სებ-ი უარყოფს სანქცირებული Unistream-ის მეშვეობით რუსეთიდან ფულადი გზავნილების განახლებას
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სები) უარყო ინფორმაცია სანქცირებული რუსული გადახდის სისტემის Unistream-ის მეშვეობით რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვის შესაძლებლობის განახლების შესახებ, ნათქვამია სებ-ის მიერ „სამოქალაქო საქართველოსთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მანამდე რუსული ონლაინ მედიასაშუალება Vestikavkaza, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ Unistream-მა განაახლა ოპერირება საქართველოში, რაც ამ რუსული საგადახდო სისტემით რუსეთიდან საქართველოში ფულის გადარიცხვის შესაძლებლობას იძლევა.
„გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორცილება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream – ის სწრაფი გადახდის სერვისს“, – განმარტა სებ-მა.
სებ-ი იხსენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Unistream-ი გასული წლის ივლისიდან სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება. „საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა“, – აღნიშნავს სებ-ი და დასძენს, რომ „ეროვნული ბანკი როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)