დიაბეტის გაახალგაზრდავება, წონის კლების საშუალებები და ედოკრინული მიზეზებით გამოწვეული ჰიპერტენზია – ინტერვიუ ნინო ზავრაშვილთან
დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ დიაბეტის და დიაბეტის გაახალგაზრდავების ტენდენციაზე, ასევე, წონის კლების საშუალებებზე და იმ ენდოკრინოლოგიურ მიზეზებზე, რომლებიც მაღალ წნევას იწვევს. ცხადია, ენდოკრინოლოგია საკმაოდ ფართო სფეროა, ამიტომ შევარჩიეთ ისეთი აქტუალური თემები, რომელთა შესახებაც შეიძლება მოსახლეობას არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. ამ საკითხებზე ვესაუბრებით თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, ნინო ზავრაშვილს.
დავით აფციაური, საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრი, USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”
ქალბატონო ნინო, სანამ უშუალოდ “დიაბეტის გაახალგაზრდავების” პრობლემას შევეხებით, პირველ რიგში, განვმარტოთ მაყურებლისთვის, რა არის დიაბეტი ზოგადად და რა განსხვავებაა პირველ და მეორე ტიპის დიაბეტს შორის. ასევე, რატომ ეწოდება ზოგჯერ დიაბეტს “შაქრიანი”?
ტერმინი “შაქრიანი დიაბეტი” აღნიშნავს ნახშირწყლების ცვლის დარღვევას, რომლის შედეგადაც სისხლში შაქრის დონე იმატებს. დიაბეტი ორ ძირითად კატეგორიად იყოფა. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირია ტიპი ორი დიაბეტი, რომელიც დიაბეტის შემთხვევების 90%-ზე მეტს მოიცავს, ხოლო ტიპი ერთი დიაბეტი 5-10 პროცენტს წარმოადგენს. ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ტიპი ორი დიაბეტი დაკავშირებულია ინსულინის შეფერხებულ მუშაობასთან და, როგორც წესი, მოგვიანებით ასაკში იჩენს ხოლმე თავს. თუმცა, როგორც თქვენ თქვით, ახლა ეს ასაკობრივი ზღვარი დაბლა წამოვიდა და უფრო ახალგაზრდა ადამიანებშიც გვხვდება. ხოლო ტიპი ერთი დიაბეტი, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვლინდება, ინსულინის არასაკმარისი წარმოქმნით ხასიათდება, რაც ინსულინის დეფიციტს იწვევს და ასეთ შემთხვევაში ინსულინის თერაპია ადრეულ ასაკშივე აუცილებელია.
თქვენ უკვე ახსენეთ, თუმცა მაინც გავიმეორებ: ტიპი 2 დიაბეტი ჩვეულებრივ ითვლება მოზრდილთა, შუახნის ასაკის დაავადებად, თუმცა ბოლო წლებში სურათი შეიცვალა და მოზარდებშიც ვხედავთ ამ დიაგნოზს. რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც, ასე ვთქვათ, გააახალგაზრდავა დიაბეტის გამოვლენის ასაკი?
დიახ, ნამდვილად. გლობალურად სტატისტიკა საკმაოდ არასახარბიელოა, რადგან შაქრიანი დიაბეტის გავრცელება და სიხშირე იზრდება. მსოფლიო მასშტაბით 530 მილიონ ადამიანს აქვს დიაგნოზი ტიპი 2 დიაბეტით, და დიაბეტის ასაკი მართლაც გაახალგაზრდავდა. ეს მოვლენა პირდაპირ კავშირშია ჭარბი წონისა და სიმსუქნის მატებასთან, რომელიც ასევე ბავშვთა ასაკიდან იწყება, რაც თავის მხრივ ზრდის მეტაბოლური დაავადებების, მათ შორის ტიპი 2 დიაბეტის რიცხვს.
მოდით, პრევენციაზე ვისაუბროთ. გადამდები დაავადებების შემთხვევაში ხშირად უფრო მეტი ვიცით, თუ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, იქნება ეს ვაქცინაცია, ხელების დაბანა, ნიღბის ტარება თუ სხვა. დიაბეტი არაგადამდები დაავადებაა და, გადამდები დაავადებებისგან განსხვავებით, მულტიფაქტორულია — სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაბამისად, მისი პრევენცია უფრო რთულია. რა პრევენციული ზომების მიღება შეუძლიათ მშობლებს, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ტიპი 2 დიაბეტის რისკი შეამცირონ? რამდენად არის ადრეულ ასაკში ცხოვრების სტილი, მაგალითად, კვება და ფიზიკური აქტივობა, დაკავშირებული ტიპი 2 დიაბეტის ნაადრევ განვითარებასთან?
დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. პრევენციის გზები განსხვავებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის. რაც უფრო ადრეულ ასაკში მივიღებთ ამ ზომებს, მით უფრო ნაკლებ რისკს შევუქმნით პაციენტს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ცხოვრების გაჯანსაღებული წესი: ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და, ზოგადად, აქტიური ცხოვრების რეჟიმი. იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც ოჯახური ანუ გენეტიკური რისკ-ფაქტორები აქვთ, ამ პრევენციული ზომების მიღება შეგვიძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ტიპი 2 დიაბეტის და მასთან დაკავშირებული გართულებების რისკი.
