სალომე ზურაბიშვილი მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის მზადყოფნაზე საუბრობს
ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე [საპრეზიდენტო] ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას“. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვად დეკემბერში იწურება. პრეზიდენტი არჩევნების გზით არ აირჩევა, არამედ მას 300 ხმოსანი აირჩევს, როგორც ამას 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს.
Le Figaro-სთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის მოსალოდნელ შედეგზე ისაუბრა. „ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა – ომი თუ ლგბტ საკითხი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მმართველი პარტია 25%-ზე მეტს ვერ აიღებს.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნებს პროდასავლური ოპოზიცია მოიგებს. მან ასევე განაცხადა, რომ „ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%“.
მან „უცხოელი აგენტების“ კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყუილად არ უწოდებდნენ „რუსულ კანონს“, რადგან სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს „ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს“.
კითხვაზე როგორ დაეხმარებიან საფრანგეთი და ევროკავშირი საქართველოს, პრეზიდენტმა განაცხადა: „თქვან და გაიმეორონ, რომ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეწინააღმდეგება ევროპულ გზას“. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი არ არის სანქციების მომხრე, რადგან „ეს შეიძლება ცუდად იყოს ინტერპრეტირებული მოსახლეობის მიერ, ეს არ უშლის ხელს, გამოცხადდეს რა მოხდება არჩევნების შემდეგ, თუ დადასტურდა პრორუსული ორიენტაცია“.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება რეფერენდუმი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკას ამჟამად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება, რომელსაც მან „ოლიგარქი“ უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილის ინტერესები მოსკოვთან „ყველაზე გაუმჭვირვალეა“.
„საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით“, – დასძინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)