skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში პროევროპული ფრონტის „გარანტი“ იქნება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების „პროევროპულ ფრონტს“ უხელმძღვანელებს. მან განმარტა, რომ არ აპირებს კენჭისყრას, თუმცა ამ პროდასავლური და პროევროპული ფრონტის „გარანტი“ იქნება.

პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმე პარტიის განცხადებები, რომ მათ „ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმის“ შექმნა სურთ.

CNN-თან საუბრისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე კანონი, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც მან „რუსული კანონი“ უწოდა, ასევე სხვა კანონპროექტები, რომლებიც ოფშორიდან აქტივების გადმოტანას და საპენსიო ფონდის მმართველი პარტიის კონტროლქვეშ მოქცევას უკავშირდება, „საქართველოს ევროკავშირის გზიდან აშორებს“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან იცის, რომ მისი ვეტო ამ პროექტებზე სიმბოლური იქნება, რადგან მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა აქვს, თუმცა დასძინა, რომ „საზოგადოების მობილიზება და პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია უნდა გამოვიყენოთ, რომ წავიდეთ და მოვიგოთ არჩევნები, რადგანაც ეს ევროპული გზაა. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ევროპა უნდა, იქ იქნება არჩევნების დღეს“.

დაგმო რა „რუსული გზა“, რომლითაც ხელისუფლება პროტესტის დათრგუნვას ცდილობს, „ძალადობითა და დაშინების გზით“, პრეზიდენტმა შეაქო „მომწიფებული“ სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციების სათავეში ჩადგომისთვის, ხოლო ახალგაზრდები –  პატრიოტული, მშვიდობიანი და მოწესრიგებული ქცევისთვის.

ზურაბიშვილმა აღიარა, რომ რუსეთი უკმაყოფილოა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაწევრიანება ახლოსაა, თუმცა დასძინა, რომ „ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს მოსწონს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button