სუსი: არჩევნების წინ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელება იგეგმება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები“ საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ „ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“, რომლის მიზანიცაა „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.
სუს-მა განაცხადა, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე“, მას სურს ეს ინფორმაცია საზოგადოებას გაუზიაროს. მისივე ინფორმაციით, ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას.
„… ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ ერთის მხრივ უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის“, – ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებს სუსი.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/07/2024 – სუსი: სახელწმიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის შეთქმულებებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადებაზე გამოძიება მიმდინარეობს
- 02/10/2023 – სუსი: USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში არეულობის მოსაწყობად ტრენინგებს ატარებდნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)