skip to content
ჯანმრთელობა

ყველაფერი B ჰეპატიტზე – ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან

დღევანდელ ინტერვიუში განვიხილავთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას, რომელიც გავლენას ახდენს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე — ესაა B ჰეპატიტი. B ჰეპატიტი ხშირად უყურადღებოდ რჩება, მიუხედავად მისი სერიოზული გავლენისა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ინფექციონისტ მაია ბუწაშვილთან საუბრისას განვიხილავთ რა არის ვირუსული ჰეპატიტები, მათ გადაცემის გზებს, გართულებებს, მკურნალობის მეთოდებს და სერვისებს, რომლებიც საქართველოში არსებობს. აგრეთვე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის ვაქცინაცია და ცნობიერების ამაღლება ამ ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.

ლალი ბეგაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრიUSAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”

სიტყვა „ჰეპატიტი“ ნიშნავს ღვიძლის ანთებას, ანუ ნებისმიერი ანთება ღვიძლის, ამ სახელწოდების ქვეშ მოიაზრება. ჰეპატიტი შეიძლება იყოს გამოწვეული ინფექციით, ალკოჰოლით, მედიკამენტებით და სხვა მრავალი მიზეზით. დღეს ჩვენი ფოკუსი ძირითადად ვირუსულ ჰეპატიტებზეა, ამიტომ ამ თემაზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია: გვაქვს A ჰეპატიტი, B, C, D, E, F, G… სულ რაღაც ოციოდე წლის წინ მედიცინა მხოლოდ A და B ჰეპატიტებს იცნობდა, ხოლო დანარჩენებს უწოდებდნენ „არც A,   არც B ჰეპატიტს.“ ახლა უკვე გვაქვს რამდენიმე ახალი ჰეპატიტი, და არსებობს მოლოდინი, რომ კიდევ სხვა ჰეპატიტის ვირუსებიც აღმოჩნდება. ამ ვირუსებს აერთიანებს ერთადერთი ფაქტი: ყველას შეუძლია ღვიძლის ქსოვილის დაზიანება. სხვა მხრივ, ეს ვირუსები სხვადასხვა ჯგუფს მიეკუთვნებიან. ვირუსების გადაცემის გზებიც განსხვავებულია, მათი დამაზიანებელი ეფექტიც და თვისებებიც. მაგალითად, A ჰეპატიტი არ ქრონიკულდება, ანუ როდესაც ადამიანს ეს ვირუსი შეეყრება, ის აუცილებლად, თითქმის 100%-ში, სრულად განიკურნება. B და C ჰეპატიტის ვირუსებს კი აქვთ მაღალი ალბათობა, რომ ქრონიკულ ფორმაში გადავიდნენ, ანუ დარჩნენ ორგანიზმში და სტაბილურად მიმდინარე ინფექცია გამოიწვიონ – გვეუბნება მაია ბუწაშვილი, ექიმი ინფექციონისტი.

ქალბატონო მაია, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰეპატიტების გრძელი ჩამონათვალიდან C ჰეპატიტი ყველაზე საშიში ინფექციაა. ეს მოსაზრება, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ C ჰეპატიტის გარშემო ცნობიერება უფრო მაღალია. რას უპასუხებდით იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ C ჰეპატიტია ყურადსაღები ღვიძლის ვირუსული ინფექცია?

პაციენტები ხშირად ახსენებენ ბოტკინის დაავადებას. მინდა თავიდანვე განვმარტო, რომ ტერმინი “ბოტკინის დაავადება” დღეს აღარ გამოიყენება კლასიფიკაციაში. ამ სახელით ადრე A ჰეპატიტს ვიცნობდით. როდესაც პაციენტებს ვუსვამთ ჰეპატიტის დიაგნოზს, ისინი ხშირად გაკვირვებულები ამბობენ: „ბოტკინი არ მქონია.“ ამიტომ მსურს განვმარტო, რომ B და C ჰეპატიტი ამ ტერმინთან კავშირში არ არის და, ზოგადად, ტერმინი „ბოტკინის დაავადება“ აღარ გამოიყენება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს ბუნებრივია. ჩვენ ვიცით, რომ უკვე 10 წელია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს და ფოკუსიც სწორედ ამ დაავადებაზეა. რადგან, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა C ჰეპატიტის გავრცელების მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა მსოფლიოში, სწორედ ამის გამო დაიწყო 2015 წელს ელიმინაციის პროგრამა. თავდაპირველად C ჰეპატიტის შესახებაც ცნობიერების დონე ძალიან დაბალი იყო და დაავადება – სტიგმატიზებული. ახლა ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიები მიმდინარეობს, რაც დადებითი მოვლენაა, და ჩვენც ვცდილობთ, ეს მესიჯები ხშირად გავაჟღეროთ. C ჰეპატიტთან დაკავშირებით ცნობიერება ნელ-ნელა იზრდება, პრაქტიკულად მივაღწიეთ დამაკმაყოფილებელ შედეგს. რაც შეეხება B ჰეპატიტს, ამ მიმართულებით პროცესები ახლახან დაიწყო. ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის, რა სახის დაავადებაა ეს, და ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი B ჰეპატიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ამბავი კიბოს პირველი ვაქცინის შექმნისა

