ატლანტიკური საბჭოს ორი მკვლევარი ამბობს, რომ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს
ატლანტიკური საბჭოს ორმა მკვლევარმა, სოფო გელავამ და ეთო ბუზიაშვილმა, რომელთა სახლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაჩხრიკა, აცხადებენ, რომ მათ ახლა საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს. მათი თქმით, ანგარიშების დაყადაღების რაიმე სამართლებრივი საფუძველი ან სასამართლოს ბრძანება არ არსებობდა.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი უკვე გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და დაგმო აშშ-ის ორგანიზაციის თანამშრომლების ანგარიშების არაოფიციალური დაყადაღება. „მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ინსტიტუტზე, რომელიც მათ ასაქმებს. თუ ეს იმ მოვლენების მაუწყებელია, რაც მომავალში მოხდება, მაშინ ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფად მიექანება რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ხელისუფლებამ საშუალება უნდა მისცემს მკვლევრებს თავიანთი საქმე რეპრესიების შიშის გარეშე აკეთონ. ჩვენი MEGOBARI აქტი დასჯის მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას არღვევს“, – განაცხადა მან.
„საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ არ ასახელებენ საბანკო ანგარიშების გაყინვის მიზეზებს. ყველა კომერციული ბანკი, როგორც წესი, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით მუშაობს. „სამოქალაქო საქართველო“ ცდილობს, ამ საკითხზე ეროვნული ბანკისგან კომენტარი მოიპოვოს და მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.
„საინტერესო ის არის, რომ გვეუბნებიან, რომ ოფიციალურად ყადაღა არ გვადევს და მერე, როცა ვეკითხებით, რა არის საფუძველი, გვეუბნებიან, რომ არის რაღაც ტექნიკური პრობლემა, და ანგარიშები დაბლოკილია, შეჩერებულია“, – განაცხადა ეთო ბუზიაშვილმა და აღნიშნა, რომ ბანკები არ განმარტავენ მათ ანგარიშებზე შეზღუდული წვდომის მიზეზს. „ძალიან უცნაურად ემთხვევა, როცა მე და სოფო, ორივე ვართ რუსეთის გავლენის მკვლევრები და ვიკვლევთ დეზინფორმაციას საქართველოში. ჯერ არჩევნებამდე ორი დღით ადრე შემოგვიცვივდნენ [საგამოძიებო სამსახური] ჩხრეკაზე და ახლა, ოთხი დღის შემდეგ, ფაქტობრივად აღარ გვაქვს წვდომა ჩვენს ანგარიშებზე“, – დასძინა მან.
ატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთი თანამშრომელი სოფო გელავა ანალოგიურ სიტუაციას აღწერს. მისი თქმით, ბანკი მას ეუბნება, რომ არის „ტექნიკური ხარვეზი“, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევს. „ის ფაქტი, რომ ჩემი კოლეგასთან, ვისთანაც ასევე შევიდნენ [გასაჩხრეკად], მისი ანგარიშიც არის შეჩერებული სხვა ბანკში, მასაც რომ იმავე მიზეზს ეუბნებიან, ცხადია, რომ ამას ვუკავშირებთ რეიდებს“, – განაცხადა გელავამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)