ახალი ამბები

სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანა და 6 პირი დამნაშავედ ცნო 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 13 ნოემბერს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანა და 17 დაკავებულიდან ექვსი პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ექვსიდან სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და 2 ნაწილი); კიდევ ერთ ბრალდებულს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დაედო ბრალო სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო ორი ეჭვმიტანილი სასამართლომ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დაადანაშაულა (225-ე მუხლის მეორე და 143-ე მუხლის მესამე ნაწილები). საქმეზე კიდევ ერთი მოსმენა 20 ნოემბერს დაინიშნა, რა დროსაც სასამართლომ ბრალდებულების სასჯელის ზომაზე უნდა იმსჯელოს.

ბრალდებები დანაშაულის იმ ეპიზოდებს ეხება, როდესაც ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა, რომლებიც მცხეთაში თავდაპირველ ძალადობაში მონაწილეობდნენ, თბილისიდან შურისძიების მიზნით დამხმარეები ჩამოიყვანა, რომლებმაც მსხვერპლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთ-ერთი მათგანი, როდესაც იგი მიმალვას ცდილობდა, უკანონოდ გაიტაცეს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. პროკურატურამ ხუთ მათგანს აგვისტოში ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.

პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილი, გაქცევის მცდელობისას, ხუთმა თავდამსხმელმა დაიჭირა, სასტიკად სცემა და მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

დანარჩენი 12 დაკავებულის წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობას.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, გაუჩინარებიდან ოთხ დღეში, მცხეთასთან ახლოს, მდინარე არაგვში იპოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button