ახალი ამბები

აკადემიური საზოგადოება ევროკავშირის ლიდერებს „აგენტების“ კანონზე  ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ტრანსევროპული პოლიტიკის კვლევების ასოციაციის (TEPSA) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ღია წერილში, ევროპის აკადემიური საზოგადოების 120-ზე მეტი წარმომადგენელი მოუწოდებს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს, რომ კონკრეტული ზომები მიიღონ „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით, სანამ „ძალიან გვიან არ არის“. კერძოდ, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, თბილისში ჩავიდნენ და საკუთარი მხარდაჭერა დაადასტურონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებენ; ასევე მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია იქნება ორგანიზებული; შეაჩერონ საქართველოსთვის ყველანაირი პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა და მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების დაფინანსება და სანაცვლოდ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სხვა გზები ეძებონ; საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციები და სამოგზაურო აკრძალვები შემოიღონ.

აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებით, ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „აღკვეთოს მმართველი პარტიის მიერ ბელარუსის სტილის რეჟიმის დამყარება, რომელიც რუსეთს სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს“.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის „პარანოიდულ“ ანტიდასავლურ გამოსვლაზე საუბრისას, წერილის ავტორები მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობას აღნიშნავენ და აცხადებენ, რომ „მმართველი პარტიის ზონდერები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების სიებს ადგენენ, პერსონალურად ემუქრებიან მათ და საკუთარი სახლების წინ ცემენ“. მათი თქმით, ეს დიქტატურის მშენებლობისთვის ცნობილი ნაბიჯებია.

აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის თხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ კანდიდატის სტატუსით მიღებული ისტორიული შანსი გამოიყენოს, ამაოა, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის „დემოკრატიული ევროპული მომავალი პრიორიტეტს არ წარმოადგენს“. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მმართველი პარტია ღიად აპირებს ხელისუფლებაში „სამუდამოდ“ დარჩენას და შეეცდება გააყალბოს საპარლამენტო არჩევნები და იმდენი ძალადობა გამოიყენოს, რამდენიც საჭირო იქნება. მათ მიაჩნიათ, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონი უფრო დიდი პრობლემის ნაწილია.

წერილის ავტორები დადებითად უყურებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის მოწოდებებს კანონის გაუქმების შესახებ და ხაზს უსვამენ, რომ კანონის ნებისმიერი ცვლილება იქნება „ფუჭი, გულუბრყვილო და ზედმეტად ტექნოკრატიული“. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა სრულად უნდა გაიაზრონ პრობლემა, ანუ „ქართული ოცნების“ ზრახვები, „მხედველობაში მიიღონ 2020 წელს ბელარუსის გაყალბებული არჩევნების მაგალითი და განახორციელონ შესაბამისი პოლიტიკური ქმედება, რათა თავიდან აიცილონ საქართველოში ნაწინასწარმეტყველები კატასტროფა“.

აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობას. მათი თქმით, „კომისიამ უნდა გააცნობიეროს, რომ გაფართოების კონტექსტში, მას აქვს პასუხისმგებლობა, დაეხმაროს კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებას, რათა გაფართოების პროცესი არ გახდეს თანამშრომლობაზე უარის მთქმელი მთავრობებისა და კერძო ინტერესების მძევალი“.

რეკომენდაციები:

  • ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტარების ვიზიტების კვალდაკვალ, ევროპული საბჭოს წევრები და/ან უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი თბილისს მაისში უნდა ეწვიონ და მკაფიოდ დადგნენ მომიტინგეების გვერდით, ასევე დაადასტურონ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში დაფიქსირებული პოზიცია.
  • ცალსახა გზავნილი უნდა გაიგზავნოს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებული იქნება ფართომასშტაბიანი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია, რათა დაიწყოს საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა და მისი ევროპულ გზაზე დაბრუნება.
  • ევროკომისიამ უნდა შეაჩეროს საქართველოსთვის ყველა პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა და მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების დაფინანსება, სანამ „უცხოური გავლენის“ კანონი არ გაუქმდება და ოქტომბერში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. პარალელურად, ევროკავშირმა უნდა გამონახოს სხვა გზები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად.
  • უმაღლესმა წარმომადგენელმა და კომისიამ უნდა გაითვალისწინონ ევროპარლამენტის არაერთი თხოვნა და „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ მიზანმიმართული ფინანსური სანქციების დაკისრებისა და მოგზაურობაზე აკრძალვის ინიაციტივით გამოვიდნენ იმ შემთხვევაში არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ და არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები.

„მოგიწოდებთ, ახლავე განახორციელოთ კონკრეტული პოლიტიკური ქმედებები, დაუდგეთ საქართველოს გვერდით, სანამ გვიან არ არის“, – წერია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button