აშშ გმობს „უცხოელი აგენტების“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოო მიღებას

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოელი აგენტების“ შესახებ „ანტიდემოკრატიულ“ კანონზე, რომელიც „არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს“, და მის საბოლოო მიღებას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

მილერმა განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რომელიც უკვე კვირებია ამ კანონს ქუჩებში გამოსვლით აპროტესტებს“. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ უგულებელყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კანონის გაუქმების თაობაზე, ასევე საქართველოს პარტნიორების წუხილები, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შეზღუდავს. „მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირში წევრობას და ასევე, რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

გასულ კვირას სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ დაანონსებულ სავიზო შეზღუდვებსა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვის შესახებ საუბრისას, მილერმა განაცხადა: „ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისას“.

პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, „როცა ისინი დემოკრატიული და დასავალური მომავლისთვის მუშაობენ“ და სინანული გამოთქვა, რომ „საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს წინსვლისთვის დასავლეთის მიმართულებით, როგორც ეს ქართველ ხალხს სურს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version