ასევე, რა ძირითადი სიმპტომებით ვლინდება ტიპი 2 დიაბეტი ახალგაზრდებში და ასეთ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა ან თავად ახალგაზრდამ?
როგორც ახალგაზრდა, ასევე მოგვიანებით ასაკში, ტიპი 2 დიაბეტი უმეტესად უსიმპტომოა და ფარულად მიმდინარეობს. მანამ, სანამ სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს. თუმცა, სიმპტომების შემთხვევაში ხშირად გვხვდება გახშირებული შარდვა, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, ენერგიის ნაკლებობა, სისუსტე, წონის კლება და მხედველობის ცვლილებები. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ცხადია, რეკომენდებულია, რომ პაციენტმა ექიმს მიმართოს.
მოდით, კიდევ ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წონის დასაკლებად გახშირდა სპეციალური საინექციო პრეპარატების, სემაგლუტიდების გამოყენება. მაყურებელს შესაძლოა ეს პრეპარატები სხვადასხვა კომერციული დასახელებით იცნობდეს. უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ, რა პრეპარატია სემაგლუტიდი, თავდაპირველად რა კლინიკური დანიშნულებისთვის მიენიჭა მას ავტორიზაცია და რა მექანიზმით უწყობს ხელს წონის კლებას?
თანამედროვე მედიცინაში და ენდოკრინოლოგიაში ბოლო 10-15 წელია ინოვაციური ნაბიჯებია გადადგმული. ეს პრეპარატები მიეკუთვნება ინკრეტინების ოჯახს, რომელშიც შედის სემაგლუტიდი. საზოგადოებისთვის ცნობილია ბრენდული დასახელებებით, როგორიცაა ოზემპიკი, ვეგოვი და სხვა. თავდაპირველად, ამ პრეპარატებს ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ იყენებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ მნიშვნელოვანი ეფექტურობა აქვთ წონის შესამცირებლად. შესაბამისად, სემაგლუტიდით შესაძლებელია ჭარბი წონისა და სიმსუქნის მკურნალობა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია სხვადასხვა მეტაბოლურ დაავადებებთან.
ხშირად გვესმის, რომ სემაგლუტიდების გამოყენებით ადამიანებმა მოკლე დროში დაიკლეს წონაში. თუმცა, რამდენად უსაფრთხოა მათი თვითნებური გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს კლინიკური ჩვენება, როგორიცაა დიაბეტი, ჭარბი წონა ან სიმსუქნე? რა გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ამ მედიკამენტების გამოყენებას?
ზოგადად, მედიკამენტების თვითნებურად გამოყენება და თვითდანიშვნა ჩვენი რეკომენდაცია არ იქნება, რადგან ყველა მედიკამენტს აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. უკუჩვენებები მოიცავს იმ მდგომარეობებს, როდესაც პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ან სიფრთხილეს მოითხოვს. თუ მკურნალობა სწორადაა შერჩეული და განკუთვნილია ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა ჭარბი წონა, დიაბეტი, პრედიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება, არტერიული ჰიპერტენზია ან ღვიძლის გაცხიმოვნება, მაშინ მკურნალობის სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკებს. ცხადია, მკურნალობა და მისი ინსტრუქცია პროფესიონალი ექიმის მიერ უნდა გაიწეროს.
როგორც ვიცით, სემაგლუტიდების შეწყვეტის შემდეგ ადამიანებს ხშირად უბრუნდებათ მადა, რის შედეგადაც სწრაფადვე იმატებენ დაკლებულ წონას. პრეპარატთან დაკავშირებული რისკების გარეშე, რამდენად მიზანშეწონილია მათი გამოყენება, როდესაც ვსაუბრობთ წონის გრძელვადიან შენარჩუნებაზე?
აქ მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, სიმსუქნე არის ქრონიკული, მორეციდივე ხასიათის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკებთან. შესაბამისად, ჭარბი წონა და სიმსუქნე უნდა იქნას განხილული, როგორც სხვა ქრონიკული დაავადებები, როგორც მაგალითად, ტიპი 2 დიაბეტი. ეს პრეპარატები, რომელზეც ვსაუბრობთ, შექმნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მათი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, სამწუხაროდ, ხშირია წონის აღდგენა, ისევე როგორც შაქრის მაჩვენებლების გაუარესება. თუ მკურნალობა ეფექტურია და გვერდითი მოვლენების გარეშე მიმდინარეობს, ეს პრეპარატები გათვლილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
ზოგჯერ, როცა ადამიანი წონის კლებას სემაგლუტიდების მეშვეობით გადაწყვეტს, მიმართავს ექიმს, რათა განსაზღვროს, რამდენად მიზანშეწონილია ამ პრეპარატის გამოყენება. რა არის ექიმის მიდგომა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს სემაგლუტიდების გამოყენების კლინიკური ჩვენება?
