skip to content
ახალი ამბები

მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და Freedom House-ი აშშ-ს და ევროპას „ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახების სანქცირებისკენ მოუწოდებენ

22 მაისს, მაკკეინის ინსტიტუტმა, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტმა და Freedom House-მა მკაცრი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებენ „დაუყოვნებლივ დაუწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელნი“. ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დადგეს მათი ხელისუფლების „ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ მსგავსი  რუსული კანონის ანარეკლია და „დრაკონული“ კანონმდებლობაა, რომელიც „ახშობს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას“ და ხელისუფლების ოპონენტებს ზედმეტად მძიმე რეგულაციებს უწესებს, ხოლო იმ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც ვერ შეასრულებენ მათ, უზომო ჯარიმებს აკისრებს.

ორგანიზაციები ასევე გამოეხმაურნენ საქართველოში მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს „ძალაუფლების ავტორიტარული ხელყოფის“ წინააღმდეგ და ხელისუფლებას „ძალადობრივ დარბევაში“ ადანაშაულებენ. „საქართველოს ხალხი აღიარებს, რომ ეს კანონპროექტი უშუალო საფრთხეს უქმნის მათ უფლებებსა და თავისუფლებებს და ცხადყოფს, რომ საქართველოს მომავალი ევროპასა და დემოკრატიაზე გადის, არა რუსეთსა და რეპრესიებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ‘ჩვენ ყველანი ქართველები ვართ’. დღეს ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ დგომას საქართველოს ხალხისა და თავისუფალი, დემოკრატიული მომავლის თაობაზე მათი მოთხოვნების გვერდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button