ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის მიერ სანქციების პირველი ტრანშის დაწესებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათობით საქართველოს მოქალაქეს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა. დასანქცირებულ მოქალაქეებს შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, დეპუტატები, სამართალდამცველები და კერძო პირები.

„სამოქალაქო საქართველო“ სანქციების დაწესებაზე ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

თეა წულუკიანი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცეპრემიერი„სულ ცინცხალი სიახლეა და შეიძლება, ალბათ, თამამად ითქვას, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათ და ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატერგიულ პარნტიორთან ურთიერთობაში. ალბათ, აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ  კიდევ სხვა შეცდომებით იქნება დაშვებული, იმედი გვაქვს რომ არა, მაგრამ  დინამიკა ამას მე პირადად მავარაუდებინებს და ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ასეთ დროს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დადგეს დღე, როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა და ურთიერთობებში გადატვირთვა. ამიტომ არის შეცდომა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს, ჩვენ დაველოდებით ამ დღეს, ჩვენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მათთან მეგობრობაზე უარი და უფრო მეტიც, ჩვენ, ამ მთავრობას, ხაზს ვუსმევ, მტრულ აქტში, რომელსაც მეგობარი დაარქვეს, მთელ ტექსტში… მეორდება ეს მთავრობა, რეალურად ეს მთავრობა არის ვიღაცისთვის პრობლემა და ამ მთავრობას არასდროს, რომლის წევრი ვარ განუწყვეტელი 12 წლის განმავლობაში, არასდროს, არცერთხელ… არ გადაუდგამს ამ სტრატეგიული პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი… მოთმინებით დაველოდებით იმ დღეს, როცა ჩვენი მეგობარი გადაწყვეტს, რომ კვლავ მეგობრულად დაგველაპარაკოს, უარი თქვას რევოლუციის მოწყობის დაფინანსებაზე“.

კახა კალაძე, „ქართული ოცნებისგენერალური მდივანი„ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე…. არანაირი შეტყობინება, არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. ვიღაცისთვის სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“, დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი„მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით. არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ“.

ნინო წილოსანი, „ქართული ოცნება“, დეპუტატი„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია, თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ ჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება , ამ კითხვაზე პასუხი, მგონი,  უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა…მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“.

ირმა ზავრადაშვილი, „ქართული ოცნება“, დეპუტატი„მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს „სანქცია“, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით  მეც და „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! P.S. ისა და, ბლინკენს ეხლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი“.

დიმიტრი ხუნდაძე, „ხალხის ძალა“: „ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს იყო მორიგი შეცდომა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა, როდესაც კანონმდებლებს ასანქცირებენ კანონის მიღებისთვის, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა… მე მირჩევნია და ჩემ გუნდს ურჩევნია იყოს დასანქცირებული, ვიდრე ჩვენ მაიდანიზაციის გზით მივიდეთ ომამდე და ჩვენმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა მიიღონ ომში გაწვევის ფურცლები”.

ოპოზიცია

ბადრი ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის„შეერთებულმა შტატებმა  არაერთხელ განაცხადა, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად განხორციელდა სანქციების პირველი ტალღა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენლის მიმართ. ამ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ იმის გამო, რომ მათ უღალატეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მათ იმოქმედეს არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. მათ მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანას დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში აქცევს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის 80 პროცენტის ნებას, რადგან გამორიცხავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის დისკრიმინაციისკენ მიმართული კანონი და არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ამ კანონის ინიციატორებმა  და პოლიციის იმ მაღალჩინოსნებმა, რომელთა მითითებითაც სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, პასუხი უნდა აგონ და ამიტომაც დაუწესდათ მათ სანქციები. მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს“.

მიხეილ დაუშვილი, „საქართველოსთვის“, დეპუტატი: „რეალობა არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც დღეს არის ოცნების მესვეურები, ვისაც სხვადასხვა პოზიცია უჭირავს, ეს ადამიანები ამოფარებული არიან სახელმწიფოს და ფაქტობრივად თავიანთ ქონებას, თავიანთ თავს, თავიანთ კორუფციით თუ სხვა გზით მოპოვებულ ქონებას იცავენ ჩვენს ხარჯზე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე… დღეს მთავარი პასუხისმგებლობა არის ოცნებაზე და ოცნების მესვეურებზე, რომ ისინი გონს მოეგონ და მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომ ეს ქვეყანა აღარ დააზიანონ“.

თეონა აქუბარდია, „რეფორმატორთა ჯგუფი“, დეპუტატი: „ქართული ოცნების” ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის შექმნა. გარდა იმისა, რომ იმ ხელისუფლების სანქცირებულ ქვეყანაში, რომელსაც „ღირსებით მიჰყავდა“ ქვეყანა ევროპისკენ, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა თუ რა მძიმე მოცემულობაში ჩააყენეს მათ ქართველი ხალხი. სანქციები ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დემოკრატიის და ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. მიუხედავად თვენახევრიანი დიალოგისა ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნონ. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აქცენტი კონსტიტუციიდან გასვლაზე სწორედ ამას გულისხმობს. შესაბამისად, სანქციების მეშვეობით იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიულ და ევროპული კურსის სადარაჯოზე. ეს არის დამატებითი გზავნილი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ქვეყანა ბოლომდე ავტორიტარიზმისკენ არ წაიყვანოს. ასევე გაფრთხილება, რომ თუ „ოცნება“ კიდევ გააგრძელებს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, მოჰყვება დამატებითი სანქციები, რაც ქვეყანაში საკმაოდ დიდი არასტაბილურობის შემქმნელი პროცესია ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებულია და ქვეყანაში, რომლის ცივილიზაციური არჩევანი ევროპაა. ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ამისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არსებობს, სანქცირებული ხელისუფლების მოშორების, რომ არჩევნებზე ხმა არ უნდა მივცეთ ადამიანებს, რომლებიც ეღობებიან ევროპისგან და ამერიკისგან სიკეთეების მიღებას. იქეთ არის ევროპული – ამერიკული სიკეთეები, აქეთ კი რაღაც გზა რუსული ჭაობისკენ, რომელზეც შედგა ხელისუფლება. ამიტომ საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გზები უნდა გაიყაროს. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა რუსული ჭაობი წავიდეს პერსონალურად, მაგრამ ქართველმა ხალხმა კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ის არის ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი“.

ალექსანდრე კრევო-ასათიანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელ ევროპაში, რომლის პოლიტიკური ლიდერები დასანქცირებულები არიან. დღეს, საქართველოს ხელისუფლებას  უფრო მეტი აკავშირებს ნიკარაგუასთან  და მალისთან, ვიდრე პარიზთან და ლონდონთან… ამ ყველაფერს არ ვამბობ გახარებით და არც ვფიქრობ, რომ რაღაც დადებითი მოვლენა ხდება, ძალიან სამწუხარო დღე არის საქართველოსთვის. ჩვენი თაობის პასუხისმგებლობა, ვალდებულება იყო, რომ აგვეშენებინა მომავალი თაობისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, ამის ნაცვლად ეს პერიოდი ისტორიის წიგნებში დარჩება იმ ეპოქით, როცა საქართველო დასანქცირდა“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button