skip to content
ჯანმრთელობა

ღამურებიდან პოტენციურ პანდემიამდე – სამხრეთ აზიის ბრძოლა ნიპას ვირუსთან

16 სექტემბერს ინდოეთის კერალის შტატში ნიპას ვირუსს 24 წლის სტუდენტი ემსხვერპლა. ივლისის შემდეგ ეს ნიპას ვირუსის გართულებებით გამოწვეული მეორე სიკვდილის შემთხვევაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ნიპა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს აყვანილი, ვინაიდან ერთ-ერთია იმ ვირუსებიდან, რომლებსაც დიდი ეპიდემიების გამოწვევა შეუძლიათ. Covid-19-ს პანდემიაგადატანილი მოსახლეობა ბუნებრივი შიშით უცქერს მისთვის მეტწილად უცნობი ინფექციის გავრცელებას. მსოფლიო მედიაში, მათ შორის საქართველოშიც, პერიოდულად ჩნდება მყვირალა სათაურები ნიპას ვირუსის აფეთქების და პოტენციური პანდემიის დაწყების თაობაზე. ამ სტატიაში გავეცნობით ნიპას ვირუსს, მის ხასიათს და გავერკვევით, რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს, ან არც იყოს.


ზურაბ ალხანიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია


დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიპას ვირუსი ზოონოზური ინფექციაა, რაც ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ჩვეულებრივ პირობებში ხერხემლიანი ცხოველიდან გადაედება ადამიანს. ამგვარი გადაცემის გზა კი ორგვარია. პირდაპირი გზით გადადება განპირობებულია უშუალო კონტაქტით დაინფიცირებულ ცხოველთან: ნაკბენი, ნაკაწრი, დაინფიცირებული შარდი, შეხება ფეკალურ მასასთან, გამონაყოფის შესუნთქვა, რესპირატორული წვეთები (გამოყოფილი ხველის ან დაცემინების შედეგად). არაპირდაპირი გავრცელება კი ხდება ფეხსახსრიანი გადამტანის – რწყილი, ტილი, კოღო, ტკიპა, ტარაკანა და ძმანი მათნი – შუამავლობით.

თუმცაღა, ნიპას ახასიათებს ნახტომისებური გადადებაც, ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადადებული ვირუსი, რომელიც შემდეგ ინფიცირებული ადამიანიდან შეიძლება სხვა ადამიანს გადაეცეს. ანუ მთავარი ორი ეპიზოდია: პირველი, როცა ვირუსი სახეობათაშორის კედელს (ბარიერს) დაძლევს / გაანგრევს და მეორე, როცა ის ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადადებას “ისწავლის.” სწორედ ამ თვისებების მქონე ინფექციურმა აგენტებმა გამოიწვიეს ისეთი პანდემიები როგორიცაა: აივ ინფექცია/შიდსი, SARS-ი, გრიპი და თავად კოვიდ-19.

ზოონოზური ინფექციები საშიშია, რადგან ცხოველებიდან ადამიანებზე გადადიან და ქმნიან ახალი, პოტენციურად პანდემიური პათოგენების გავრცელების საფრთხეს.

ნიპას ვირუსი ახალი არაა, მისი აფეთქება რამდენიმე ქვეყანაში მოხდა და იქაურმა გამოცდილებამ მეცნიერებს ბევრი რამ ასწავლა ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების ვექტორების შესახებ.

მალაიზია

მისი პირველი დოკუმენტურად აღნუსხული აფეთქება გასული 1990-იან წლებში მალაიზიაში დაიწყო. ამ საქმეშიც გიგანტური ხილიჭამია ღამურები იყვნენ გარეული.

სავარაუდოდ, ღამურების ორგანიზმში, სხვა ხერხემლიანებისაგან განსხვავებული მეტაბოლიზმის წყალობით, სხვა სახეობებისათვის შედარებით იშვიათ ვირუსებს ისე შეუძლიათ არსებობა, რომ თავად ღამურებს არ აზიანებენ. ეს ღამურები ზოგჯერ ზოგიერთ ხილს პირდაპირ ხიდან ჭამენ, რაც ჩვეულებრივ არ ახასიათებთ.

