ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა „აგენტების“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 26 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დაუყონებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს, რომ „თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის მომავალში, ისინი უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების ერთგული რჩება. „ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ გაგებით, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და ასახა კონსტიტუციაში. თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატოში გაწევრიანებისთვის“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში. თუ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება და კანონი ძალაში შევა, „ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიაგარემოს“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონის ხელახალი ინიცირებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება, საპროტესტო აქციებს „მიუღებელი ძალადობით“ უპასუხა და არჩია, უგულებელყო უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები“, რის გამოც ახლა საქართველო გზაგასაყარზე დგას.  

„თუ მთავრობასა და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის, ისინი უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უნდა გაუქმდეს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ დემოკრატიული საქართველო სურს – ევროკავშირსა და ნატოში. მათ ეს კანონპროექტი გაბედულად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათი და მათი მისწრაფებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button