გთხოვთ, აუხსნათ საზოგადოებას, რა არის B ჰეპატიტი, რატომ ვაქცევთ მას ასეთ დიდ ყურადღებას და რა გადაცემის გზები აქვს. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ A ჰეპატიტი არ ქრონიკულდება, განსხვავებით B ჰეპატიტისგან, რომელსაც აქვს ქრონიკული შემთხვევებიც. როგორია ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების ალბათობა B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში და რატომ ხდება ზოგიერთ შემთხვევაში, რომ B ჰეპატიტი ქრონიკულ ფორმაში გადადის?

B ჰეპატიტის ვირუსი, როცა ადამიანის ორგანიზმში იჭრება, იწვევს მწვავე ჰეპატიტს. სიტყვა “მწვავე” ხშირად არასწორად აღიქმება, თითქოს ეს ნიშნავს მძიმე ან რთულად მიმდინარე დაავადებას. თუმცა, მწვავე შეიძლება სრულიად უსიმპტომო იყოს. ტერმინი „მწვავე“ აღნიშნავს პერიოდს, რომელიც გრძელდება ვირუსის შეჭრიდან პირველი 6 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს სიმპტომები, როგორიცაა სიყვითლე, ტემპერატურის მომატება, გულისრევა და სხვა. ამავე დროს, ეს პერიოდი შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, და ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ B ჰეპატიტის ვირუსი მათ სისხლში იყო. სტატისტიკით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ყოველ მეოთხე ადამიანს გადატანილი აქვს B ჰეპატიტი და უმრავლესობამ ამის შესახებ არაფერი იცის.

მწვავე პერიოდის შემდეგ, ინფიცირებულთა 5-10%-ში ვირუსი დარჩება ქრონიკულ ფორმად, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, იმუნიტეტი ვირუსს განდევნის და ადამიანს დარჩება გადატანილი B ჰეპატიტის სტატუსი. ხშირად პაციენტები სვამენ კითხვას, თითქოს გულუბრყვილოს, მაგრამ ეს კითხვაც კარგია ახსნისთვის: „რომელი ჯობია, B თუ C ჰეპატიტი?“ თუ ამ კითხვას მივყვებით, შესაძლებელია ეს ორი ინფექცია რამდენიმე ნიუანსით განვასხვავოთ: მაგალითად, B ჰეპატიტს უფრო მაღალი აქვს თვითგანკურნების მაჩვენებელი. თუ C ჰეპატიტის ვირუსი 80%-ში იწვევს ქრონიკული ინფექციის განვითარებას, B ჰეპატიტის ვირუსი – მხოლოდ 10%-ში. უბრალოდ, B ჰეპატიტი უფრო მეტად არის გავრცელებული და შესაბამისად, ის მცირე პროცენტიც, ვისთანაც ქრონიკულად რჩება დაავადება, აბსოლუტურ რიცხვებში უფრო მაღალია.

თუ C ჰეპატიტის ვირუსი 80%-ში იწვევს ქრონიკული ინფექციის განვითარებას, B ჰეპატიტის ვირუსი – მხოლოდ 10%-ში. თუმცა, B ჰეპატიტი უფრო მეტად არის გავრცელებული და, შესაბამისად, ის მცირე პროცენტიც, ვისთანაც ქრონიკულად რჩება დაავადება, აბსოლუტურ რიცხვებში უფრო მაღალია.

