skip to content
ახალი ამბები

პაველ ჰერჩინსკი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამ „გაყინა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია“ და რომ ევროკავშირი ამ გადაწყვეტილების „შედეგებს“ მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე განიხილავს, რასაც მოყვება დისკუსია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე.

პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებისთვის კომენტარი 19 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ელჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ზრდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შანსებს, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ რეალობა საპირისპიროა. „…რაც შეეხება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ჩვენს ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება უარყოფითად აისახება ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა. მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებზე იმსჯელებს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და დასძინა: „ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების, რამდენიმე დღის შემდეგ კი უცხოელი ლიდერების დონეზე გაიმართება. ასე რომ, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ“.

შედეგებთან დაკავშირებით, ელჩმა განმარტა, რომ ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა სამსახურებმა მოამზადეს „ვარიანტების მენიუ“, თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს ევროკავშირის გადაწყვეტილებამ და ეს სია გაეგზავნა ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ვარიანტს დაუჭერენ მხარს და მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრებისა და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრების დროს.

გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებულია, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა უკვე მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ საქართველო კანონს აამოქმედებდა, ისინი არ დაუჭერდნენ მხარს მოლაპარაკებების გახსნას. „…და ასევე მინდა დავამატო, რომ ეს ხდება იმ კონტექსტში, როდესაც უკრაინა და მოლდოვა მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ასე რომ, ნამდვილად გულსატკენია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად წინ მივდივართ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩ ჰერჩინსკის ასევე სთხოვეს შეეფასებინა საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან და თუ რატომ აღიქმება საქართველოს ჩინეთთან დაახლოება უარყოფითად, როცა თავად ევროკავშირს მასთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვს. ელჩმა განაცხადა: „…რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ევროკავშირს აქვს ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობა ჩინეთთან. ეს ურთიერთობა მოიცავს ვაჭრობის, ასევე ბევრ სხვა სფეროს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან, შეუცვლელ პარტნიორს გლობალურ ასპარეზზე. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვცდილობთ თავი დავაღწიოთ ჩინეთის გავლენას და ჩვენი ეკონომიკა ჩინეთზე დამოკიდებული არ გავხადოთ… [რაც შეეხება საქართველოს], საქართველოსა და ქართველების გადასაწყვეტია, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საქართველოს და რომელ ქვეყნებთან“.

მას ასევე ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველო საგარეო კურსს იცვლის, რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ „ქართველების გადასაწყვეტია ვინ არის მათი მეგობარი და ვინ მტერი“. ჰერჩინსკიმ ასევე ახსენა ევროკავშირის 16-წლიანი სადამკვირვებლო მისია და „უზარმაზარი“ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც, მისი თქმით, ათჯერ მეტად ხელისუფლებას მოხმარდა, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებას.

„ჩვენ ყოველთვის ვიყენებდით ჩვენს ყველა ინსტრუმენტს, გამოცდილებას, ტრენინგებს ქართული ინსტიტუტებისა და ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად და აქ ვართ იმისათვის, რომ დავრჩეთ. საქართველოს გადასაწყვეტია, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის საქართველოს მტერი. ჩვენ საქართველოს, ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ვართ. გვინდა, რომ საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანა იყოს და ამას მოთმინებით ველით. ამჟამად ჩვენი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის, მესმის, რომ ოქტომბერში იქნება არჩევნები. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება და საღი აზრი გაიმარჯვებს“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

ელჩს ასევე ჰკითხეს, მიიღებს თუ არა ევროკავშირი იგივე ზომებს, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. ჰერჩინსკიმ განაცხადა: „აშშ არის ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორი. ჩვენ ვცდილობთ ყველა საკითხზე ჩვენი პოზიციების შეჯერებას, თუმცა ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ და ინსტრუმენტები, რომელთაც ვიყენებთ, ასევე ძალიან განსხვავებულია და ამის მკაფიო მიზეზიც არსებობს: შეერთებული შტატები ერთი ქვეყანაა, ევროკავშირი კი 27 სუვერენული ქვეყნისგან შემდგარი სამთავრობოთაშორისი ინსტიტუტია. ზოგჯერ, აშშ-ს შეუძლია უფრო სწრაფად იმოქმედოს, ვიდრე ჩვენ. ვიმეორებ, ჩვენ ქმედებების კოორდინაციას ვახდენთ, ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ, ზოგადად, ჩვენი ქმედებები არ არის იდენტური და არც უნდა იყოს იდენტური“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button