skip to content
ახალი ამბები

კონგრესის მოსმენის ქართველი მომხსენებლები „ქართული ოცნების“ კრიტიკის სამიზნე გახდნენ

4 ივნისს, ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ კონგრესში გამართული მოსმენის შემდეგ, სადაც მოხსენებებით წარსდგნენ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალი საბანაძე, „ქართულმა ოცნებამ“ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ბულინგის კამპანია წამოიწყო.

რამაც ყველაზე მეტად გააღიზიანა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და სახელისუფლებო სატელევიზიო არხები იყო ჩხიკვაძისა და საბანაძის მიერ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის, განსხვავებული აზრის დევნისა და სამართალდამცველებისა და ე.წ. ზონდერების ძალადობის დეტალური აღწერა, ასევე მოსმენაზე გაჟღერებული მოწოდება იმ პირთა მიმართ სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრიან.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და მმართველი პარტიის დეპუტატებმა ჩხიკვაძე და საბანაძე ქართველ ბოლშევიკს სერგო ორჯონიკიძეს შეადარეს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩხიკვაძე და საბანაძე ისევე მოიქცნენ, რომ საქართველოს მოღალატეები იქცეოდნენ ერთი საუკუნის წინ. „ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, იმისათვის, რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა დააზარალონ, დააზიანონ, რაც არის, რა თქმა უნდა, ღალატი. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ღალატი… როცა ადამიანი არის მოღალატე, ერთნაირად გიღალატებს ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაკითხვის დროს ჩვენება მისცეს  სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს არ ვიცი… მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძის,  როგორც ის შემოუძღვა მეთერთმეტე არმიას საქართველოში, ასე უნდათ, შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს თუ რაღაც დასჯებს და ამისთვის ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში, რომ საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, მოითხოვონ საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა: „ვეუბნები საბანაძეს – ჩვენ რომ გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა კი გახარიას ექლესება, ასეთი ნაძირალების ხელში მიხეილ სააკაშვილი შემეცოდა და ჰიპოთეტურად მოვითხოვდი, რომ ერთი დღით მაინც გამოუშვან, ნატალი საბანაძეს ჩაახედონ თვალებში“.

თავის განცხადებაში „ხალხის ძალამ“ ივანე ჩხიკვაძე და ნატალი საბანაძე კონგრესის მოსმენაზე მოხსენებებით გამოსვლის გამო გააკრიტიკა. „ხალხის ძალა“ მათ „უსამშობლო ქართველებს“ უწოდებს, ხოლო მათ გამოსვლას „სიბოროტით და რევანშიზმით აღსავსე კლოუნადად“ აფასებს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ორი მომხსენებელი გააკრიტიკა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იყო, რომელმაც ამ საკითხს ფეისბუქზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა. მან კონგრესის მოსმენას „სანახაობა“ უწოდა და კონგრესი საბანაძისა და ჩხიკვაძის მიწვევის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, „ლოგიკური იქნებოდა“ მოქმედი ელჩების ან ლეგიტიმაციის მქონე ადამიანის მიწვევა „ხალხის სახელით ამბის მთხრობელად“. მან ასევე აღნიშნა: „თუ უმრავლესობის წარმომადგენელს არ გინდა მოუსმინო, ნუთუ, საპარლამენტო ოპოზიციის ფართო სპექტრიდან ერთი ადამიანი მაინც ვერ მოიძებნა ისეთი, რომელიც ამ როლს დიდი სიამოვნებით შეასრულებდა… კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე იმასაც ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო –  იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ“.

„ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ბოჭორიშვილმა ქართველ მომხსენებლებს ბოლშევიკები და ფაშისტებიც კი უწოდა. „საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების ,,დანაშაულის” გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის ,,ფასეულობა” ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური. სამართლიანი არჩევნების სანაცვლოდ, უცხო ქვეყანას (თუნდაც მეგობარს) ემუდარებიან, დასაჯოს ,,ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არჩევნებში საშინლად დამარცხებას გადაურჩნენ და როგორმე ხელისუფლებაში აღმოჩდნენ! ასე პირდაპირ, ღია ეთერში, კონგრესიდან ითხოვენ უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩვნების შედეგებზე!“

თუმცა, კრიტიკა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არ წამოსულა. ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა საბანაძის მოხსენება, სავარაუდოდ, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ საბანაძის პასუხის გამო. სააკაშვილმა სოციალურ მედიაში დაწერა: „გუშინ ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი. ასევე ძალიან ობიექტური იყო ელჩი უილიამ კორტნიც. და ვინ გაამართლა ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა? იმავე ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას მანამ, სანამ პრემიერ გახარიასთან ასოცირების გამო, არ გაუშვეს ელჩობიდან – ნატალია საბანაძემ“. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საბანაძემ „კონგრესმენ სტივ კოენის მხრიდან მიიღო კიდევაც ღირსეული პასუხი, ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე“. სააკაშვილის კრიტიკას ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი მხარდამჭერიც გამოეხმაურა, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ საბანაძის შეფასება მოსმენაზე, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობები დამაკმოყოფილებელი, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „გაუმჯობესებული“ იყო, არ იყო ზუსტი.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button