skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო

30 მაისს, საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო,  რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი და უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები შედიოდნენ.

ცვლილებებამდე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოეთხოვებოდა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცება, რომელსაც საარჩევნო დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით ცესკოსთვის რეკომენდაციების მიცემა ევალებოდა.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი იქმნებოდა არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში, არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით. ცვლილებების განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს ჯგუფი „რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული“.

ამასთან, ორგანული კანონის პროექტით, „საარჩევნო კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. მმართველი პარტია ამ ცვლილებას ანტი-ჩიხური მექანიზმის საჭიროებით ხსნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button