ამბავი ფრიად საინტერესოდ განვითარდა. ხილიჭამია ღამურებმა დაიწყეს ხილის ჭამა ხეებიდან, არადა მათ გარშემო ღორებს აშენებდნენ. ხეზევე ხილი ვირუსებით დაბინძურდა, მიწაზე ჩამოცვენილი კი ღორებმა შესანსლეს და დაავადნენ. ღორიდან ვირუსით დასნებოვდა ყასაბი. ანუ გავრცელების ვექტორი ასეთი იყო: ღამურიდან ხილზე, ხილიდან ღორზე, ღორიდან კი, ადამიანზე.

მასობრივ გავრცელებას ხელი იმან შეუწყო, რომ ავადმყოფი ღორები ხალხმა დაკლა და გაყიდა. შესამამისი კონტროლის გარეშე, ხორციდან დაავადება მყიდველებზე გავრცელდა. სიმპტომები იყო ცხელება, თავის ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გართულება, ღებინება, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა უფრო მძიმე გართულებები: ორიენტაციის დაკარგვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა, ტვინის შეშუპება (ენცეფალიტი) და სხვა. საბოლოოდ, 250-მდე ადამიანი დაავადდა ან დაიღუპა. 1998-99 წლებში სიკვდილობა ინფიცირებულების 40-50%-ს შეადგენდა.

ეპიდემიასთან გასამკლავებლად ბოლოს მალაიზიაში ღორები საერთოდ დახოცეს და ამით ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრია გაანადგურეს.

ხილიჭამია ღამურები ნიპას ვირუსის მტარებლები არიან, რომელიც ადამიანებზე მათი ნერწყვისა და შარდის საშუალებით გადადის.
წყარო: ჯორჯ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდი.

ბანგლადეში

შემდეგი აფეთქება 2001 წელს ბანგლადეშში დაიწყო, რაც ბევრს გაუკვირდა, რადგან ვინაიდან მალაიზიის გამოცდილებით, ნიპას ვირუსი ღორებთან იყო ასოცირებული. ბანგლადეშში მეტწილად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს და ღორის ხორცს არ ეკარებიან. ღორებიც თითქმის არ არიან.

თუმცა შემდეგ მეცნიერები დააკვირდნენ მოვლენებს და ეს დაასკვნეს: ღამურებს უყვართ ფინიკის პალმის წვენი. იქაურები კი ფინიკის პალმის ხეზე დაკიდულ ქოთნებში აგროვებენ ამ ტკბილ წვენს, რომლისგანაც მერე ფინიკის შაქარსა და თაფლს ამზადებენ. სწორედ ეს წვენი იზიდავდა ხილიჭამია ღამურებს. ისინი ქოთნებს ლოკავდნენ და ზოგჯერ დეფეკაციისას გამოყოფილი მასა ქოთანში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ფინიკის პალმის წვენი დელიკატესად ითვლება. ის სარფიანად იყიდებოდა და ადამიანები, რომლებიც დაბინძურებულ წვენს სვამდნენ, ნიპას ინფექციით ავადდებოდნენ. ამ შემთხვევაშიც, სიკვდილობა ძალიან მაღალი იყო – ზოგჯერ ინფიცირებულთა 60%-ც აღწევდა. ვირუსი ხშირად იწვევდა მენინგოენცეფალიტს, რაც პირველ რიგში ტვინს აზიანებს.     

ბანგლადეშის შემთხვევაში, „დამნაშავე ღამურა“ მალაიზიურზე ბევრად დიდია და შებინდებისას დაფრინავენ. ისინი ხილის წვენს სვამენ და მხოლოდ ტკბილით იკვებებიან. ამდენად, ამ შემთხვევაში პრობლემისგან თავის არიდების ერთადერთი გზა იყო ბამბუკის ღეროებით ფინიკის პალმის მერქნის დაფარვა აღმოჩნდა. ღამურები ქოთნებს ვეღარ წვდებოდნენ და დაავადების გადაცემაც შეწყდა. მაშასადამე, ამ შემთხვევაშიც, ღამურამ დააბინძურა ხილი, რომელიც მიირთვა ადამიანმა და შემდეგ ვირუსი გავრცელდა ადამიანიდან ადამიანზე, ძალიან, ძალიან ახლო კონტაქტით.

ნიპა არ გადაეცემა აეროვანი და წვეთოვანი გზით, როგორც მაგალითად გრიპი ან Covid-19, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თუ ოთახში შეივლის და დაახველებს, ვირუსს არ გადასდებს სხვებს.