როგორც უკვე ვისაუბრეთ, პრეპარატის გამოყენების ჩვენება ძირითადად მოიცავს ტიპი 2 დიაბეტს, ჭარბ წონას ან სიმსუქნეს, რაც მაღალი სხეულის მასის ინდექსით განისაზღვრება. თუ პაციენტს ეს პირობები არ აქვს, ცხადია, ჩვენი რეკომენდაცია არ იქნება მედიკამენტის გამოყენებაზე. პირველ რიგში, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, რაც მოიცავს ბალანსირებულ კვებასა და ფიზიკური აქტივობის გაზრდას და არა მედიკამენტის გამოყენებას.
ჩვენი საუბრის შემდეგი თემის შესახებ, სავარაუდოდ, ჩვენი მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად არის ინფორმირებული. ვგულისხმობ ენდოკრინოლოგიური მიზეზებით გამოწვეულ ჰიპერტენზიას, ანუ მომატებულ არტერიულ წნევას. საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, ჰიპერტენზია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მოზრდილი მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. არსებობს პირველადი ჰიპერტენზია, როდესაც წნევის მომატების მიზეზი უცნობია, და მეორადი ჰიპერტენზია, რომლის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება შესაძლებელია, მაგალითად, მოწევა, ჭარბი წონა, ასაკი და სტრესი. თუმცა, ცოტამ იცის, რომ მეორადი ჰიპერტენზია შესაძლოა ენდოკრინული მიზეზებითაც იყოს გამოწვეული. რა მიზეზები შეიძლება იყოს ეს და ზოგადად, რა განმასხვავებელი ნიშნები ახასიათებს ენდოკრინოლოგიური მიზეზებით გამოწვეულ ჰიპერტენზიას?
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დაგეთანხმებით, რომ ჰიპერტენზია საკმაოდ მაღალი სიხშირით გვხვდება. სტატისტიკურად, 4 ადამიანიდან ერთს ცხოვრების მანძილზე აღენიშნება წნევის მომატება, ანუ ჰიპერტენზია. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ეგრეთ წოდებული ესენციური, ანუ პირველადი ჰიპერტენზია, რომლის ზუსტი მიზეზიც იდენტიფიცირებადი არ არის. თუმცა, შემთხვევების დაახლოებით 15%-ში შესაძლებელია წნევის მატების მიზეზის დადგენა და ამ შემთხვევებს მეორად ჰიპერტენზიას ვუწოდებთ.
მეორადი ჰიპერტენზია ორ კატეგორიად იყოფა. ერთში შედის ეგრეთ წოდებული რენალური მიზეზები, რაც გულისხმობს თირკმლის დაავადების შედეგად წნევის მომატებას. მეორე კატეგორიაში კი შედის ენდოკრინული ჰიპერტენზია, რომელიც ენდოკრინული დაავადებების შედეგად იჩენს თავს.
ენდოკრინულ დაავადებებიდან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გვინდა მივაქციოთ თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებს. აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებში, რომელთაც ჰიპერტენზია აქვთ ახალგაზრდა ასაკიდან, აქვთ მაღალი წნევის მაჩვენებლები მკურნალობის მიუხედავად, ერთხელ მაინც აღენიშნათ დაბალი კალიუმის დონე სისხლში ან აქვთ გენეტიკური დატვირთვა ჰიპერტენზიის კუთხით, სასურველია შეფასდეს მეორადი მიზეზი. ეს აუცილებელია, რათა არ გამოგვეპაროს თირკმელზედა ჯირკვლის ერთ-ერთი ჰორმონის, ალდოსტერონის, სიჭარბე, რასაც ალდოსტერონიზმი ეწოდება. ამ დაავადების აღმოჩენის სიხშირე საკმაოდ დაბალია გლობალურად, არა მხოლოდ საქართველოში, და წარმოადგენს მეორად ჰიპერტენზიის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს. მისი აღმოჩენის სიხშირე მხოლოდ 2-3 პროცენტია, თუმცა, ჰიპერტენზიის მეორად მიზეზებში წამყვან ადგილას სწორედ ჰიპერალდოსტერონიზმი დგას.
როგორც წესი, მოსახლეობამ იცის, რომ არტერიული ჰიპერტენზიის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მაგრამ რა ხდება, როცა არტერიული წნევის მიზეზი ენდოკრინოლოგიურია? როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა?
კარგი ამბავი ის არის, რომ ენდოკრინული პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის სტრატეგია განსხვავდება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ისეთი მკურნალობის დაგეგმვა, რომელიც ხშირად ჰიპერტენზიის სრულ განკურნებასაც კი იძლევა. სხვა შემთხვევებში ხდება მედიკამენტოზური მართვა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად გვაძლევს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შემცირების საშუალებას. ეს, თავის მხრივ, ამცირებს ჰიპერტენზიის გართულებების რისკებს და აუმჯობესებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას.
მოუსმინეთ სრულად – “ჯანმრთელობის დღიურების” youtube-ის გვერდზე: