skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები აშშ-ის კონგრესს არჩევნებზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ

MEGOBARI აქტის ინიციატორის, კონგრესმენ ჯო უილსონის სახელზე გაგზავნილ წერილში, ქართული ოპოზიციური პარტიები მიმართავენ აშშ-ის კონგრესს, „გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება“, რადგან პარტიების თქმით, „რისკები მაღალია და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას“.

წერილში დასაწყისში, ოპოზიციური პარტიები მადლიერებას გამოხატავენ შეერთებული შტატების კონგრესში „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტის“ (MEGOBARI) ინიცირებისთვის, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. „ჩვენ მადლობელი ვართ  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კურსის დაცვისთვის ჩვენი უწყვეტი ბრძოლის მიმართ ამერიკელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია წერილში.

წერილში ხაზგასმულია ქართველი ხალხის „აბსოლუტური უმრავლესობის“ მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების, ასევე აშშ-სთან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ. წერილი აღნიშნავს, რომ კრემლის მიერ შთაგონებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ ამ კურსს   საფრთხე შეუქმნა, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ ქართველები მტკიცედ იცავენ ამ კურსს. წერილში კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აქციებიცაა ნახსენები და ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მომიტინგეები უპრეცედენტო ძალადობით დაარბია. „საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დაშინებისა და ტერორის ყოვლისმომცველი კამპანია მხოლოდ მწვავდება“, – ნათქვამია წერილში.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მთავრობა არა მხოლოდ მიბრუნდა ავტორიტარიზმისკენ საქართველოში, არამედ ის ასევე დაექვემდებარა ავტორიტარებს საზღვარგარეთ, მათ შორის უკანასკნელი შეთანხმებით შავ ზღვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადაცემით, „მას შემდეგ, რაც არსებითად განდევნა ამერიკელი ინვესტორები ქვეყნიდან“. წერილში ნათქვამია, რომ „ასეთი ნაბიჯები აფერხებს ნებისმიერ პოტენციურ ინვესტიციას კეთილსინდისიერი აქტორებისგან და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგრადობას“.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას მეგობარი აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის მოპოვებაში, რომელიც ქართველ ხალხს შესთავაზებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების არსებით გაძლიერებას. მადლობელი ვართ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის გზით გააღრმავებს შეღავათიან ვაჭრობასა და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას. გარდა ამისა, მივესალმებით MEGOBARI აქტის მეშვეობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივას, რომელიც მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე. ჩვენ ასევე ვაღიარებთ და ღრმად ვაფასებთ სენატის წევრების მხრიდან დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვას ორპარტიულ საფუძველზე“, – ნათქვამია წერილში.

პარტიები იმედს გამოთქვამენ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად მიიღებენ კანონს. „მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მოქმედებას, კონკრეტული შედეგების დაწესებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, შეუძლია შეცვალოს ეს სახიფათო კურსი და დაანახოს ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისადმი მათ ერთგულებაში“, – ნათქვამია წერილში.

აღნიშნავენ რა, რომ საქართველო საპარლამენტო არჩევნების „კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება და რომ მოქალაქეები განიცდიან „უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას“ ამ პერიოდში, პარტიები აცხადებენ, რომ მიესალმებიან პარტნიორების მხარდაჭერას, მათ შორის, პირად ვიზიტებს, რომლებიც „მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის დაცვას“. „ჩვენ გვჯერა, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერაზე და იქნება ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე ვთხოვთ აშშ-ს კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას“, – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: მოქალაქეები, ევროოპტიმისტები, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის, თავისუფლება, გირჩი, ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის, რეფორმების ჯგუფი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და რესპუბლიკური პარტია. ასევე ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი: არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და შალვა შავგულიძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button