სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას პილოტი ემსხვერპლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა სუ-25-მა ქალაქ ბოლნისში მდებარე სამხედრო აეროპორტის მახლობლად კატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

საქართველოს შეიარაღებაში არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავების საერთო რაოდენობა უცნობია. 2024 წლის 26 მაისს გამართულ სამხედრო აღლუმში რვა სუ-25-მა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს საჰაერო ძალების სარდლობამ თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული მოდერნიზებისა და განახლების დაწყების შესახებ განცხადება 2020 წელს გააკეთა. მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ დასრულებულია 4 ერთეული სუ-25-ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება.

თავდაცვის სამინისტრომ არ დააკონკრეტა იყო თუ არა ჩამოვარდნილი თვითმფრინავი განახლებული თვითმფრინავების პარტიიდან, თუ ყველა თვითმფრინავს მოხსნიან შეიარაღებიდან გამოძიების მიმდინარეობისას.

3 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს და რომ  საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად.

შენიშვნა: მასალა განახლდა 3 ივლისს 12:15 საათზე და თავდაცვის სამინისტროს განცხადება დაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version