skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სენატში საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონების შესახებ მოსმენა გაიმართა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 12 სექტემბერს გლობალური ანტიდემოკრატიული ტენდენციების შესახებ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა.  

მოსმენაზე, რომლის თემაც იყო „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“, მოხსენებებით წარსდგნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ვაშინგტონში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციების ორი წარმომადგენელი.

მოსმენა იმ გლობალური ტენდენციის ფონზე იმართება, როდესაც ათობით ქვეყანაში არალიბერალური რეჟიმები ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონებს, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვისკენ მიმართულ ინსტრუმენტებსა და კანონმდებლობას იღებენ.

შესავალი სიტყვები

სენატორი ბენ კარდინი, კომიტეტის თავმჯდომარე:

სენატორმა ბენ კარდინმა, რომელიც მოსმენას უძღვებოდა, მთავრობების მზარდ ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც კანონებს თავიანთი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ. სენატორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამების შესახებ კანონების, უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონების გამოყენება „ახალი არაა“, ბოლო წლებში „სულ უფრო მეტი ქვეყანა, რომელთაც ჩვენ ძირითადად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მივიჩნევდით, ამ კანონებს რეპრესიების იარაღებად იყენებს“.

„ძალიან შემაშფოთებელია, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა, დაწყებული საქართველოდან და დამთავრებული ინდოეთითა და თურქეთის, თავიანთი სამართლებრივი სისტემები ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენეს“, – განაცხადა სენატორმა. მან გასული წლების განმავლობაში მსგავსი ტენდენციების აღსაკვეთად შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებს გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ და დრო მნიშვნელოვანია“.  

„ამდენი წელია, საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში“, – განაცხადა სენატორმა და გაზაფხულზე, მასობრივი პროტესტის მიოხედავად, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღებაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს კანონი რუსული კანონის მიხედვით არის შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, დაუჯერებელია, რომ ისინი იმ გზას გაყვებოდნენ, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ამოიღოს მიზანში. მისი მიზანია დააშინოს და საბოლოოდ ჩაახშოს იმ სამოქალაქო საზოგადოების ხმა, რომელსაც ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს“.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს უცხოელი აგენტების კანონის ინიციატორებმა „ძალიან მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი განზრახვები იმის შესახებ, თუ სამოქალაქო საზოგადოების რომელ აქტორებს აღიქვამენ მტრად“. შემდეგ სენატორმა გამოფინა ბანერი, რომელზეც ეკა გიგაურის სახლის წინ გამოფენილი შეურაცხმყოფელი პლაკატები იყო გამოსახული. „მას ამის ატანა ყოველ დილით უწევს, როცა სახლიდან გამოდის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ყოველივე ამის მიზანია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს „იმ ადამიანების ერთგულება, რომლებიც ამ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ გამოდიან“.

სენატორმა კარდინმა ასევე ისაუბრა კონგრესის პასუხისმგებლობაზე, რომ მიიღოს „გაბედული, საკანონმდებლო ზომები“, რათა აღკვეთოს ამ კანონმდებლობის აღსრულება და მხარი დაუჭიროს გაბედულ აქტივისტებს, რომლებიც „მზად არიან დაიცვან დემოკრატია“.

სენატორი ჯიმ რიში, კომიტეტის მაღალი რანგის წევრი

სენატორმა ჯიმ რიშმა ანალოგიურად აღწერა ავტოკრატების გლობალური ტენდენციები, რომლებიც ცდილობენ ოპოზიციის ჩახშობას და კრიტიკული ხმების გაჩუმებას. „ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ორპარტიული საკითხი და ეს არის ამერიკული საკითხი, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა მან. მისი თქმით, მას განსაკუთრებით აშფოთებს „ჩვენი მეგობრები საქართველოში“, სადაც ხელისუფლებამ მაინც მიიღო „კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის გაფრთხილებისა, რომ ამგვარი ქმედება ევროკავშირის წევრობას შეაჩერებდა.

„მოხარული ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის გადახედვა, და მხარს ვუჭერ დახმარების შეჩერებას“, – განაცხადა სენატორი რიშმა. შემდეგ მან 2012 წელს (როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა) სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, რათა „პირველი ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ მომსწრე გამხდარიყო.

„ორივე ჩვენგანი ძალიან კმაყოფილი ვიყავით მომხდარით და იმით, თუ როგორ მიიღეს ეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მას შემდეგ ისინი იმედგაცრუებულნი არიან ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლით. სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“.

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსაღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მოხსენება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა მსოფლიო მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღების „საგანგაშო და მზარდ ტენდენციაზე“ ისაუბრა და დამსწრეებს სახელისუფლებო თავდასხმებთან დაკავშირებით მისი, როგორც უფლებადამცველის, პირადი გამოცდილება გაუზიარა.

„საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ამ ტიპის კანონების მიღებასთან ერთად, ავტოკრატიული მმართველები მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ იწყებენ მოქმედებას –  ერთდროულად რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას აძლიერებენ,  თან საზოგადოებას ხლეჩენ და ძირს უთხრიან აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობას“, – განაცხადა გიგაურმა სენატში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით,  ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია „აქტიური მოქალაქეების ერთიანობა, რომელთა გაცნობიერებული არჩევანიცაა თავისუფლება და მზაობა მის დასაცავად“ და „საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების  მიმართ“.  

„საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა საუბრობდეს და მოქმედებდეს მორალური ავტორიტეტით, მტკიცედ და დამაჯერებლად“, – აღნიშნა გიგაურმა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის  გასაკეთებელი საქმე ამერიკამ უნდა გააკეთოს. „საქართველოს მოქალაქეების გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად… იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო  ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს – რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს –   მოქალაქეების  დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს“.

გიგაურის თქმით, თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, „ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს  საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც  უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს“, – აღნიშნა მან.

გიგაურმა განაცხადა, რომ ქართველები მზად არიან დაიცვან საკუთარი პოზიცია და ამას „თაობათა და ეგზისტენციალური ბრძოლა“ უწოდა. მან მადლიერება გამოხატა ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეების მხრიდან ქართველების მხარდაჭერისთვის. „მკაფიო გზავნილებით ესაუბრებიან ქართველ ავტოკრატებს; ამხნევებენ მათ, ვინც დემოკრატიას იცავს; ასანქცირებენ მათ, ვინც დემოკრატიას აზიანებს; „მეგობარი აქტისა“ და „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატივებით გამოდიან“.

„ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება – მთელი ჩვენი ისტორია ასეთი ბრძოლის და  თავგანწირვის მაგალითებითაა სავსე.  ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – დასძინა გიგაურმა.

კითხვები

კითხვებზე გადასვლამდე, სენატორმა კარდინმა მონაწილეებს მიმართა, რომ „ყოველთვის გააზიარონ ინფორმაცია“ იმ პირებზე ან სექტორებზე, სადაც მათ მიაჩნიათ, რომ „ჩვენ შეგვიძლია უფრო აგრესიულები ვიყოთ“ ​​სანქციების რეჟიმის გამოყენებისას. „ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ ინფორმაციას“, – აღნიშნა სენატორმა.

რუსეთის ჩარევა საქართველოში

სენატორ კარდინის კითხვაზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოში არადემოკრატიული საქმიანობის შესაძლო წახალისებას ეხებოდა, ეკა გიგაურმა გაიხსენა, როგორ შეაქო მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ინიცირებისთვის. მან ასევე გაიხსენა მეტას ბოლო ქმედება რუსეთის ტერიტორიიდან მართული „60 ყალბი ანგარიშის“ წაშლის შესახებ. ეს ანგარიშები თავს ესხმოდნენ „უცხოელი აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს და ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მხარს უჭერდნენ.

სენატორმა რიშმა იკითხა, რატომ უნდა დაუბრუნდეს საქართველო რუსეთს, საიდანაც მან რეპრესიები განიცადა, რაზეც გიგაურმა „ოფიციალური მონაცემები“ მოიყვანა, რომლის თანახმადაც ქართველების უმრავლესობა კვლავ უჭერს მხარს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა დეზინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლეთის შესახებ, რომლის მიზანიცაა, რომ ხალხს ეჭვი გაუჩინოს დასავლეთის მიმართ. „თუმცა, ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან“, – განაცხადა გიგაურმა. სენატორმა რიშმა აღნიშნა, რომ „თუ ის, რასაც თქვენ ამბობთ სიმართლეა ქართველ ხალხზე და იმაზე, თუ რა უნდათ… ისინი მიიღებენ შესაძლებლობას ოქტომბერში, რათა გამოაგდონ ვიგინდარები და საკუთარ მომავალს თავად მიხედონ. ჩვენ კი ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს, ვილოცებთ თქვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს იმუშავებს“.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის შედეგები

სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის აღსრულების შემდეგ არსებული სიტუაციით დაინტერესდა. გიგაურმა განაცხადა, რომ ქართული სსო-ების უმრავლესობა არ დარეგისტრირდა უცხოელ აგენტად და აღნიშნა, რომ „ჩვენ არ ვიყენებთ [რეგისტრაციას], როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა, როგორც საპატიო ნიშანს“ და რომ ისინი [სსო-ები] თავს თვლიან „არა აგენტებად ან ჯაშუშებად“, არამედ „ჩვენი ქვეყნის პატრიოტებად“. გიგაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ახლა რამდენიმე კვირა აქვს მონიტორინგის დასაწყებად და დასძინა, რომ ორგანიზაციები „სერიოზულ ჯარიმებს“ ელიან, თუმცა „წინააღმდეგობის გასაწევად მზად არიან“. გიგაურმა ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციას სხვადასხვა სარეზერვო გეგმები აქვს, მათ შორის რესურსების გაერთიანება და „არასამთავრობო ორგანიზაციების უზარმაზარი კოალიციის“ შექმნა ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის.

კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს

სენატორმა კრის კუნსმა ეკა გიგაურს ჰკითხა, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უფრო მასშტაბური გლობალური ბიძგი კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის ხელშეწყობის საქმეში იმ ფონზე, როცა რეგიონში ღია აგრესიის აქტები და დემოკრატიისა და არჩევნების წარუმატებლობა „ჩვენს საკუთარ ქვეყანაში ან სხვა ქვეყნებში“ მსუსხავ სიგნალს აგზავნის, რომ ძლიერი და ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო წინ მიიწევენ. გიგაურმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ „მსოფლიოს ჩვენი ნაწილისთვის მოკლე პასუხია, რომ რუსეთი პატარა და სუსტი გავხადოთ“ და დასძინა, რომ „ძალიან რთულია ქვეყნისთვის დემოკრატიის აშენება, თუ რუსეთის მეზობელი ხარ“.

გიგაურმა განაცხადა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაეხმაროს უკრაინას ომის მოგებაში, რაც, მისი თქმით, საქართველოზეც აისახება. მისი თქმით, კიდევ ერთი რამ, რაც გასაკეთებელია, არის „რა თქმა უნდა, სანქციები“, თუმცა, მან ითხოვა, რომ სანქციები ინდივიდუალურ პირებს შეეხოთ და არა ქართველ ხალხს, რომელიც „დემოკრატიისთვის იბრძოდა და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტურია ამაში“. „ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროდემოკრატიულ ჯგუფთან თანამშრომლობა და ადგილზე მისი მოსმენა, იმის გასაგებად, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია“, – განაცხადა გიგაურმა, „რადგან ზოგჯერ დროულმა რეაქციამ შესაძლოა უფრო დიდი შედეგი გამოიღოს“.

დასკვნითი განცხადებები

„ჩვენ არ შევეგუებით იმ ტიპის ქმედებებს, რაც საქართველოში ვიხილეთ, ჩვენ ეს საკმაოდ მკაფიოდ განვაცხადეთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა კარდინმა დასკვნით სიტყვაში. „ვფიქრობ, მათ ეს ესმით და ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო ნათლად დავაფიქსიროთ ეს, როცა კანონმდებლობას მივიღებთ“, – განაცხადა მან. კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ რიშისა და სენატორ შაჰინის თანაავტორობით მიღებული კანონმდებლობა ჰქონდა მხედველობაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button