უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია
8 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულმა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის შესახებ გააკეთა განცხადება და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ „მას სრულიად არ ესმის დიპლომატიის რეალობა საომარი მოქმედებების დროს“.
„მე დავასახელე ძალიან მკაფიო კრიტერიუმები უკრაინის ელჩების ეფექტურობისთვის. მათ შორისაა კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა. ომის დროს ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან „კარგად იცის, რას ნიშნავს ელჩად მუშაობა და როგორ გახადოს ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე-მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და პირადი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მე მხარს დავუჭერ უცხოური დიპლომატიური მისიის ყველა ხელმძღვანელს, რომელიც ასეთ ენერგიასა და ეფექტურობას ავლენს“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც თავის დროზე 2022 წელს იქნა მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება“.
„ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენს გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებში ის სარეცხის მანქანას გულისხმობდა.
ორ ქვეყანას ერთმანეთის დედაქალაქებში ელჩები არ ყავთ, მას შემდეგ რაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკრაინამ საქართველოდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო და ამის მიზეზად უკრაინაში მოხალისეების ჩარტერული რეისით გამგზავრებაზე უარი და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიცია“ დაასახელა. ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დაავალა, რათა ძლიერი პროტესტი გადაეცა მისთვის და ეთხოვა 48 საათის განმავლობაში უკრაინის დატოვება თბილისთან კონსულტაციებისთვის. მიზეზი კი უკრაინის შეშფოთება იყო მისი მოქალაქის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/08/2024 – უკრაინელი დიპლომატის თქმით, კიევი თბილისისგან ურთიერთობების აღსადგენად პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)