skip to content
ახალი ამბები

დეპუტატების წინააღმდეგ ‘ტერორის კამპანიის’ შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ კიდევ ერთ აქტივისტს სცემეს

ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიზანმიმართული რეპრესიების კიდევ ერთ ეპიზოდში, 11 ივნისს, აქტივისტს და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შვილს, ზუკა ბერძენიშვილს საკუთარი სახლის მახლობლად სამი პირი სასტიკად გაუსწორდა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებსა და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს შორის დაპირისპირების ბოლოდროინდელ  შემთხვევებს გამოეხმაურა და მოქალაქეები, რომლებიც საჯარო ადგილებში დეპუტატებთან შეხვედრისას გულისწყრომას გამოხატავენ, „პოლიტიკურად მოტივირებულ ტერორში“ დაადანაშაულა. პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა: „ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ ‘აღშფოთებული მოქალაქის’ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ“.

პაპუაშვილის პოსტში დასახელებული ერთ-ერთი პირი ზუკა ბერძენიშვილი იყო. კერძოდ, ის პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან მუქარის და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების განხორციელებაში დაადანაშაულა.

პაპუაშვილის პოსტის შემდეგ, სამი პირი ბერძენიშვილს მის სახლთან ჩაუსაფრდა, უკნიდან მიეპარა და სასტიკად სცემა. ცემის დროს ერთ-ერთი თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობითაც კი დაემუქრა: „შენ თუ თავში არ გესროლო”.

ბერძენიშვილი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს. მას გატეხილ ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ბერძენიშვილის ოჯახი თავდასხმას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს უკავშირებს. „[პაპუაშვილმა] სახელით და გვარით ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები“, – წერს დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქზე“.  

პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიანებით, პარლამენტის სხდომაზე უარყო, რომ მას რაიმე კავშირი აქვს მომხდართან და სანაცვლოდ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ „ტერორში“ დაადანაშაულა. მან განაცხადა: „რა თქმა უნდა, როდესაც დავინახავთ, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა და ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ“.

მაისში, როდესაც პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ხელისუფლების ათობით ოპონენტი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი, აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ტიტუშკების“ თავდასხმის სამიზნე გახდა. ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია რეპრესიების შემთხვევების შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button