ბატისტ ფრესოზი (Jean-Baptiste Fressoz). ყვავილზე აცრების პირველი ტალღა ალბათობის თეორიას ემყარება. მშობლების მორალურ ეჭვებს აკადემიკოსი შარლ მარი დე ლა კონდამინე (Charles Marie de La Condamine) სტატისტიკას უპირისპირებს: ყვავილით დაავადებული ბავშვი 9-დან ერთ შემთხვევაში იღუპება, აცრისაგან 300-დან ერთ შემთხვევაში. განმანათლებლები – ვოლტერი და დიდრო იცავენ ამ მიდგომას, რადგან იგი რაციონალურ განსჯას ეფუძნება. მათთვის აცრები პიროვნული ავტონომიის, საკუთარი თავისა და მომავლის გონიერი განკარგვის, განათლებული მოქალაქეობის სიმბოლოა.

მეცნიერების ტრიუმფი

მეცნიერული მიდგომების მომხრეობა – „პრობაბილისტობა“ – პოპულარული მე-18-ე საუკუნის საზოგადოებაში ხდება, მათ შორის რელიგიის მსახურთა შორისაც. ჟან-ბატისტ ფრესოზი გვიყვება, რომ 1720 წელს ქალაქ ბოსტონში ყვავილის წინააღმდეგ პირველი აცრების დაწყება იქაურმა პროტესტანტმა პასტორებმა ითავეს. მათი აზრით, რაციონალობა ქრისტიანულ რწმენას არ ეწინააღმდეგებოდა. პირიქით, თავის ნაშრომში „რაციონალური რელიგია“ პასტორი მათერი (Mather) წერდა: „ვინც მოქმედებს განსჯით, ცხოვრობს რწმენის თანახმად“. მისივე თქმით, რადგან ყვავილით დაავადებულთა სიკვდილიანობა აცრილთა სიკვილიანობას აღემატება, ღვთის ნებაა, რომ აცრები ჩატარდეს.

ამგვარი რაციონალისტური ფილოსოფიით აღჭურვილი ფრანგული სახელმწიფო სანიტარული პრობლემების აღკვეთისათვის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. მედიცინის სამეფო საზოგადოება 1776 წელს ჩამოყალიბდა. 1804 წლიდან პრეფექტებს ვაქცინაციის პირველი ტალღების განხორციელება დაევალათ. ამ ძალისხმევამ შედეგი მოიტანა: დიდი პანდემიები აღმოიფხვრა, ყვავილი გაქრა. „ჩამოყალიბდა რწმენა, რომ შეგვიძლია სიკვდილს უკან დავახევინოთ“, ამბობს ფრანსუაზ ჰილდესჰეიმერი, „ავადმყოფობა ბუნებრივ ფენომენად ჩაითვალა, რომელსაც შეგვიძლია ღვთაებრივი მოწყალების გარეშეც ვებრძოლოთ – ჰიგიენის გაუმჯობესების, დაავადებულთა იზოლაციის, ავადმყოფებისათვის საკვებისა და წამლების გაცემის გზით“.

პატრის ბურდელეს (Patrice Bourdelais), სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პედაგოგიური სექტორის დირექტორის თქმით, „აზროვნების საერო ყაიდაზე გადასვლა“, რომელიც მე-18 საუკუნეში დაიწყო, მე-19 საკუნეში წარმატებით დაგვირგვინდა. „საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის არსებობისას ყვითელი ციების, ტიფისა და ქოლერის დამარცხებამ ვაქცინების მეშვეობით დაამტკიცა, რომ მეცნიერებას შეეძლო ეპიდემიებთან ბრძოლა. 1918-1919 წლისათვის, როცა ესპანურმა გრიპმა ევროპას შეუტია, პასტერის მემკვიდრეებს გამარჯვება უკვე მოპოვებული ჰქონდათ. ეპიდემიის რელიგიური ახსნა არ გამქრალა, მაგრამ ის უკვე ვიწრო, კონსერვატიული კათოლიკე წრეების კუთვნილებაა. საჯარო სივრცეში საერო, პოლიტიკური და ბაქტერიოლოგიური დისკურსი ბატონობს,“ ამბობს იგი.

სადა ვართ დღეს?

სადა ვართ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც კორონავირუსმა მსოფლიო მასშტაბის კრიზისი გამოიწვია? რამდენად მოახერხა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისადმი რაციონალურმა და მეცნიერულმა მიდგომამ, რომელმაც მე-19 საუკუნეში იზეიმა, საღვთო სასჯელის იდეის გაბათილება? მართალია, ჯერაც გვხვდება აპოკალიპტური, ესქატოლოგიური ანდა უბრალოდ რელიგიური მიდგომები, თუმცა ცხადია, რომ მთელს მსოფლიოში ეპიდემიისაგან დაცვის პირველ ეშელონებში ექიმები, თერაპევტები და მკვლევრები არიან, რომლებიც წამალსა და ვაქცინას ეძებენ. ამის მიუხედავად, ეპიდემიებთან დაკავშირებული სიმბოლოების ენა სულაც არ გამქრალა.

იშვიათია იმის გაგება, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი კორონავირუსით ჩვენი ცოდვებისათვის გვსჯის, თუმცაღა ეპიდემიის ეკოლოგიური თემასთან გადაჯაჭვას ხშირად თან ახლავს ის სიმბოლური ლექსიკონი, რაც ბიბლიურ თუ ანტიკურ „ზეციური ნიშნებს“ ეხმიანება. ნიკოლა ულო (Nicolas Hulot), გამოჩენილი ფრანგი ეკოლოგი ამბობს, რომ ბუნება „სიგნალს” გვიგზავნის, გარკვეული სახის ულტმატუმს, როგორც ფორმით, ისე შინაარსით“. „აუცილებელია, რომ ამ სერიოზულმა გაფრთხილებამ ამაოდ არ ჩაიაროს, მას აზრი უნდა ჰქონდეს. უნდა შევისმინოთ ეს გაფრთხილება: ეს გულისხმობს, რომ წარსულიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ და მათ შესაბამისად მოვიქცეთ,“ წერს იგი.

„თუკი „შიდსის თაობას“ მოუწია სრულ სექსუალურ თავისუფლებაზე უარის თქმა, კლიმატის ცვლილების თაობას მოუწევს უარის თქმა მსოფლიოს გარშემო გაუთავებელ ყიალზე“.

ანთროპოლოგ ფრედერიკ კეკის (Frédéric Keck) თქმით, საზოგადოების ცნობიერებაში ბუნების სასჯელმა ღვთიური სასჯელის ადგილი დაიკავა: „ეკოლოგისტებმა აითვისეს უძველესი იდეა, რომ ეპიდემია მსოფლიო წესრიგის დარღვევის ნიშანია. ადამიანები ეკოსისტემებს არღვევენ, შესაბამისად კორონავირუსი გარკვეულწილად ბუნების შურისძიებად შეიძლება ჩაითვალოს“. რელიგიისათვის დამახასიათებელი ფრაზეოლოგიისა და ხატების სესხებით ეკოლოგიის მიმდევრები მოგვიწოდებენ მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გარემოს.

მაშ, 21-ე საუკუნეშიც კორონავირუსის ეპიდემიამ მივიწყებული სიმბოლოებიც შეგვახსენა და, შესაძლოა, იგი განმანათლებლობის და პიროვნული თავისუფლების იდეალებსაც შეეხოს. ფრედერიკ კეკი ამბობს: „შიდსის ეპიდემიამ, რომელიც სექსუალური გზით ვრცელდებოდა, შეზღუდა აბსოლუტური სექსუალური თავისუფლების იდეა, რომელიც 1968-იანების თაობას ახასიათებდა. მსგავსადვე, კოვიდ-19-ის ეპიდემია, რომელიც პლანეტის გარშემო ელვასავით გავრცელდა, ალბათ გავლენას მოახდენს თავისუფალი გადაადგილების იდეალზე, რომელიც 1990-იანი წლებისათვის იყო დამახასიათებელი. თუკი შიდსის თაობას სექსუალური თავისუფლების შეზღუდვა მოუწია, კლიმატის ცვლილების თაობას ალბათ მუდმივ, მსოფლიში დაუსრულებელ ყიალზე მოუწევს უარის თქმა“.

თუმცაღა მეტაფორების დაბრუნებამ არ უნდა მოგვატყუოს: თუკი ეკოლოგისტების საუბარში ხშირად ვხვდებით დანაშაულისა და სასჯელის სიმბოლურ ენას, იგი მაინც ანალიტიკური, განმანათლებლობის ტრადიციის წიაღიდან არის ამოზრდილი და მასშივე რჩება. და სწორედ ამიტომ, ასობით კვლევაზე დაყრდნობით, იგი მოიხმობს სწორედ რაციონალურ განსჯას – მე-18 საუკუნის საკვანძო ღირებულებას – კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის დასასაბუთებლად.

Via
Le Monde
პირველწყარო
Coronavirus : comment le regard de l’homme a évolué face aux grandes épidémies
Back to top button