B და C ჰეპატიტის ვირუსების გადაცემის გზებიც განსხვავებულია. B ჰეპატიტი უფრო ადვილად ვრცელდება, მაგალითად, სქესობრივი გზით ან დედიდან ბავშვზე გადაცემით. C ჰეპატიტს სქესობრივი გზით გადაცემა ძალიან იშვიათად ახასიათებს — ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკიც დაბალია. B ჰეპატიტის ვირუსი გარემოში ძალიან გამძლეა — ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ვირუსია, რომელსაც შეუძლია გარკვეულ ტემპერატურაზე წლების განმავლობაში გადარჩენა. ამიტომ B ჰეპატიტი ხშირად გადაეცემა საოჯახო კონტაქტით, სამწუხაროდ გვაქვს ასეთი შემთხვევები, მაგალითად, როცა ერთი ოჯახის წევრებს შორის ინფიცირების სხვა აშკარა გზა არ არსებობს. ეს იმიტომ ხდება, რომ ვირუსს შეუძლია ზედაპირებზე დიდხანს შეინარჩუნოს ინფიცირების უნარი, რაც C ჰეპატიტის შემთხვევაში არ აღინიშნება.

ჩვეულებრივ, ინფექციის განვითარებისთვის ორგანიზმში ვირუსის გარკვეული რაოდენობის შეჭრაა საჭირო. მაგალითად, გრიპის შემთხვევაში, ვირუსის დიდი რაოდენობაა საჭირო, რომ დაავადება გამოიწვიოს. თუმცა, მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ B ჰეპატიტის ვირუსისთვის მცირე კონცენტრაციაც საკმარისია ინფიცირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მცირე რაოდენობით ვირუსმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დაავადების განვითარება.

B ჰეპატიტის ვირუსი გარემოში ძალიან გამძლეა — ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ვირუსია, რომელსაც შეუძლია გარკვეულ ტემპერატურაზე წლების განმავლობაში გადარჩენა

საქართველოში B ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომელსაც სპეციალისტები მრავალი წლის მანძილზე ითხოვდნენ. ამ პროგრამაში უკვე ჩაერთო რიგი სამედიცინო დაწესებულებები. ქალბატონი მაია ბუწაშვილი ერთ-ერთია იმ ექიმებს შორის, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში პაციენტებს სერვისებს სთავაზობენ. რას გულისხმობს B ჰეპატიტის პროგრამა, რა სერვისების მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ამ პროცესთან დაკავშირებით? ამ საკითხებზე განმარტებები ქალბატონ მაიას ვთხოვეთ.

როგორც ვიცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიზნად დაისახა 2030 წლისთვის ჰეპატიტების ელიმინაცია, და საქართველოც შეუერთდა ამ ინიციატივას. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უკვე 10 წელია მიმდინარეობს, ხოლო ახლა დაიწყო B ჰეპატიტის პროგრამაც. მართალია, ეს პროგრამა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გარკვეული ბარიერების გამო ის მხოლოდ ამ ზაფხულს ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ მას B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ეწოდება, C ჰეპატიტის ელიმინაციისგან განსხვავებით, მისი მიზნები ოდნავ განსხვავებულია. ვიცით, რომ B ჰეპატიტის ქრონიკული შემთხვევების სრულად განკურნება შეუძლებელია, ამიტომ ამ ვირუსის „ელიმინაცია“ პირობითია. პროგრამის მიზანი ვირუსის სრული აღმოფხვრა არ არის, არამედ – მისი ტვირთის მკვეთრად შემცირება საზოგადოებაში. ეს ნიშნავს, რომ ყველა პაციენტმა, ვისაც მკურნალობა სჭირდება, უნდა მიიღოს სათანადო მომსახურება, ხოლო ვისაც ვაქცინაცია სჭირდება – უნდა აიცრან. ეს არის ჩვენი მიზანი 2030 წლისთვის და ამ მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანია.

