ჯანმრთელობა

ფარული საფრთხე: ანტიმიკრობული რეზისტენტობის საშიშროებები

თანამედროვე სამყაროში, მაშინ, როდესაც მრავალი სამედიცინო გამოწვევა მართვადი და აღმოფხვრადი ხდება, ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემა მაინც რჩება კაცობრიობისათვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ. ამ პრობლემის სირთულე სწორედ თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მეგობრების ინფორმირების ნაკლებობითაა გამოწვეული. იმისთვის რომ უფრო კარგად გაიგოთ, რაზე არის საუბარი, მოდით, განვიხილოთ 34 წლის მარიამის მაგალითი.


ლალი ბეგაძე, ანა ფურცხვანიძე, დაჩი დუდუჩავა, თათია შარაბიძე – საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრები


მარიამი სკოლის მასწავლებელია. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არასდროს ჰქონია, და მაშინაც, როცა საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები გამოუვლინდა, არ შეშინებია, რადგანაც მარიამმა იცოდა მისთვის ნაცნობი და უკვე ბევრჯერ გამოცდილი გამოსავალი – ანტიბიოტიკი. თუმცა ამჯერად მკურნალობას ისეთი წარმატებით არ ჩაუვლია, როგორც ის ელოდა…

რა არის ანტიბიოტიკი და როდის ვიყენებთ მას ?

მანამ, სანამ მარიამის ისტორიას გავაგრძელებდეთ, განვიხილოთ რა არის ანტიბიოტიკი და როდის უნდა გამოვიყენოთ ის. ანტიბიოტიკები არიან მედიკამენტები, რომლებიც ებრძვიან ბაქტერიულ ინფექციებს. არსებობს ანტიბიოტიკების განსხვავებული ჯგუფები, რომლებიც განსხვავებული გზებით ანადგურებენ ბაქტერიებს. აუცილებელია, რომ :

  • ანტიბიოტიკი პაციენტმა მიიღოს ექიმის დანიშნულების მიხედვით და არა თვითნებურად.
  •  ჩატარდეს მკურნალობის სრული კურსი, იმის მიუხედავად, უკეთ ვიგრძნობთ თუ არა თავს კურსის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე.

ეს არის ორი მთავარი ფაქტორი , რომელთა მასიურმა გაუთვალისწინებლობამაც მიგვყვანა ანტიმიკრობიული რეზისტენტობის პრობლემამდე.

ბაქტერიული ინფექციების სტატისტიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)-ს სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ავადდება ბაქტერიული ინფექციებით. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები და, ზოგ შემთხვევებში, სიკვდილიც კი. ყოველ წელს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობას უკავშირდება დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის სიკვდილის შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის ჯანმრთლობის ეროვნული ინსტიტუტების ინფორმაციის თანახმად, ანტიმიკრობული რეზისტენტობა ჯანმრთელობის 10 მთავარ გლობალურ საფრთხეს შორის ერთ-ერთია. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს ანტიბაქტერიული რეზისტენტობის შესახებ ცნობადობის ამაღლების საჭიროებაზე.

რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა?

წარმოვიდგინოთ ანტიბიოტიკები ჯარისკაცებად, რომელთა მიზანიც მტრის, ანუ ბაქტერიების მოგერიება და დამარცხებაა. მოწინააღმდეგეთაგან რომელიმემ შესაძლოა შეცვალოს საკუთარი დაცვის ტაქტიკა, შეისწავლოს ჩვენი ჯარისკაცების შეტევის შინაარსი და თავად მოიგერიოს თავდასხმა, ანუ გახდეს რეზისტენტული / გამძლე. ასე იქცევიან ბაქტერიები, როდესაც ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე პასუხად ივითარებენ გენეტიკური ინფორმაციის, ე.ი. რნმ-ის ან დნმ-ის მუტაციას. ხოლო მუტირებული, ანუ სახეცვლილი ბაქტერია არსებული ანტიბიოტიკის მიმართ უცნობ მოწინააღმდეგედ ყალიბდება, რომელთან გამკლავება რთულია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის მუტაციები შესაძლოა სპონტანურად მოხდეს, ასევე არსებობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ჩამოყალიბების სხვა, ანტიბიოტიკებისგან დამოუკიდებელი მექანიზმები, თუმცა, ჩვენი ყურადღების არეალში, მოცემულ სტატიაში, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას ვაქცევთ.

რა მოხდება, თუ ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული ვარ?

მოდით, მარიამს დავუბრუნდეთ. იმის მიუხედავად, რომ მან საშარდე გზების ინფექციისთვის ანტიბიოტიკი მიიღო, მისი სიმპტომები არ შემსუბუქებულა. შემდგომ ტესტებში გაირკვა სამწუხარო რეალობა – ის არაერთი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულ შტამს ებრძოდა. ასეთი შემთხვევის შემდეგ ჩნდება ყურადსაღები კითხვა, რა მოხდებოდა, თუ მისი ინფექცია ყველა ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული აღმოჩნდებოდა? ვინაიდან ყველა ანტიბიოტიკი უძლური აღმოჩნდებოდა ბაქტერიის მიმართ, მარიამი მხოლოდ საკუთარი იმუნიტეტის იმედად იქნებოდა დარჩენილი, რაც, ზოგჯერ, არასაკმარისია ბაქტერიულ ინფექციებთან გასამკლავებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ბაქტერია უკვე არის რეზისტენტული არაერთი ანტიბიოტიკის მიმართ. მათ მულტირეზისტენტული შტამები ეწოდებათ.

