სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამ პირს პატიმრობა მიესაჯა
2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურის პრესრელიზის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო და ყველა მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი.
როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. იგი ასევე მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. 2008 წლის 16 აგვისტოს უსაფრთხოების სამსახურმა როინ შავაძე ბათუმში დააკავა, რა დროსაც, ის სასტიკად სცემეს და ხმამაღლა ეძახდნენ სამშობლოს მოღალატეს. შემდეგ ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ექვსი საათის შემდეგ პოლიციამ შავაძის მეუღლეს მისი გარდაცვალების შესახებ აცნობა. ოფიციალური ვერსიით, შავაძე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით დააკავეს და მან სასიკვდილო დაზიანებები გაქცევის მცდელობის დროს მიიღო. თუმცა, პროკურატურამ დაადგინა, რომ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ შეადგინეს ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/04/2024 – სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ ცნო
- 13/03/2024 – სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
- 29/07/2023 – სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე რვა პირი დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)