„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიას „აგენტების“ კანონზე „დაუსაბუთებელი“ მოსაზრების გამო აკრიტიკებს
21 მაისს, მას შემდეგ რაც ვენეციის კომისიამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც „ქართულ ოცნებას“ მის გაუქმებას „მტკიცედ ურჩევს“, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომისიის მოსაზრებას „დაუსაბუთებელი“, „არასწორი“ და „პარადოქსულიც“ კი უწოდა.
„ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა ქურასბედიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება „ქართული ოცნების“ დადანაშაულების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო.
„ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას“, – განაცხადა ქურასბედიანმა და დასძინა, რომ ეს „კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს“.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრების პირველ პარაგრაფს, სადაც ნათქვამია, რომ კანონში დამატებითი ცვლილებები მისი მესამე მოსმენით მიღებისთანავე არ გამოქვეყნებულა, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია. ვენეციის კომისია გულისხმობდა ფიზიკურ პირთა დაჯარიმების თაობაზე კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც კანონში მისი საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ გამოჩნდა. ქურასბედიანი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ცვლილებები ფარულად არ იქნა მიღებული, არამედ მათი განხილვა ღიად შედგა.
ქურასბედიანმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია არასწორად ამბობდა, რომ კანონპროექტის განხილვის დრო შეზღუდული იყო და აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვაში „რადიკალურმა ოპოზიციამ“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა.
მან ასევე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება „გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა მაშინ, როცა ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი“.
„წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა. კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის“, – განაცხადა ქურასბედიანმა.
მან მოსაზრების მიმართ „ქართული ოცნების“ კრიტიკის რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება:
პირველი, ყველა ის ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, „ვერ უზრუნველყოფს NGO სექტორის საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას“. „შესაბამისად, კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ქურასბედიანმა.
მეორე, ქურასბედიანმა მოსაზრების 38-ე პარაგრაფში მოცემული შედარება გააკრიტიკა, რომ ქართული კანონი ძალიან ჰგავს რუსეთის, უნგრეთის და ყირგიზეთის კანონებს, და განაცხადა, რომ „ასეთი მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდილობს ქართული კანონის სტიგმატიზებას“.
მესამე, 31-ე , 62-ე , 83-ე და 99-ე პარაგრაფებთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ვენეციის კომისიამ, „ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოვთხოვოთ“.
„ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც უკვე აღვნიშნე გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ , პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას“, – განაცხადა ქურასბედიანმა.
„საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)