რუსეთში BRICS-ის თამაშებზე საქართველოს დროშა გამოჩნდა
რუსეთის ქალაქ ყაზანში 12 ივნისს BRICS-ის თამაშების გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს დროშა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “სახელმწიფო დროშებთან” ერთად გამოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორი ქართველი სამბისტი ოფიციალურად დარეგისტრირებულია BRICS-ის ვებგვერდზე მონაწილეებად, საქართველოს სამბოს ფედერაციამ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ ისინი რუსეთში არ წასულან და არც სპორტულ შეჯიბრში მიუღიათ მონაწილეობა.
გახსნის ცერემონიის მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეოჩართვით მიმართა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ყველა მსხვილი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრიდან გამოთიშეს. BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) თამაშები, სადაც რუსეთი დომინირებს, აგრძელებს საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას, მათ შორის ისეთი არაღიარებული სუბიექტების მონაწილეობით, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ასევე ლუჰანსკის ოლქი, დონეცკის ოლქი, დნესტრისპირეთი და სხვა.
გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მიიღებდნენ მონაწილეობას BRICS-ის თამაშებში.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.
19 ივნისს რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა სამსახურმა „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ BRICS-ის თამაშებში ოთხ ქართველ სპორტსმენს – ზურაბ ჩაგელიშვილს, ვალერი იარგანაშვილს, ვახტანგ თაბარუკიშვილს და თამაზ ბედინაძეს – უნდა მიეღო მონაწილეობა. ისინი ოფიციალურად მიიწვიეს ჭიდაობის შეჯიბრში მონაწილეობისთვის. თუმცა, როგორც „ეხო კავკაზას“ საქართველოს კურაშის ფედერაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიტაშვილმა განუცხადა, სპორტსმენებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ თამაშებში მონაწილეობას მიიღებდნენ სპორტსმენები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)