ახალი ამბები

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების „ნორმალიზებას“ განაგრძობს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა 10 თებერვალს რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთი აპირებს კიდევ უფრო შეუწყოს ხელი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას“, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რომლის აღდგენაც „სამწუხაროდ…იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებიც რეგიონში არსებულ ახალ რეალობებს ეწინააღმდეგება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ორ ქვეყანას შორის „სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დადებით დინამიკას“ გაუსვა ხაზი. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის წყალობით, 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით გამოწვეული რთული პერიოდი ორ ქვეყანას შორის გადაილახა“.

გალუზინმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, ასევე პირდაპირი ფრენების განახლებას, რასაც, მისი თქმით, „ხელისუფლება და  საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიესალმა“. მან ასევე ისაუბრა რუსეთის წილზე საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში, რომელიც, მისი თქმით, ამ სექტორიდან საქართველოს შემოსავლის მეოთხედს შეადგენს.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრების ფორმატს, გალუზინმა აღნიშნა, რომ „ბოლო სრულფორმატიანი შეხვედრა 2021 წლის ნოემბერში გაიმართა. მას შემდეგ მხარეები დისტანციურ რეჟიმში ურთიერთობენ და ძირითადად ორ ქვეყანას შორის „ერთადერთი მოქმედი სახმელეთო არტერიის, საქართველოს სამხედრო გზის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხს“ განიხილავენ.

თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრისა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ გაწყვიტა. აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2012 წლის დეკემბერში  ამოქმედდა ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ეს ის საკითხებია, რომლებზეც თბილისიც და მოსკოვიც აცხადებენ, რომ შესაძლებელია პროგრესის მიღწევა. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება, სანამ მას ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button