ასეთ რეალობაში, რუტინული სამედიცინო პროცედურები, ქირურგიული ჩარევები თუ სიმსივნეთა მკურნალობა ძალზედ სახიფათო გახდება, ვინაიდან ჩამოთვლილთაგან თითოეული შეიცავს ინფექციური გართულებების მაღალ რისკს. უმნიშვნელო ინფექციაც კი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში გადაიზარდოს, ისე, რომ მკურნალობის ვარიანტებიც აღარ დაგიტოვოს. ექსტპერტების ვარაუდით, შეიძლება დადგეს პერიოდი,  როდესაც გავრცელებული უმნიშვნელო ბაქტერიული ინფექციებიც კი დაუძლეველი გამოწვევა ხდება. მათ ამ მოვლენას “ანტიბიოტიკების შემდგომი ეპოქა” უწოდეს.

რა როლს თამაშობენ ადამიანები ანტიბიოტიკორეზისტენტობაში?

ადამიანებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემის გაღრმავებაში. ანტიბიოტიკორეზისტენტობა ჩნდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები ვითარდებიან და ადაპტირდებიან, რომ გაუძლონ ანტიბიოტიკების ზემოქმედებას, რაც ამ მედიკამენტებს ნაკლებად ეფექტურს ან სრულიად უვარგისს ხდის. აქ მოცემულია ძირითადი გზები, რომლითაც ადამიანები ხელს ვუწყობთ ანტიბიოტიკორეზისტენტობის ჩამოყალიბებას:

1. ანტიბიოტიკების გადაჭარბებული და არასწორი გამოყენება:

  •  ანტიბიოტიკების ჭარბი რაოდენობით დანიშვნა პაციენტისთვის: მედმუშაკებმა შეიძლება დანიშნონ ანტიბიოტიკები ჭარბად ან შეუსაბამო პირობებში, როდესაც პაციენტი არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. რაც ხელს უწყობს ე.წ. შერჩევით ზეწოლას და რეზისტენტობის ჩამოყალიბებას. შერჩევითი ზეწოლა ეწოდება მოვლენას, როდესაც ინფექციის მიმდინარეობისას ანტიბიოტიკები უმკლავდებიან მათ მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებს და ტოვებენ მხოლოდ სახეცვლილ, რეზისტენტულ ბაქტერიებს, რომელთაც „უკონკურენტო“ პირობებში ადვილად შეუძლიათ გამრავლება.
  •  თვითმკურნალობა: ინდივიდები დამოუკიდებლად იყენებენ ანტიბიოტიკებს შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების გარეშე, რაც არასაჭიროდ ზრდის ბაქტერიების მიერ ანტიბიოტიკების „შესწავლის“ რისკს და აღრმავებს რეზისტენტობის განვითარების საფრთხეს.

2. არასრული მკურნალობის კურსები:

პაციენტებმა შეიძლება არ დაასრულონ ანტიბიოტიკების სრული დანიშნული კურსი, შეწყვიტონ მკურნალობა, როგორც კი თავს უკეთ იგრძნობენ. ეს საშუალებას აძლევს გადარჩენილ, ანუ მეტად რეზისტენტულ ბაქტერიებს გადარჩნენ და გამრავლდნენ.

3. სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა:

 რუტინული გამოყენება მეცხოველეობაში: ანტიბიოტიკები ხშირად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, პირუტყვში ინფექციათა გავრცელების პრევენციის მიზნით. ცხოველებში ანტიბიოტიკების ფართო გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული შტამების განვითარებას, რომლებიც შეიძლება გადაეცეს ადამიანებს კვებითი ჯაჭვის მეშვეობით – თერმულად დაუმუშავებელ საკვებში შესაძლოა გადარჩენილი იყოს რეზისტენტული ბაქტერია, რომელმაც შესაძლოა ადამიანში რეზისტენტული ინფექცია გამოიწვიოს.

4. რეზისტენტული ბაქტერიების გლობალური გავრცელება:

მოგზაურობა და ვაჭრობა: რეზისტენტული ბაქტერიები შეიძლება გავრცელდეს გლობალურად მოგზაურობისა და ვაჭრობის გზით. რეზისტენტული შტამების მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ შეიტანონ ისინი ახალ რეგიონებში, რაც გაზრდის ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელებას.

5. ანტიბიოტიკების მართვის ნაკლებობა:

არაადეკვატური პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში: ანტიბიოტიკების მიმართ პაციენტის დამყოლობის და კურსის სრულად ჩატარების არასათანადო მეთვალყურეობამ ჯანდაცვის დაწესებულებებში, ასევე ანტიბიოტიკების არასათანადო გამოწერის პრაქტიკამ და მონიტორინგის ნაკლებობამ, შეიძლება გამოიწვიოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გაღრმავება.