B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საყოველთაო სკრინინგია, რაც გულისხმობს, რომ B ჰეპატიტზე ყველა ადამიანს ექნება უფასო გამოკვლევის საშუალება.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საყოველთაო სკრინინგია, რაც გულისხმობს, რომ B ჰეპატიტზე ყველა ადამიანს ექნება უფასო გამოკვლევის საშუალება. აქამდე სკრინინგი მიზანმიმართულად ტარდებოდა მხოლოდ რისკ-ჯგუფებში, თუმცა ახლა ის საყოველთაო გახდა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს კლინიკაში და უფასოდ ჩაიტაროს B ჰეპატიტის ტესტი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვის გამოკვლევებისა და მკურნალობის უზრუნველყოფას. ქრონიკული ფორმის დიაგნოზი დასტურდება მას შემდეგ, რაც 6-თვიანი შუალედით ორჯერ დადასტურდება ვირუსის არსებობა, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი უკვე ვეღარ განიკურნება ბუნებრივად.

ასეთ პაციენტებში შემდგომი კვლევებით ხდება ვირუსის აქტივობისა და ღვიძლის დაზიანების ხარისხის შეფასება. ამის საფუძველზე ხდება იმ ჯგუფის გამოვლენა, რომელთაც ანტივირუსული მკურნალობა ესაჭიროებათ. განსხვავებით C ჰეპატიტისგან, სადაც მკურნალობა ყველა ინფიცირებულს ენიშნება, B ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობა ენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. B ჰეპატიტის მკურნალობა ხანგრძლივია და, როგორც წესი, სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების გაცემა უფასოდ მოხდება.

პროგრამის მესამე, მნიშვნელოვანი კომპონენტი ვაქცინაციაა. მასობრივი ვაქცინაცია B ჰეპატიტზე საქართველოში 2002-2003 წლებში დაიწყო, ამიტომ მანამდე დაბადებულ მოსახლეობას ვაქცინაცია სჭირდება. სამწუხაროდ, ამ პროცესში ჩართულობა დაბალია და საჭიროა მეტი მუშაობა, რომ ადამიანებს სურვილი გაუჩნდეთ და გაიზარდოს მათი ცნობიერება ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.

თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანები B ჰეპატიტს ისე გადაიტანენ, რომ ამის შესახებ არც კი იციან ან ვირუსის მტარებლები არიან, თუმცა ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. რის საფუძველზე უნდა მიმართოს რიგითმა მოქალაქემ სამედიცინო ცენტრს B ჰეპატიტის სკრინინგისთვის?

საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და, საბედნიეროდ, ახლა ეს პროგრამის ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია. თუ ჩვენ დავიწყებთ ფიქრს, გვაქვს თუ არა უფრო მაღალი რისკი ან შეიძლება თუ არა, რომ ინფიცირებულები ვიყოთ, ეს სწორ გადაწყვეტილებამდე ვერ მიგვიყვანს. საკითხი უფრო პირდაპირ უნდა დავაყენოთ — ნებისმიერმა ადამიანმა, ყოველ ექვსი თვეში ან ერთ წელიწადში ერთხელ, უნდა ჩაიტაროს სკრინინგი. თუ პირი ვაქცინირებულია, მაშინ სკრინინგი აღარ არის საჭირო. თუმცა, რადგან C ჰეპატიტზე ვაქცინა არ არსებობს, ადამიანები პერიოდულად უნდა იტარებდნენ სკრინინგს, მაშინ როცა B ჰეპატიტის შემთხვევაში ვაქცინაცია უზრუნველყოფს, რომ შემდგომი სკრინინგი აღარ გახდეს საჭირო.

გვაქვს თუ არა უფრო მაღალი რისკი ან შეიძლება თუ არა, რომ ინფიცირებულები ვიყოთ? ეს კითხვა სწორ გადაწყვეტილებამდე ვერ მიგვიყვანს. საკითხი პირდაპირ უნდა დავაყენოთ — ნებისმიერმა ადამიანმა, ყოველ ექვსი თვეში ან ერთ წელიწადში ერთხელ, უნდა ჩაიტაროს სკრინინგი.

კითხვა მაქვს იმ მედიკამენტის შესახებ, რომელიც B ჰეპატიტის ანტივირუსული თერაპიის ფარგლებში გამოიყენება. ზოგ მედიკამენტს, მაგალითად, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შემთხვევაში, პირდაპირ ვირუსის განადგურება შეუძლია. თუმცა, არის მედიკამენტების სხვა ტიპებიც, რომლებიც ვირუსის კონცენტრაციას აკონტროლებენ. როგორია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტის მექანიზმი და რას უნდა ველოდოთ მისი გამოყენებისას?

