კომუნიკაციების კომისია: შემოსავლებში სახელისუფლებო ტელეარხები ლიდერობენ
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში კომერციული სატელევიზიო რეკლამის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი სახელისუფლებო ტელეარხ „იმედს“ ჰქონდა. დარჩენილი ტელე და რადიოსადგურებიდან მხოლოდ „მთავარის“ შემოსავლები გაიზარდა მცირედით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, POSTV-ს შემოსავლები იგივე დარჩა, ხოლო ყველა დანარჩენმა ტელეარხმა ნაკლები შემოსავალი მიიღო.
კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 5.3 მილიონი შეადგინა. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარ არხის” შემოსავალი, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 0.1 მილიონით გაიზარდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.კიდევ ერთი სახელისუფლებო არხის POSTV-ს შემოსავალი არ შეცვლილა და კვლავ 1.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ყველა დანარჩენმა ტელეარხმა გასულ წელთან შედარებით საანგარიშო პერიოდში ნაკლები შემოსავლები მიიღეს. 0.3 მილიონი ლარით შემცირდა „რუსთავი 2”-ის შემოსავალი და 1.8 მილიონი შეადგინა. 0.8 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.3 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით შემცირდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სარეკლამო შემოსავალი და 0.7 მილიონი ლარი შეადგინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალი 0.4 მილიონით შემცირდა და 0.1 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა,
კომკომის ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 14 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 64.9% პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 18.4% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/02/2024 – კომუნიკაციების კომისია: სახელისუფლებო მედიის სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა
- 02/10/2023 – TI საქართველო: მაუწყებლების შემოსავლები შემცირდა, სარეკლამო ბაზარზე სახელისუფლებო მედია დომინირებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)