Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო რესპუბლიკელთა სამუშაო კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოქმედმა რესპუბლიკური პარტიის სამუშაო კომიტეტმა 10 ივნისს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანგარიში გამოაქვეყნა სათაურით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან დაპირისპირება“. დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მხარდაჭერის აქტის ამოქმედების გზით, საქართველოს, როგორც „აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირის“, მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების რეკომენდაციაც არის მოცემული.

კომიტეტი 147 კონსერვატორ კონგრესმენს აერთიანებს, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ყველაზე დიდი ჯგუფია.

დოკუმენტი ეროვნული უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა შეადგინა. მას ხელს კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი და კიდევ 11 რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერენ.

კომიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა განაგრძოს მუშაობა საქართველოს მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ქვეყნისთვის იარაღის მიყიდვის უზრუნველყოფით, რათა დაეხმაროს მის ძალისხმევას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, შესთავაზოს სამხედრო დახმარება და გააუმჯობესოს საქართველოს თავსებადობა ნატოსთან.

„რუსეთის შემაკავებელი“ ზომების გაუმჯობესების მიზნით, ნატოსა და აშშ-ის მოკავშირეების მხარდაჭერის საჭიროებაზე საუბრისას, კომიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ მას რიგი ზომები აქვს წარდგენილი „ნატოს მხარდასაჭერად, ჩვენი მოკავშირეების გასაძლიერებლად და იმ დემოკრატიული პარტნიონების მხარდასაჭერად, როგორიც უკრაინა და საქართველოა, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან“.

ამ კონტექსტში, სპეციალურმა კომიტეტმა დასძინა, რომ „რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობა აუცილებელია“.

კომიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ კონგრესმა ფინანსური ზომები უნდა შემოიღოს, რომლის თანახმადაც აშშ და მისი მოკავშირეები რუსულ ანგარიშებს გაყინავენ, როგორც კი რუსეთი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. „ამგვარი ზომები დაუყონებლივ განხორციელდება როგორც კი რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში, ან ბალტიისპირეთის თუ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნა რა, რომ რუსეთზე ამჟამად დაწესებული სანქციები „პუტინის უცხოელ მეგობრებზე“ საკმარისად არ ვრცელდება, კომიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სახელით საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button