ბანგლადეშში მკვლევრები ნიმუშების შეგროვების შემდეგ ხილიჭამია ღამურებს კვებავენ და ბუნებაში აბრუნებენ.
წყარო: აუსრაფულ ისლამი, ჯორჯ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდი. 2020

ინდოეთი

ინდოეთში ნიპას ვირუსმა ბოლო წლებში არაერთხელ შეგვახსენა თავი. პირველად 2018 წლის მაისში ის კერალას შტატში გამოვლინდა. აფეთქება რამდენიმე თვე გაგრძელდა და 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გახმაურებული შემთხვევა იყო ნიპას ვირუსის მეექვსე აფეთქება 2023 წელს, როცა 12 წლის ბიჭი, რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება, თავის ტკივილი და ღებინება, კოჟიკოდეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა გაუარესდა და ენცეფალიტი განუვითარდა. ის 2023 წლის 5 სექტემბერს დაიღუპა. გაირკვა, რომ ბიჭის ოჯახი ნედლი ფინიკის პალმის წვენს მოიხმარდა. მეორე ვერისიით, ბიჭი შესაძლოა დაინფიცირდა ღამურებთან ან ღამურების ნარჩენებთან პირდაპირი კონტაქტით, რადგან მისი სახლის მახლობლად ღამურები სახლობდნენ.

შემდგომში ვირუსი გამოვლინდა კიდევ რამდენიმე ადამიანში, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ გარდაცვლილ ბიჭთან, მისი ოჯახის წევრებთან და ექიმებთან. ეპიდ-აფეთქება გავრცელდა კერალას სხვა ნაწილებში. სულ ექვსი შემთხვევა დადასტურდა და ორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქების კონტროლქვეშ მოქცევა სპეციალისტებმა რამდენიმე კვირაში მოახერხეს, თუმცა დაავადებამ 2024 წლის ივლისში კვლავ იფეთქა.

რა მოვუხერხოთ ნიპას?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნიპას ვირუსის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ხოლო ვაქცინის შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ. მაშ, გააჩნია თუ არა ნიპას ვირუსს პოტენციალი, გამოიწვიოს ახალი პანდემია? პასუხი მარტივია.

პანდემიის პოტენციალი გააჩნიათ:

  • ახალ ან აქამდე უცნობი ტიპის/ქვეტიპის მიკრობებს;
  • მიკრობს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში რეპლიკაცია/გამრავლება და დაავადების გამოწვევა შეუძლიათ; და
  • მიკრობებს, რომლებიც იოლად გადაეცემიან ერთი ადამიანიდან მეორეს.

როგორც უკვე ვიცით, ნიპას ვირუსი სამივე კომპონენტს ვერ აკმაყოფილებს –  ის არც უცნობი ინფექციაა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც რთულად ხდება. ამიტომ პანდემიის რისკიც დაბალია.

მიუხედავად ამისა, სიფრთხილე აუცილებელია. პანდემიად რომც ვერ განვითარდეს, ლოკალური ეპიდ-აფეთქებებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გადატვირთვის რისკი ნამდვილად არსებობს.

ასეთი ტიპის ინფექციების აფეთქება არა მხოლოდ იმიტომაა საშიში, რომ ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, არამედ იმიტომაც, რომ დიდ ეკონომიკურ ზიანსაც იწვევს.

ასეთი ტიპის ინფექციების აფეთქებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს, არამედ იწვევს სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს, რაც სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებზე ძლიერ დატვირთვას ქმნის.

მაგალითად ნიპას ვირუსის აფეთქება მალაიზიას 540 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. 2002-2004 წლებში SARS-ის აფეთქებისას, რომელიც გამოწვეული იყო მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომით (კორონავირუსით), დაინფიცირდა დაახლოებით 8000 ადამიანი და მინიმუმ 774 გარდაიცვალა. ერთი შეხედვით, გავრცელების მასშტაბი ძალიან დიდი არ იყო, თუმცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვის გამო ჩინეთი 50 მილიარდი ამერიკული დოლარით  დაზარალდა.

შესაბამისად, ქვეყნები მსგავსი პათოგენების გავრცელების რისკის შესამცირებლად უამრავ ღონისძიებას ატარებენ. მათ შორისაა საქართველოც, სადაც ნიპას ვირუსი განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში შედის, რითაც სახელმწიფო პროფილაქტიკური ზომების შემუშავების ვალდებულებას იღებს.

წყარო: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

Back to top button