ახალი ამბები

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ვენეციის კომისიის მოსაზრების გარეშე „აგენტების“ კანონის მიღებით

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა 15 მაისს განცხადება გამოაქვეყნა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის შესახებ, რომელშიც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა ის საბოლოო მოსმენით ისე მიიღო, რომ არც დაელოდა ვენეციის კომისიის მოსაზრებას და არ გაითვალისწინა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება ევროკავშირის სტანდარტებთან კანონის შეუთავსებლობის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება „ვენეციის კომისიის მოსაზრების დალოდების გარეშე ძალიან გულდასაწყვეტია და არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება კანონპროექტის ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუთავსებლობასთან დაკავშირებით უგულებელყოფილია“, – ნათქვამია განცხადებაში. „ნამდვილი საპარლამენტო განხილვების არარსებობა არ შეესაბამება ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია აპირებს გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით და რომ „მისმა სამართლებრივმა რეკომენდაციებმა უნდა შექმნას საფუძველი მნიშვნელოვანი დიალოგისთვის და უზრუნველყოს წინსვლის გზა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად“.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ის „ღრმად შეწუხებულია“ ბოლოდროინდელი ინფორმაციით, რომელიც დაშინების კამპანიებს, ფიზიკურ თავდასხმებს, ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, უკანონო დაკავებებსა და პერსონალური მონაცემების უკანონო გავრცელებას, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სტიგმატიზაციას ეხება. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყონებლივ გადადგას ნაბიჯები მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც „შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან“. ბურიჩი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, სათანადოდ და ეფექტურად გამოიძიოს უფლებების სავარაუდო დარღვევის ყველა დაფიქსირებული შემთხვევა.

„ევროპის საბჭო მზადაა დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაში, რითაც განამტკიცებს მის დემოკრატიულ განვითარებას და შემდგომ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button