ახალი ამბები

მიხაილ გალუზინი: დასავლეთი საქართველოში მაიდნის სცენარის განხორციელებას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი „არ გამორიცხავს“, რომ დასავლეთი საქართველოში „ხელისუფლების შეცვლის მაიდნის სცენარის განხორციელებას“ ცდილობს.

ინტერვიუში, რომელიც გაჯერებული იყო აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ ბრალდებებით და რუსეთის მეზობლების მიმართ მათ პოლიტიკაზე თავდასხმებით, გალუზინმა დასავლეთი „ბევრ სუვერენულ სახელმწიფოზე“ ზეწოლაში დაადანაშაულა.

კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა რუსეთი იმის გამო, რომ „დასავლეთი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, იმ სცენარის მიხედვით, რომელიც უკვე განხორციელდა უკრაინაში“, გალუზინმა განაცხადა: „დასავლელებმა გადაწყვიტეს საქართველოს მიხედონ იქ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამ თემაზე გაცილებით მკაცრი ნორმები უკვე არსებობს ან განიხილება“.  

ამის შემდეგ გალუზინმა  დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ „ფარისევლური ბრალდებების“ წაყენებაში დაადანაშაულა და მათ შორის დაასახელა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუსაბამობა, ასევე ხაზი გაუსვა ბრიუსელისა და ვაშინგტონის მუქარას პერსონალური სანქციების დაწესების, საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის დაბლოკვის, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევისა და მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე.

მან ასევე გააკრიტიკა ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მაისის შუა რიცხვებში თბილისში ჩამოვიდნენ და „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებს მიმართეს. გალუზინმა მათ ქმედებებს „დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში აშკარა ჩარევა“ უწოდა და განაცხადა, რომ „ყველაფერი ეს ნეოკოლონიალური პრაქტიკის საზიზღარი მაგალითებია, როდესაც  საკუთარ ნებას ახვევენ იმ ქვეყნებს, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვასაც ცდილობენ“.

აღნიშნა რა, რომ რუსეთი დაინტერესებულია „საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებით“ და რომ „ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში“, გალუზინმა ისაუბრა დასავლეთის „მცდელობებზე, დაძაბონ სიტუაცია საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“. მან ასევე განაცხადა: „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი არის ხელისუფლების ცვლილების მაიდნის სცენარის განხორციელების მცდელობა, რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით“.

ვრცელ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა უკრაინაზე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და მოლდოვასთან ურთიერთობებზე, რა დროსაც ხაზი გაუსვა, რომ „კოლექტიური დასავლეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელებული ექსპანსია სხვა არაფერია, თუ არა მისი საუკუნოვანი კოლონიური პოლიტიკის გამოვლინება, რომლის მიზანიც რესურსების ამოღება, მოსახლეობის ექსპლუატაცია და რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოებაა“.

მან დაადანაშაულა ბრიუსელი და ვაშინგტონი, რომ „მოლდოვას აქტიურად ამზადებენ მეორე უკრაინის როლისთვის, თავიანთი აგრესიის კიდევ ერთ ინსტრუმენტად“. გალუზინმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს რეგიონიდან რუსეთის გამოდევნას და რომ ისტორია ადასტურებს, რომ „დასავლეთის ნებისმიერ დახმარებას არასოდეს მოუტანია სტაბილურობა და უსაფრთხოება მიმღები სახელმწიფოებისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button