6. ახალი ანტიბიოტიკების შემუშავების ნელი ტემპი:

ნელი კვლევა და განვითარება: ფარმაცევტული ინდუსტრია გამოწვევების წინაშე დგას ახალი ანტიბიოტიკების შემუშავებაში. ეს ნელი ტემპი ზღუდავს ეფექტური ანტიბიოტიკების არსენალს, რაც იწვევს არსებულ ანტიბიოტიკებზე დამოკიდებულების გაზრდას და დამატებით რეზისტენტობას.

7. არაადეკვატური ჰიგიენა და ინფექციის კონტროლი:

არაადეკვატური ჰიგიენური ნორმები და ინფექციის კონტროლი, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კლინიკურ პრაქტიკაში შეიძლება გახდეს ინფექციების გავრცელების მიზეზი, რაც იწვევს ანტიბიოტიკების მოხმარების გაზრდას. გაუმჯობესებულმა ჰიგიენამ და ინფექციის კონტროლმა შეიძლება შეამციროს ანტიბიოტიკების საჭიროება.

ანტიმიკრობული შტამები საქართველოში

საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის საფრთხე იზოლირებული არ არის. ქვეყანა აწყდება სხვადასხვა გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების არასათანადო გამოყენებასთან, ინფექციის კონტროლის და ჰიგიენური ნორმების არასაკმარის დაცვასთან და გარკვეულ რეგიონებში ხარისხიანი ჯანდაცვის შეზღუდულ ხელმისწავდომობასთან. გავრცელებული ანტიმიკრობული შტამებისგან, საქართველოში აღმოჩენილია E.coli-ის, Staphylococcus aureus-ის და Klebsiella pneumonia-ს შტამები. აღნიშნული შტამების არსებობა ართულებს სხვადასხვა ნაწლავურ, კანის, თუ სასუნთქი სისტემის ინფექციების მართვას. ამ შტამების გავრცელების მონიტორინგი და კონტროლი რეგიონში საკვანძო მნიშვნელობისაა. აღსანიშნია, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, მზარდ გამოწვევას წარმოადგენს ტუბერკულოზის ჩხირის რეზისტენტობის ზრდა. ტუბერკულოზის ზოგიერთი შტამი მულტირეზისტენტული, ანუ არაერთი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული გახდა. ასეთი შტამებით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ვინაიდან რეზისტენტული და მულტირეზისტენტული შტამები ისეთივე წარმატებით ვრცელდება ადამიანებს შორის, როგორც ანტიბიოტიკის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიის შტამი.

რეკომენდაციები

ანტიმიკრობული რეზისტენტობის ფართო მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომლების განხორციელებაც შეგვიძლია ამ კრიზისის შესაჩერებლად.

განათლება და საზოგადოების ცნობიერების გაზრდა – საზოგადოების ინფორმირება ანტიბიოტიკების პასუსიხსმგებლობით გამოყენების შესახებ. თითოეულმა ინდივიდმა უნდა იცოდეს ანტიბიოტიკების დანიშნული კურსის მთლიანად შესრულების მნიშვნელობაზე. ასევე, მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოსახლეობას,თუ რატომ არ შეიძლება თვითმკუნრალობა, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებით.

გაძლიერებული მეთვალყურეობა – აუცილებელია ძლიერი მონიტორინგის სისტემის დანერგვა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის თავისებურებებისა და კანონზომიერებების აღოსაჩენად. ეს ინფორმაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ეფექტური მკურნალობის სტრატეგიების ჩამოსაყალიბელად და საშუალებას გვაძლევს დროულად შევძლოთ საფრთხის იდენტიფიცირება.

ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენება სოფლის მეურნეობაში – არეგულირებს და აკონტროლებს ანტიბიოტიკების გამოყენებას ამ სფეროში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რეზისტენტული შტამების კვებით ჯაჭვში გავრცელების რისკი. ამ ნაწილში საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა სასოფლო სამეურნეო სისტემაში ფინანსური სადაზღვევო მექანიზმების მეშვეობით, რათა ფერმერმა პირუტყვის განადგურების შიშით, მუდმივად არ გამოიყენოს ანტიბიოტიკები პრევენციულად.

კვლევა და განვითარება – ინვესტიცია კვლევასა და განვითარებაში ახალი ანტიბიოტიკების და ალტერნატიული მკურნალობის აღმოსაჩენად. ინოვაციების წახალისება ფარმაცევტულ ინდუსტრიაში საშუალებას მოგვემს წინ გავუსწროთ განვითარებად რეზისტენტულ შტამებს.

გლობალური თანამშრომლობა – საერთაშორისო თანამშრომლობა, ცოდნის, რესურსებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამ უხილავი მტრის დამარცხებაში.

მარიამის ისტორია ნათელს ჰფენს ანტიმიკრობული რეზისტენტობის საფრთხის კომპლექსურობას. ზემოთ ნახსენები რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ყველასათვის ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა.

Back to top button