ხშირად პაციენტებს არასწორი მოლოდინები აქვთ, ჰგონიათ, რომ B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში გაჩნდა ახალი მედიკამენტები, რომლებიც სრულად განკურნებას იწვევს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. პროგრამა ითვალისწინებს უკვე კარგად ცნობილ და გამოყენებულ მედიკამენტს, რომელიც ახლა უფასოდ მიეწოდება პაციენტებს. ეს არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანია რეგისტრირებულია და გამოიყენება, თუმცა ფინანსური შეზღუდვების გამო მას მხოლოდ მცირე ნაწილი იღებდა.

ამ მედიკამენტის ამოცანაა ვირუსის კონცენტრაციის დათრგუნვა მინიმუმამდე, პრაქტიკულად ნულამდე. როდესაც პაციენტები ყოველ 6 თვეში ერთხელ იტარებენ გამოკვლევას, ვხედავთ, რომ ვირუსის დონე ნულის ტოლია, შესაბამისად, ღვიძლის დაზიანება აღარ მიმდინარეობს და თავიდან ავიცილებთ ისეთ გართულებებს, როგორიცაა ციროზი ან კიბო. ეს არის მკურნალობის მთავარი მიზანი.

პრობლემა ისაა, რომ მედიკამენტის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, რადგან მისი შეწყვეტის შემდეგ ვირუსი ისევ იწყებს გამრავლებას და ზიანის მიყენებას.  ასეთი ტიპის ახალ ინიციატივებს ახლავს ხოლმე ეჭვი და შიში. C ჰეპატიტის პროგრამამ ეს უკვე გამოიარა, ამიტომ პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს მედიკამენტი უსაფრთხოა და უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ეს არ გახლავთ ახალი მედიკამენტი და პრაქტიკულად არ აქვს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ბევრი პაციენტი, მათ შორის საქართველოშიც, 8-10 წელია ამ მედიკამენტს იღებს. მედიკამენტის მიმართ რეზისტენტობაც ძალიან იშვიათია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მშვიდად მივყეთ მკურნალობას.

მედიკამენტის მიღება და პროგრამაში ჩართვა სიცოცხლის ბოლომდე მოითხოვს თუ არა ცხოვრების სტილის მნიშვნელოვან ცვლილებებს? რამდენად ზემოქმედებს ეს პროგრამა ადამიანის ყოველდღიურობაზე?

ძალიან კარგი კითხვაა. ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ მედიკამენტის მიღება მათ ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს, თუმცა ეს არასწორი წარმოდგენაა. ქრონიკული B ჰეპატიტი თავად მოითხოვს ცხოვრების ჯანსაღ წესს, როგორიცაა ალკოჰოლის მინიმუმამდე შემცირება, ზედმეტი მედიკამენტების თავიდან აცილება — რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირი პრობლემაა. ასევე, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება.

ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ მედიკამენტის მიღება მათ ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს, თუმცა ეს არასწორი წარმოდგენაა.

ეს შეზღუდვები მედიკამენტის გამო კი არ არის, არამედ თავად ქრონიკული ჰეპატიტის გამოა. მედიკამენტი ცხოვრების წესს არ ცვლის: პაციენტი უბრალოდ იღებს ერთ ტაბლეტს დღეში და ექვს თვეში ერთხელ იტარებს კლინიკაში გამოკვლევებს. ეს პაციენტებს არ უშლის ხელს ჩვეულებრივად გააგრძელონ ყოველდღიური აქტივობები, რაც უნდა იცოდნენ, რადგან ბევრისთვის ეს მოლოდინები ბარიერს ქმნის მკურნალობის დასაწყებად.

გასაგებია, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ბევრისთვის სასიამოვნო მოსასმენია. ბოლო საკითხი, რაც ვაქცინაციას ეხება: ვაქცინაციას მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს B ჰეპატიტი არ დაუდასტურდა და ვაქცინაციაც არ აქვს ჩატარებული. ადრე, პროგრამამდე, ვაქცინაცია უფასო იყო მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის. შეცვლის თუ არა ეს პროგრამა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობას, ანუ უფასო იქნება ყველასთვის, თუ ისევ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე იქნება ორიენტირებული?

ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო გახდა. მართალია, რისკ-ჯგუფები პრიორიტეტად რჩებიან, რადგან მათთან მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვები არ უნდა აიცრან. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც B ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რისკი. სწორედ ამიტომ ვაქცინაცია საყოველთაოა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

აღნიშნეთ, რომ B ჰეპატიტის ვაქცინაცია 2002-2003 წლიდან დაიწყო და მისი ეფექტურობა აშკარად ჩანს — ამ პერიოდში დაბადებულ თაობაში, მათ შორის მეც, B ჰეპატიტი თითქმის აღარ გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტურობა დადასტურებულია, ის პირველად 1984 წელს დაინერგა, და მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი ისტორიისა, მაინც ბევრი ადამიანი შფოთავს ვაქცინაციის გამო, განსაკუთრებით ისინი, ვისთვისაც ის სავალდებულოა. გვითხარით, რა გართულებები შეიძლება ახლდეს B ჰეპატიტის ვაქცინაციას და აქვს თუ არა მას გვერდითი მოვლენები?

ვაქცინების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ახალი არ არის. B ჰეპატიტის ვაქცინამაც თავის დროზე სერიოზული წინააღმდეგობა გამოიარა საქართველოში და მისი დანერგვა ძალიან რთული იყო. მას ბევრ ისეთ რამეს აბრალებდნენ, რაც სრულიად უსაფუძვლო იყო. კოვიდის საწინააღმდეგო ანტივაქსერულმა კამპანიამ ყველა სხვა ვაქცინის მიმართაც ნდობა შეარყია, მათ შორის B ჰეპატიტის ვაქცინის მიმართაც.

მინდა ვთქვა, რომ B ჰეპატიტის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა, რადგან ის არ არის ცოცხალი ვაქცინა, არ შეიცავს დახოცილ ვირუსს და, საერთოდ, მიკროორგანიზმი და ვირუსის ნაწილაკიც კი არ არის. ეს არის ვირუსის ერთ-ერთ ნაწილაკთან მიმსგავსებული ხელოვნურად სინთეზირებული ფრაგმენტი, რომელიც დიდი რაოდენობითაც რომ შეუყვანო ადამიანს, ჰეპატიტს ვერ გამოიწვევს იმიტომ, რომ თვითონ ვირუსი არ შედის ორგანიზმში არანაირი სახით.

B ჰეპატიტის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა

ხშირად პაციენტებს ასეთ მაგალითს ვაძლევ: ყველას ჰყავს შვილი, შვილიშვილი, ნათესავი ან მეზობელი, ვინც ახალშობილობაში, როცა სულ რაღაც სამი კილოგრამს იწონის, იკეთებს იმ ვაქცინას, რომელზეც მოზრდილი ადამიანები უარს ამბობენ. ეს მაგალითი ბევრ მათგანს აფიქრებს — თუ მათი შვილი იკეთებს ამ ვაქცინას დაბადებისთანავე, და შემდეგში კიდევ სამჯერ ვაქცინირდება წლამდე ასაკში, რატომ უნდა ჰქონდეს მოზრდილ ადამიანს ირაციონალური შიში და უარი თქვას იმავე ვაქცინაზე? ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს ინფორმაცია ხშირად მივაწოდოთ ადამიანებს და დავაფიქროთ, რადგან ხშირად ასეთმა შედარებებმა შეიძლება შეცვალოს მათი შეხედულებები. უფრო გულსატკენი ისაა, როცა ჯანდაცვის მუშაკები ცდილობენ ვალდებულებას გვერდი აუარონ, ალერგიას იმიზეზებენ, მაშინ როცა არ არსებობს რაიმე ფონი, რომელიც ვაქცინაციისთვის უკუჩვენება იქნება. ორსულებისთვისაც კი B ჰეპატიტის ვაქცინა უსაფრთხოა, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არც ქრონიკული დაავადებებია ვაქცინაზე უარის თქმის მიზეზი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიცრას.

ხშირად სვამენ კითხვას, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია გადატანილი B ჰეპატიტის შემდეგ. გადატანილი კი არა, მწვავე B ჰეპატიტიც რომ ჰქონდეს ადამიანს, ვაქცინა ვერანაირ ზიანს მიაყენებს. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში ვაქცინა აზრს კარგავს, რადგან ის ვირუსი უკვე ორგანიზმშია. თუმცა, თუნდაც თუ ტესტს არ გაიკეთებთ და პირდაპირ აიცრებით, ეს ზიანს არ მოგაყენებთ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ვაქცინაციისთვის წინასწარი გამოკვლევები სავალდებულო არ არის, მაგრამ უშუალოდ პროგრამაში ჩართვისას ხომ არ არის საჭირო რაიმე წინასწარი გამოკვლევების ჩატარება, და შემდეგ ვაქცინაცია?

დიახ, პროგრამა პირველ ეტაპზე სკრინინგს ითვალისწინებს — ხდება გამოკვლევის ჩატარება და თუ ვირუსი არ გამოვლინდება, შემდეგ ვაქცინაცია. ეს ლოგიკური თანმიმდევრობაა, რადგან სკრინინგი არა მხოლოდ ვაქცინაციის საჭიროებას ადგენს, არამედ თავიდან აგვაცილებს ზედმეტ ხარჯებს, როგორიცაა ვაქცინის სამი დოზის მიცემა იმ პირისთვის, რომელსაც უკვე აქვს ვირუსი. ასეთ შემთხვევაში ვაქცინა მისთვის აღარ არის სასარგებლო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვაქცინა ზიანს არ მიაყენებს, უბრალოდ აზრს კარგავს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს უკვე აქვს ვირუსი ან გადატანილი აქვს.

B ჰეპატიტის გადაცემის მექანიზმებიდან რომელს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად და რომელი არის ყველაზე გავრცელებული? გადაცემის გზები ასეთია: სისხლით, სქესობრივი გზით და დედიდან ბავშვზე გადაცემა. აქ ყურადღებას გავამახვილებ სქესობრივი გზით გადაცემაზე, რადგან B ჰეპატიტის ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა გაცილებით მაღალია, ვიდრე C ჰეპატიტის. ბევრი ადამიანი შეიძლება სხვა რისკ-ფაქტორების გარეშე მხოლოდ ერთჯერადი დაუცველი სქესობრივი კონტაქტით დაინფიცირდეს. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები აქვს. რაც შეეხება დედიდან ბავშვზე გადაცემას, ეს გზაც ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც ორსულების სკრინინგი ტარდება, და თუ დედას B ჰეპატიტი აქვს, ახალშობილს შესაბამისი პროფილაქტიკური თერაპია უტარდება.

ქალბატონო მაია, დასასრულს იქნებ მოგვცეთ რამდენიმე რეკომენდაცია, როგორ დავიცვათ თავი B ჰეპატიტის ვირუსისგან და როგორ შევინარჩუნოთ ღვიძლის ჯანმრთელობა, რადგან ღვიძლის კიბო B ჰეპატიტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა. ამასთან დაკავშირებით რას გვირჩევთ?

რეკომენდაციები აუცილებლად იწყება ვაქცინაციით. საბედნიეროდ, B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ გვაქვს ასეთი ძლიერი იარაღი ხელში, და როდესაც ადამიანი აცრილია, სხვა სიფრთხილის ზომები შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუმცა, ზოგადი რეკომენდაციები, როგორიცაა არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენების თავიდან აცილება და დაუცველი სქესობრივი კონტაქტებისგან თავის არიდება, კვლავ ძალაშია. ორსულობის დროს სკრინინგიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა კიდევ ვიმეორებ — ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვაქცინაციაა.

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ „მეტისმეტად ბევრს არ სვამს,“ მაგრამ თუ დაუკვირდებით, ხშირად ეს მაინც ძალიან ბევრია

რაც შეეხება ღვიძლის ჯანმრთელობას ზოგადად, ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ „მეტისმეტად ბევრს არ სვამს,“ მაგრამ თუ ჩაუკვირდებით, ხშირად ეს მაინც ძალიან ბევრია. ღვიძლის ჯანმრთელობა მხოლოდ ჰეპატიტებთან ბრძოლით არ შემოიფარგლება, ალკოჰოლს ცალკეც შეუძლია ღვიძლის სერიოზული დაზიანება. ვირუსთან ერთად კი ალკოჰოლი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და იწვევს გართულებებს. ამიტომ, ყოველთვის ვსარგებლობ შემთხვევით, რომ შევახსენო ადამიანებს, როგორ მნიშვნელოვან რისკს უქმნის ალკოჰოლი მათ ღვიძლს და ჯანმრთელობას.

მოუსმინეთ სრულად – “ჯანმრთელობის დღიურების” youtube-ის გვერდზე:

მსგავსი/Related

Back to top button